Baby Bag

30 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის

30 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის
ყველამ ვიცით, რომ გარკვეული მავნე ჩვევები და აქტივობები სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. მოწევა, ალკოჰოლის რეგულარული მიღება და კვების მოუწესრიგებელი რეჟიმი ჩვენს ჯანმრთელობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. ჩვენს სტატიაში იმ ყოველდღიურ აქტივობებზე გესაუბრებით, რომლებიც სიმსივნის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად გვევლინებიან. თანამედროვე სამყაროში გულის დაავადებების შემდეგ სიმსივნე სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

საბედნიეროდ, მავნე ჩვევებსა და აქტივობებზე უარის თქმით სიმსივნის პრევენცია სავსებით შესაძლებელია. ყურადღებით გაეცანით სტატიას და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს მაქსიმალურად ერიდოთ.
1. მზეზე გარუჯვა
ზაფხულში მზის გულზე წოლა და მშვენიერი რუჯის მიღება ქალბატონების ერთ-ერთ საყვარელ აქტივობას წარმოადგენს. მართალია, გარეგნობაზე ზრუნვაში ცუდი არაფერია, მაგრამ მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება კანის კიბოს გამომწევევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გვევლინება. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კანის ფერის ცვლილებას, სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და კანის უჯრედების დაზიანებას უწყობს ხელს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება პიკს აღწევს, მზის გულზე წოლას უნდა ერიდოთ. გარუჯვისას მზის დამცავი კრემი უნდა გამოიყენოთ (SPF 30-ზე მეტი). თუ შუადღის საათებში მზეზე გიწევთ გასვლა შესაბამისი ტანისამოსი უნდა ატაროთ, რათა კანი დასხივებისგან დაიცვათ.
2. სოლარიუმში გარუჯვა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან განსხვავებით, სოლარიუმი კანის უჯრედებისთვის ნაკლებად სახიფათოა, რაც სიცრუეა. პირიქით, სპეციალური გასარუჯი მოწყობილობები ხშირად მზის ულტრაიისფერ სხივებზე მეტად საზიანოა. გარუჯვის ერთი პროცედურა მელანომის განვითარების რისკს 20%-ით ზრდის. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის ანგარიშით, ყოველწლიურად კანის სიმსივნის 400000-მდე შემთხვევა სწორედ სოლარიუმში გარუჯვით არის გამოწვეული. რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ მელანომის, სკვამოზური უჯრედის სიმსივნისა და კარცინომის თავიდან არიდება შეძლოთ?! პასუხი ცხადი და მარტივია: არ გაირუჯოთ სოლარიუმში! თუ გარუჯული კანი მოგწონთ, რუჯის ეფექტის მისაღებად სპეციალური ლოსიონი ან კრემი გამოიყენეთ. ისინი სიმსივნის გავნითარების საფრთხის თავიდან აცილებაში დაგეხმარებიან.
3. ხშირი ფრენა
ადამიანები, რომლებიც ბევრს დაფრინავენ, პილოტებად მუშაობენ ან ბიზნეს საქმიანობის გამო საჰაერო გზებით ხშირად გადაადგილდებიან, სიმსივნის განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ქალბატონებს, რომლებიც ხშირად დაფრინავენ, მკერდის კიბოს განვითარების 50%-ით მაღალი რისკი აქვთ იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც გადაადგილებისთვის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ. ხშირი ფრენა კანის სიმსივნის განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, ის ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, ყელისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკებსაც ზრდის. თუ თქვენ იშვიათად დაფრინავთ, იონიზირებადი გამოსხივების მინიმალური მაჩვენებლის გამო სიმსივნის განვითარების საფრთხე ნაკლებად გემუქრებათ.
4. მოწევა
სიგარეტი 4800-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. მოწევისას თქვენ თითოეულ მათგანს ისუნთქავთ. მოწევა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 10 წლით ამცირებს. ის გულის დაავადებების განვითარებას და ფილტვის დაზიანებას უწყობს ხელს. თუ თქვენ მოწევას თავს 40 წლამდე დაანებებთ, თქვენს ჯანმრთელობას უზარმაზარ სარგებელს მოუტანთ, რადგან გულის დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების რისკებს 90%-ით შეამცირებთ. მოწევისთვის თავის დანებებიდან 3 თვეში იგრძნობთ, რომ თქვენი ფილტვები უკეთ ფუნქციონირებს, ხოლო 5 წელიწადში ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც საყლაპავი მილის, ფილტვის, კუჭის და ყელის კიბოს განვითარების რისკებს შეამცირებს.
5. ალკოჰოლის რეგულარული მიღება
ალკოჰოლი თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, თუ მას ნორმალური დოზით მიიღებთ. დღის განმავლობაში 1 ჭიქა ღვინის დალევა თქვენს ორგანიზმს არ აზიანებს, თუმცა ალკოჰოლის რეგულარული მიღება სიმსივნის განვითარების რისკებს აორმაგებს. თუ თქვენ სასმელს ყოველდღიურად ეტანებით, ღვიძლის, საყლაპავისა და მკერდის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ხართ. თუ ალკოჰოლზე უარის თქმას შეძლებთ, წონაში სწრაფად დაიკლებთ, სისხლში ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებთ და სიმსივნის განვითარების რისკებსაც შეამცირებთ.
6. პასიური მწეველობა
შესაძლოა, თავად მწეველი არ ხართ, მაგრამ პასიური მწეველი სიმსივნის განვითარების ისეთივე მაღალი რისკის ქვეშაა, როგორც მწეველი. მართალია, საჯარო თავშეყრის ადგილებში მოწევა იკრძალება, მაგრამ მეგობრებთან შეხვედრისას ან სახლში ყოფნისას პასიური მწეველები სიგარეტის ბოლისგან თავის დაცვას ნაკლებად ახერხებენ. ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი წესის მიმდევრები არიან და არ ეწევიან, ისეთ ადგილებზე მისვლას უნდა მოერიდონ, სადაც მოწევა ნებადართულია. ოჯახის წევრებს კი, რომლებიც რეგულარულად ეწევიან, სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ სიგარეტის ბოლის მავნე ზემოქმედების შესახებ.
7. ჭარბწონიანობა
ადამიანების უმეტესობა სიმსივნეს და ჭარბ წონას ერთმანეთთან საერთოდ არ აკავშირებს, თუმცა ყველამ იცის, რომ წონის უკონტროლო მატება დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა 8% ჭარბწონიანია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მძიმე წონა სიმსივნის განვითარების რისკებს ზრდის. წონის კონტროლი და ჯანსაღი კვება აღნიშნულ საფრთხეს აგარიდებთ და თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასაც გამოასწორებს. ჭარბი წონა ღვიძლის, პანკრეასის, თირკმლისა და მკერდის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. ის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ რეაქციებს ცვლის, ჰორმონალურ დისბალანსს ასტიმულირებს და ანთებითი კერების გაჩენას უზრუნველყოფს.
8. სალონში ფრჩხილების გაკეთება
​ფრჩხილებზე ზრუნვა ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი ჰობია. თუმცა ფრჩხილის ლაქების დიდი ნაწილი სიმსივნის გამომწვევ ნაერთებს შეიცავს. ტრიფენილ ფოსფატი, ტოლუოლი და დიბუთილ ფტალატი ის ქიმიური ნაერთებია, რომლებიც სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. სალონში მომუშავე ადამიანები, რომლებიც მანიკიურს აკეთებენ, სიმსივნის განვითარების მაღალი რისკის წინაშე არიან. მათ ხშირად უსვამენ მრავლობითი მიელომას დიაგნოზს. თუ სალონში მუშაობის დაწყებას გეგმავთ, მუშაობის პროცესში აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და თავსაბურავები. აუცილებელია, რომ სილამაზის სალონში ვინტილაცია სათანადოდ მოწესრიგებული იყოს.
9. ონკანის წყლის დალევა
ონკანის გაუფილტრავი წყალი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა. ონკანის წყლის დიდი ნაწილი იფილტრება, თუმცა არა იმდენად, რომ მისი მიღება სრულიად უსაფრთხო იყოს. გაუფილტრავ წყალში ნიტრატები, დარიშხანი და დიდი რაოდენობით ქრომი შედის. უმჯობესია, თუ წყლის გასაფილტრ მოწყობილობას თავად შეიძენთ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალს მიირთმევთ.
10. უძრავი ცხოვრების წესი
მოზრდილი ადამიანების უმეტესობა დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში კომპიუტერის მაგიდასთან მჯდომარე ატარებს, რაც ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანოა. კვირის განმავლობაში 150 წუთი ადამიანმა საშუალო ფიზიკურ დატვირთვას უნდა დაუთმოს. თუ პასიური ცხოვრების სტილი გაქვთ, თქვენ ენდომეტრიუმის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ღვიძლისა და თირკმლის სიმსივნის განვითარების საფრთხე გემუქრებათ. თუ ფიზიკურად რეგულარულად დაიტვირთებით, თქვენს ორგანიზმს ანთებითი პროცესების განვითარებისგან დაიცავთ, გარდა ამისა იმუნური სისტემის გაძლიერებასაც შეძლებთ, რაც სიმსივნის პრევენციის საუკეთესო გზაა.
11. ღამის ცვლაში მუშაობა
რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ ძილის უკმარისობა სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. ადამიანები, რომლებსაც ცირკადული რიტმი დარღვეული აქვთ, პროსტატისა და მკერდის კიბოს განვითარების რიკს ჯგუფს მიეკუთვნებიან. ადამიანებს, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ, ხშირად უძილობა ტანჯავთ. ეცადეთ, ღამის ცვლაში მუშაობას მაქსიმალურად ერიდოთ. თუ მატერიალური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ, დღის განმავლობაში აუცილებლად გამოიძინეთ.
12. რადონის რადიაციული გამოსხივება
რადონი რადიოაქტიური აირია, რომელიც ჰაერში, ნიადაგსა და წყალში გვხვდება. მისი გამოსხივების მაღალი ხარისხი სიმსივნის განვითარების სერიოზულ რისკებს ქმნის. სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი რადონს გამოყოფს. ეცადეთ, თქვენი სახლი რადონის გამოსხივებისგან მაქსიმალურად დაიცვათ. შეგიძლიათ, სპეციალისტი გამოიძახოთ, რომელიც თქვენს საცხოვრებელ ადგილს სათანადოდ შეამოწმებს და სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ.
13. ტანსაცმლის ქიმწმენდა
განსაკუთრებულ ღონისძიებებზე წასვლისას ადამიანებს სურთ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. ამ მიზნით ისინი ტანსაცმლის ქიმწმენდას ხშირად მიმართავენ, რათა იდეალურად სუფთა ტანისამოსი ეცვათ. ქიმწმენდისას გამოყენებული ქიმიური ნაერთები შარდის ბუშტის, საყლაპავისა და თირკმლის სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. ეცადეთ ქიმწმენდას ძალიან იშვიათად მიმართოთ და ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში გარეცხოთ.
14. სექსუალური გზით გადამდები პაპილომა ვირუსები
სექსუალური კონტაქტით გადამდები პაპილომა ვირუსი უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. ამასთან ის სერიოზულ კანცეროგენადაც გვევლინება. ყოველწლიურად 31 000-ზე მეტ მამაკაცსა და ქალბატონს პაპილომა ვირუსებით გამოწვეული სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ. პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო გარდასილის ვაქცინა გაიკეთოთ. თუ სექსუალურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, ორგანიზმი ხშირად გადაიმოწმეთ, რათა პაპილომა ვირუსის განვითარება არ გამოგეპაროთ.
15. გადამუშავებული ხორცპროდუქტებით კვება
ბეკონი, ჰოთდოგები და სხვა გადამუშავებული ხორცპროდუქტები ყველას უყვარს. კვლევებით დასტურდება, რომ გადამუშავებული ხორცპროდუქტებით კვება კუჭისა და კოლორექტალური სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. ეცადეთ, საკვებად ისეთი ხორცპროდუქტები გამოიყენოთ, რომლებიც ნიტრატებს არ შეიცავს. მსგავსი პროდუქტით მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში იკვებეთ. უმჯობესია, თუ გადამუშავებულ ხორცპროდუქტებზე სამუდამოდ იტყვით უარს.
16. ცხელი სასმელების მიღება
ზამთრის ცივ დღეებში ადამიანები ცხელ ჩაისა და ყავას ძალიან ხშირად მიირთმევენ. ზედმეტად ცხელი სასმელების მირთმევა საყლაპავის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის. ეცადეთ, სასმელი ყოველთვის თბილი ან გრილი სახით მიიღოთ, რათა ჯანმრთელობის რისკები თავიდან აირიდოთ.
17. კონტეინერში შენახული მზა საკვების გათბობა
კონტეინერში შენახული მზა საკვების გათბობა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ის ლეიკემიის, ლიმფომის, პანკრეასისა და საყლაპავის სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. კონტეინერების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნაერთები სერიოზულ კანცეროგენებს შეიცავს, რის გამოც მათი გამოყენებისგან თავშეკავება გმართებთ. უმჯობესია, თუ საკვებს ემალის ჭურჭელში შეინახავთ.
18. წითელი ხორცის რეგულარულად მირთმევა
წითელი ხორცი საზიანო ნიტრატებსა და ნიტრიტებს შეიცავს, რის გამოც მისი რეგულარულად მიღება რეკომენდებული არ არის. ხორცის გრილზე მომზადება ისეთი ნაერთების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. აღნიშნული მუტაგენური ნაერთები თქვენს დნმ-ს მნიშვნელოვნად ცვლის, რაც სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს. კოლორექტალური სიმსივნის თავიდან ასაცილებლად წითელი ხორცი შეზღუდული რაოდენობით უნდა მიირთვათ.
19. დაუცველი სექსი
სექსი იმუნური სისტემის გაჯანსაღებას და სტრესისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. დაუცველი სექსი პაპილომა ვირუსისა და ქლამიდიოზის გადადების რისკებს ზრდის. ორივე ვირუსული ინფექცია სიმსივნის განვითარების ხელშემწყობად გვევლინება. თუ პარტნიორის ჯანმრთელობაში დარწმუნებული არ ხართ, სექსის დროს თავი აუცილებლად უნდა დაიცვათ, რათა სიმსივნის განვითარების რისკების თავიდან აცილება შეძლოთ.
20. მებაღეობა
თუ მებაღეობა გიტაცებთ, სარეველების მიმართ კარგი დამოკიდებულება ვერ გექნებათ. სარეველების გასანადგურებელი საშუალებები გლიფოსატს შეიცავს. აღნიშნული ქიმიური ნაერთი სერიოზულ კანცეროგენად ითვლება. ეცადეთ სარეველებთან ბრძოლის შედარებით უსაფრთხო მეთოდები გამოიყენოთ. უპირატესობა ბუნებრივ საშუალებებს და ფიზიკური ძალის გამოყენებას უნდა მიანიჭოთ.
21. ტრანს-ცხიმების მიღება
ტრანს-ცხიმების მიღება სიმსივნის განვითარების რისკებს ორჯერ ზრდის. თუ თქვენ მსგავსი პროდუქტებით ხშირად იკვებებით, მკერდის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს განვითარების საფრთხე გემუქრებათ. ქალბატონებს, რომლებიც ტრანს-ცხიმებს რეგულარულად იღებენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი ორჯერ მაღალი აქვთ იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან. მოერიდეთ გაყინული პიცის, პოპკორნის, სწრაფი კვების საკვებისა და მარგარინის მიღებას. დეტალურად გაეცანით საკვები პროდუქტების იარლიყს, რათა ტრანს-ცხიმების მიღებისგან თავი მაქსიმალურად დაიზღვიოთ.
22. ჰაერის დაბინძურება
ჰაერის დაბინძურება რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ის ერთ-ერთი მთავარი კანცეროგენია და ფილტვისა და შარდის ბუშტის კიბოს გამომწვევად გვევლინება. ბუნებრივია, თავდაცვის მიზნით სუნთქვას ვერ შევწყვეტთ, რის გამოც გარემოზე მეტი ზრუნვის გამოჩენა გვმართებს. აუცილებელია გარემოს დაცვითი რეგულაციების გამკაცრებისთვის ბრძოლა და თითოეული ინდივიდის მაღალი პასუხისმგებლობა იმ ბუნებრივი გარემოსადმი, რომელშიც ის ცხოვრობს, რათა ჰაერის დაბინძურების სავალალო შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ.
23. მემკვიდრეობითი რისკები
მშობლების შეცვლა არავის შეუძლია (ალბათ, ამის სურვილიც ნაკლებად აქვს ვინმეს). გარკვეული ტიპის სიმსივნეებს მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. მემკვიდრეობით სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირი მკერდის, პანკრეასის, საშვილოსნოსა და პროსტატის სიმსივნეებია. სახიფათო გენური მუტაციების თავიდან ასაცილებლად, პრევენციის სათანადო ზომები უნდა მიიღოთ. კარგად შეისწავლეთ თქვენი ოჯახის ისტორია. თუ მემკვიდრეობითი სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, რეგულარულად გადაიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
24. სამშენებლო მასალებში აზბესტის გამოყენება
აზბესტი საშიში კანცეროგენული მინერალია, რომელიც ძველ შენობა-ნაგებობეში მცხოვრებ ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღნიშნული ნივთიერებით ორგანიზმის დაბინძურება მეზოთელიური უჯრედების სიმსივნეს იწვევს, რომელიც შეუქცევადია. მას აგრესიული განვითარება ახასიათებს და არ იკურნება. თუ ძველ სახლში ცხოვრობთ, სამშენებლო მასალებში აზბესტის შემცველობა გადააკონტროლეთ, რათა სავალალო შედეგისგან თავის დაზღვევა შეძლოთ.
25. ფერმენტირებული პროდუქტებით კვება
ფერმენტირებული საკვები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მისი გარკვეული სახეობები ნაზოფარინგეალური კარცინომის განვითარებას უწყობს ხელს. გადამუშავებული ხორცპროდუქტების მსგავსად, ფერმენტირებული პროდუქტების ნაწილი დიდი რაოდენობით ნიტრიტებსა და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. რა თქმა უნდა, ფერმენტირებული საკვების რაციონიდან სრულად ამოღება რეკომენდებული არ არის, რადგან პრობიოტიკები ნაწლავური ფლორის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მთავარია, კვებისას ზომიერება დაიცვათ და ფერმენტირებულ პროდუქტებში შემავალ ინგრედიენტებზე სათანადო ინფორმაციაც გქონდეთ, რათა ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვების მიღებისგან თავის დაცვა შეძლოთ. მჟავე კომბოსტოს, დამწნილებული პროდუქტების და კიმჩის ზომიერად მირთმევა სავსებით უსაფრთხოა და თქვენს ორგანიზმს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
26. საღეჭი თამბაქო
ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ სიგარეტის მოწევის უსაფრთხო ალტერნატივას საღეჭი თამბაქოს გამოყენება წარმოადგენს, რაც დიდი შეცდომაა. აღნიშნული ტიპის თამბაქო 28 ქიმიურ ნაერთს შეიცავს, რომელთაგან თითოეული კანცეროგენული მახასიათებლებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის თამბაქოს გამოყენება ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკებს ზრდის.
27. დიაბეტი
დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ემუქრებათ. სათანადო დიეტის დაცვა და სისხლში შაქრის შემცველობის მუდმივი კონტროლი სიმსივნის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. სისხლში მუდმივად მაღალი შაქრის დონე გენურ მუტაციებს იწვევს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს.
28. რადიაციული გამოსხივება
რადიაციული გამოსხივება ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. მისგან თავდაცვა კი საკმაოდ რთულია. გამოსხივება, შესაძლოა, თქვენი კომპიუტერის, ტელეფონის ან მანქანის გამოყენებისას მიიღოთ. რადიაციულ გარემოში მომუშავე ადამიანებს სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ულტრაიისფერ გამოსხივებას მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ორსულ ქალბატონებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.
29. დიზელის გამონაბოლქვით დაბინძურებული გარემო
დიზელი ავტომობილების გადაადგილებისთვის აქტიურად გამოიყენება, რადგან ის ძალიან ეკონომიურია. მიუხედავად ამისა, მის გამოყენებას მაინც არ გირჩევთ, რადგან დიზელის შემადგენლობაში 30-მდე კანცეროგენული ნაერთი შედის. დიზელის გამონაბოლქვი ფილტვების, საყლაპავისა და კუჭის კიბოს განვითარების რისკებს ზრდის. უმჯობესია, თუ უფრო ჯანსაღი საწვავის გამოყენებას მიანიჭებთ უპირატესობას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება შეძლოთ.
30. გენური მუტაცია
მემკვიდრეობითი განწყობის გარდა აღნიშნულ პროცესს უამრავი ცხოვრებისეული აქტივობაც ასტიმულირებს. მაგ. მზის დასხივება თქვენს ორგანიზმში გენურ მუტაციებს იწვევს, რასაც კანის სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ეცადეთ მსგავს აქტივობებს მაქსიმალურად ერიდოთ. მემკვიდრეობითი გენური მუტაციის შეჩერება საკმაოდ რთულია. რეგულარულად შეიმოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მის დამარცხებას მარტივად შეძლებთ.
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

​შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება?

​შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება?

შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება? რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

„1979 წლიდან აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებელი კომპანიები დაავალდებულა რეცეპტით გასაცემ და ურეცეპტო მედიკამენტების შეფუთვაზე დაეტანათ სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა. ეს არის რიცხვი, როდემდეც მედიკამენტის სრული პოტენცია (სიძლიერე) და უსაფრთოხება გარანტირებულია. როგორც წესი, ეს დრო მერყეობს 12-დან 60 თვემდე მედიკამენტის წარმოებიდან.
დაინტერესება ამ საკითხის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ანალიზი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სამხედრო ნაწილები მარაგის სახით ინახავდნენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს როგორც საჯარო დანაყოფების, ასევე მოსახლეობისათვის სასწრაფო შემთხვევების დროს გამოსაყენებლად. გაწეული უდიდესი ფინანსური ხარჯების მაჩვენებელი აშკარა იყო. მარაგში არსებული ამ პრეპარატების დიდი რაოდენობით გადაყრა/განადგურებით, იმის გამო, რომ მათ ვადა ჰქონდათ გასული უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. ხოლო სამეცნიერო მტკიცებულებით თუ დადგინდებოდა, რომ წამლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მედიკამენტების გამოყენება ეფექტური და უსაფრთხო იქნებოდა, ამით მოხდებოდა ფინანსური ზარალის პოტენციურად მნიშვნელოვანი შემცირება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისათვის ამ ინფორმაციის წარმოსადგენად FDA-მ ჩაატარა 122 სხვადასხვა გავრცელებული ფორმის მედიკამენტის ანალიზი - The Shelf-Life Extension Program (SLEP), რომელიც იკვლევდა მათ მარაგში არსებული პრეპარატების გრძელვადიან სტაბილურობას. 3000 სხვადასხვა ლოტის/პარტიის მედიკამენტების აქტიური ტესტირებით დადგინდა, რომ 10-დან 9 წამლის ლოტს/პარტიას ჰქონდა 90%-ზე მეტი პოტენცია (სიძლიერე) ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. ამ დონის გაფართოებული პოტენციის საშუალო მაჩვენებელი იყო 5 წელი ვადის გასვლიდან.
კიდევ უფრო ახალი, შთამბეჭდავი კვლევა სწავლობდა მედიკამენტებში შემავალი აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას წამლის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 8 მედიკამენტი, რომელიც შეიცავდა 15 სხვადასხვა ნივთიერებას - ყველა მათგანი შესწავლილ იქნა 28-დან 40 წლის შემდეგ ვადის გასვლიდან ქიმიური ანალიზის გამოყენებით. დადგინდა, რომ უმრავლესობა (86%) იყო სულ მცირე 90%-იანი პოტენციის; 14-დან 12-მა შეინარჩუნა სრული 100%-იანი პოტენცია 336 თვის განმავლობაში და 8-მ სრული პოტენცია სულ მცირე 480 თვე. ორი აღსანიშნავი გამონაკლისი გახლდათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) - 38% აქტიური ნივთიერებისა იქნა ნანახი ტესტირებულ ტაბლეტში და ასპირინი - 4%-დან 10%-მდე აქტიური ინგრედიენტი იქნა ნანახი.
კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა British Antarctic Survey Medical Unit-ის მიერ - შესწავლილ იქნა წამლები, რომლებიც ტრანსპორტირებული იყო გემის საშუალებით მსოფლიოს შორეულ ნაწილში და სადაც არ ხდებოდა ჰაერის ტემპერატურის კონტროლი. გემმა გადაკვეთა და იმოგზაურა სხვადასხვა ტროპიკის გავლით (ჰაერის ტემპარატურა 25°C-30°C 3 კვირის განმავლობაში) და ამ ტემპერატურულ პირობებში ყოფნის შემდეგ მოხდა წამლების ტრანსპორტირება ბაზაზე არსებითად გაყინვის ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელზე (ანუ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება 30°C-დან < 0°C). ამ კვლევით შესწავლილ იქნა 5 მედიკამენტი - 1. ატროპინი (ანტიქოლინერგული); 2. ნიფედიპინი (კალციუმის არხის ბლოკერი - ანტიჰიპერტენზიული); 3. ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი); 4. ნაპროქსენი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი); 5. ბენდროფლუმეთიაზიდი (შარდმდენი - ანტიჰიპერტენზიული). ყველა მათგანი იყო სტაბილური ვადის გასვლის მიუხედავად.
შეზღუდული სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თვალის წვეთებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვადაგასული თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
რაც შეეხება ეპინეფრინს/ადრენალინს - ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომელიც სწავლობდა ჰოსპიტალების საწყობიდან ამოღებული ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას 30 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან. ქიმიური და მიკრობული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი იყვნენ სტერილური და სუფთა. რაც შეეხება პოტენციას - ისინი შეიცავდნენ 80%-ს არსებული ნივთიერების კონცენტრაციისა 25 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან.
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ეპინეფრინის/ადრენალინის მზა შპრიცები, ამპულები იყო სტაბილური, სტერილური და უსაფრთხო ვადის გასვლიდან 90 დღის შემდეგაც.
ერთადერთი ვადაგასული მედიკამენტი, რომელზეც მოიპოვება ინფორმაცია, რომ მან გამოიწვია ინტოქსიკაცია, არის ტეტრაციკლინის კონკრეტული ფორმულა, რომელიც დღეისათვის ამოღეულია ხმარებიდან. ამ ერთი შემთხვევის გარდა არ არსებობს არცერთი გამოქვეყნებული ადამიანის მოწამვლის შემთხვევა ვადაგასული პრეპარატის მიღების გამო.
პრეპარატები ხსნარების და სუსპენზიების სახით ნაკლებად სტაბილურებია და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, პაციენტებს, ვისთვისაც მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვანია და მათი შეძენა პრობლემას წარმოადგენს, სრულიად უსაფრთხოდ და ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ ვადაგასული პრეპარატები, ზემოთ აღნიშნული რამდენიმე გამონაკლისის გარდა,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად