პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.
სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.
წყარო: „ექიმები“
წაიკითხეთ სრულად