Baby Bag

გრიპისგან დაცვის ხუთი მარტივი წესი

გრიპისგან დაცვის ხუთი მარტივი წესი
გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და სურდო.

ყოველწლიურად გრიპით ავად ხდება მილიონობით ადამიანი. დაავადებულთა უმეტესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს და გრიპი მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს.

სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად შესაძლებელია სათანადოდ მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.

ტროპიკულ რეგიონებში გრიპის აფეთქებები ნაკლებად რეგულარულია და სეზონური მერყეობა არ აქვს, თუმცა პროფილაქტიკა იქაც კი სასარგებლოა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას როგორ დაიცვათ თავი და გარშემომყოფნი გრიპისგან

1. ჩაიტარეთ აცრები

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.

​განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად.
აცრები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის.

გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ - სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.

2. რეგულარულად დაიბანეთ ხელები

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა.

რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება.

გახსოვდეთ: ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი სჭირდება.

3. ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს


თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა.
შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს.
თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს სეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით.

4. მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს

გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს.
როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს.

5. თუ ავად ხართ - დარჩით სახლში

თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები.

ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.

აღნიშულ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ დღესასწაულის დღეებში ბავშვის კვების რაციონში ზომიერების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღესასწაულის პერიოდში, რა დასამალია, რომ ძალიან ბევრს მივირთმევთ ხოლმე, განსაკუთრებით ცხოველურ ცილას. მე კი ვამბობ, რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას. აღდგომის დღეებში კი წითელი კვერცხი უნდა მიიღოს. ერთი კი არის, რომ ზომიერებაა საჭირო. ნამეტანი ნუ იქნება.“

ყარამან ფაღავას თქმით, ოპტიმალურია დღეში ხუთჯერადი კვება:

„ოპტიმალურად მიმაჩნია ხუთჯერადი კვება. ამათში სამი კვება უნდა იყოს ძირითად იჯრა და ორი უნდა იყოს წახემსება. რაც შეეხება ცილას, დაახლოებით ერთი კვება ფაფა, ერთი კვება ბოსტნეულის წვნიანი, პიურე, მცირე რაოდენობით ხორცით. საღამოს ან დილით მაწონი, ცოტა ხაჭო შეიძლება, ჩაი, პური, კარაქი, ერთი კვება ან წახემსება იქნება, ან დედის თვითშემოქმედება, ხან რა, ხან რა, ხან გოგრა, ხან ვაშლი.“

„მე ხშირად ვამბობ, გარკვეული თავისუფლება, მცირე დევიაციის უფლება უნდა მივცეთ მშობელსაც, ბავშვსაც და ყველასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად