Baby Bag

ნაწლავური კოლიკა ჩვილებში და მასთან გამკლავების გზები

ნაწლავური კოლიკა ჩვილებში და მასთან გამკლავების გზები
ახალშობილთა კოლიკა სამედიცინო ტერმინია და აღნიშნავს 4 თვემდე ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ უსიამოვნო მდგომარეობას. მისი მიზეზი ნაწლავებში დაგროვილი აირებია, რაც იწვევს ძლიერ და უეცარ მუცლის ტკივილს. კოლიკა ყოველი 4-5 ჩვილიდან ერთს უვლინდება.
როგორ გავიგოთ, რომ ბავშვის ტირილის მიზეზი არის აირების დაგროვება ნაწლავებში და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ დროს?
რა არის აირები?
ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბადებიდან 3-4 თვის განმავლობაში ნელ-ნელა ადაპტირდება გარემოსთან. კოლიკა ამ პროცესის ერთ-ერთი მტკივნეული, თუმცა ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი კომპონენტია. მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია კოლიკის ზუსტი მიზეზები.
რა გარემო ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს აირების დაგროვება ბავშვის ნაწლავებში?
• ალერგია ძროხის რძის ცილაზე;
• ლაქტოზის აუტანლობა;
• ხილის წვენის აუტანლობა (ფრუქტოზის, სორბიტოლის);
• უმწიფრობა - აირების დაგროვება ნახშირწყლების არასრული შეწოვის გამო;
• ნალწავის ფუნქციის ჩამოუყალიბებლობა;
• ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა (ნაკლები, ჭარბი კვება, ტექნიკის დარღვევა);
• ნიკოტინის ზემოქმედება (ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში);
• არაჯანსაღი, სტრესული სიტუაცია ოჯახში - დედის დაძაბულობა;
• საუკეთესო და ეფექტიანი დიეტა კოლიკის დროს დედის რძეა. თუმცა ზოგიერთ პატარას მგრძნობელობა უვითარდება იმ საკვებზე, რომელსაც დედა მიირთმევს. ამიტომ სასურველია, დედამ სპეციალისტთან გაიაროს კონსულტაცია სწორი კვების კუთხით.
რა პროდუქტებისგან უნდა შეიკავოს დედამ თავი ძუძუთი კვების დროს?
მართალია, ბებიებს აქვთ ე. წ. „შავი სია“, სადაც ხშირად შედის ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ცხიმიანი რძის ნაწარმი, უმი ხახვი, ციტრუსები, შოკოლადი, ყავა და ა.შ. და რჩევებსაც აძლევენ ხოლმე ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული საკვები პროდუქტების „შავი სია“, რომელზეც 100% შემთხვევებში უნდა ვთქვათ კატეგორიული უარი, ჩვენ გირჩევთ იმოქმედოთ ცდისა და შეცდომის ტაქტიკით - სცადეთ ყველაფერი და უარი თქვით იმ პროდუქტებზე, რომლებიც უმწვავებს თქვენს პატარას კოლიკას.
როგორ დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი ტირის კოლიკის გამო და არა რაიმე სხვა მიზეზით?
გაითვალისწინეთ კოლიკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
• ტირილი იწყება უეცრად და უმიზეზოდ და სრულდება უეცრად და უმიზეზოდ;
• ბავშვი, ძირითადად, ტირის საღამოობით ერთსა და იმავე დროს;
• ტირილი განსხვავდება შიმშილით და დაღლილობით გამოწვეული ტირილისგან - ბევრად უფრო ხმამაღალი და გახანგრძლივებულია, ხშირად ბავშვი კი არ ტირის, არამედ კივის;
• ტირილის დროს ბავშვი შეიძლება იყოს დაჭიმული, რკალისებურად მოხრილი სხეულით, მუშტებად შეკრული ხელებით;
• გაბმული, შეუჩერებელი ტირილი, ხანდახან კივილი - ჩვილის დაწყნარება პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ კოლიკა არ გაუვლის და თავისით არ დამშვიდდება;
• ზოგადი მდგომარეობა ტირილს შორის პერიოდებში ნორმალურია;
• ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია;
• არ ვლინდება ტირილის სხვა პათოლოგიური მიზეზები;
• ტირილის ხანგრძლივობა დაბადების შემდეგ თანდათან იზრდება, აღწევს პიკს 5-6 კვირაზე და მცირდება 3 თვის ასაკში;
გარდა ამისა, არსებობს ე.წ. „სამის წესი“, რაც ვლინდება კოლიკით შეწუხებული ბავშვების 80%-ში და მასზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობენ პედიატრები და ნეონატოლოგები;
• თუ ბავშვი დღე-ღამეში 3 და მეტი საათი ტირის (კივის), კვირაში არანაკლებ 3 დღე და არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში - თუ არ არსებობს სპეციალისტის მიერ დადასტურებული რაიმე სხვა სახის სამედიცინო მიზეზი, სავარაუდოდ, თქვენს პატარას სწორედ კოლიკა აწუხებს.
როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს?
დახმარების მეთოდი ყველა პატარასთვის ინდივიდუალურია, მათ შორის რამდენიმე შედარებით ეფექტიანია:
• აწარმოეთ დღიური, სადაც უნდა აღნიშნოთ ყველაფერი ბავშვის შესახებ, მაგალითად: ბავშვის გუნება-განწყობის ცვლილება, საათების მიხედვით კვება, ძილი, ბანაობა, ტირილის დასაწყისი, დასასრული და ტირილის ხასიათი და ა.შ.;
• ფრთხილად აიყვანეთ პატარა, ჩაეხუტეთ და მსუბუქად გადაუსვით ზურგზე ხელი მრავალჯერ, ფრთხილად ამოძრავეთ ბავშვი - ამით ხელს შეუწყობთ ნაწლავებიდან აირების გამოდევნას;
• დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი (ეს პოზა ცნობილია სახელით „ვეფხვი ხეზე“). ბავშვის ხელები და ფეხები უნდა იყოს თქვენი ხელის აქეთ-იქიდან. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ხელს უწყობს მისი მუცლის ღრუს გათავისუფლებას აირებისგან;
• დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი. გაიმეორეთ ეს მოძრაობა რამდენჯერმე - ამ პროცედურის დროსაც დუნდება ჩვილის მუცლის ფარის კუნთები და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას;
• გაახვიეთ ბავშვი პლედში მჭიდროდ ხელების ჩათვლით - ეს პატარებს დაცულობის შეგრძნებას უჩენს და ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ;
• „ბეიბიქალმის“ წვეთები ყოველი ჭამის წინ აუცილებლად დაეხმარება თქვენს პატარას და დაიცავს კოლიკისგან.


რატომ „ბეიბიქალმი“?
„ბეიბიქალმი“ არის მცენარეული ეთერზეთების შემცველი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილებისთვის აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილის სამკურნალოდ.
• შეიცავს 100% ნატურალურ ინგრედიენტებს;
• არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს;
• არ შეიცავს შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს;
• არ შეიცავს სპირტს;
• არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს;
• კომფორტულია გამოყენებისთვის;
• მოქმედებს მომენტალურად;
• არ აქვს გვერდითი მოვლენები;
• არ იწვევს შეჩვევას;
• არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმ-პროდუქტთან ერთად;
• გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს;
• აქვს FDA, ABC, GMP, ISO საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები;
• „ბეიბიქალმი“ უკვე 30 წელია, უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. იგი აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებლების მიერ. „ბეიბიქალმს“ გამოარჩევენ სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან და ყველაზე ხშირად ურჩევენ მშობლებს ექიმები და ფარმაცევტები.
• „ბეიბიქალმის“ გამოყენების წესი და დოზირება შემდეგია: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი, გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე (თეთრი ისარი); თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირში 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან კვებასა და კვებას შორის - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი, რომ არ გადასცდეს პატარას). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის; ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა; გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

ეპილეფსია ბავშვებში - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ეპილეფსია ბავშვებში - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ეპილეფსიის დიაგნოზს ბავშვებს საკმაოდ ხშირად უსვამენ. პატარების დიდი ნაწილი აღნიშნული დაავადებისგან თინეიჯერობის ასაკამდე თავისუფლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწორი მკურნალობის წყალობით სრულფასოვნად ცხოვრებას ახერხებს. ჩვენს სტატიაში ეპილეფსიის ძირითად ნიშნებსა და სიმპტომებს, ასევე გულყრათა განსხვავებულ ტიპებს, სინდრომებსა და მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს გაგაცნობთ.

ეპილეფსიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გულყრაა, რომელიც თავის ტვინში მიმდინარე ანომალიური ელექტრონული აქტივობით არის გამოწვეული. დაავადებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ბავშვია. ზრდასრულებს, რომლებსაც ეპილეფიის დიაგნოზს უსვამენ, როგორც წესი, პირველი შეტევა ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში ემართებათ. კვლევებით დგინდება, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების 2/3-ს დაავადების სიმპტომები თინეიჯერობის ასაკამდე უქრება. ექიმი ბავშვს ეპილეფსიის დიაგნოზს იმ შემთხვევაში უსვამს, თუ მას ცხოვრებაში ერთი ან ორი ისეთი კრუნჩხვითი შეტევა მაინც დამართნია, რომელსაც სხვა გამომწვევი მიზეზი არ აქვს. როგორც წესი, ეპილეფსიით დაავადებულ პატარებს გულყრები სიცოცხლის პირველივე წელს უვლინდებათ.

ეპილეფსია თითოეულ ბავშვზე განსხვავებულად ზემოქმედებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გულყრები აღენიშნება პატარას, როგორ რეაგირებს მისი ორგანიზმი მკურნალობაზე და ხომ არ აქვს მას დამატებით რაიმე ქრონიკული დაავადება. ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტების დახმარებით კრუნჩხვითი შეტევების გაკონტროლება საკმაოდ მარტივია, თუმცა ბავშვების ნაწილს, მკურნალობის მიუხედავად, გულყრებთან გამკლავება ძალიან უძნელდება.

ეპილეფსიური გულყრის სახეები და სინდრომები

ეპილეფსიური გულყრა ორი სახისაა: ფოკალური და გენერალიზებული:

• ფოკალური გულყრა

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ფოკალურ გულყრას სხვაგვარად პარციალურ გულყრასაც უწოდებენ. ფოკალური გულყრის გამომწვევი მიზეზია ტვინის ერთ კონკრეტულ უბანზე პათოლოგიური განმუხტვა. გულყრას წინ უძღვის წინასწარი პერიოდი, რომელსაც აურის სახელით ვიცნობთ. ბავშვს ეცვლება ხედვა, სმენა, ის გრძნობს განსხვავებულ სუნებს. შესაძლოა პატარა უცნაურმა შეგრძნებებმა ან შიშმა შეიპყროს, ეიფორია დაეუფლოს. ფოკალური გულყრა, როგორც წესი, გონების დაკარგვას არ იწვევს. ის კუნთების კონკრეტულ ჯგუფზე ზემოქმედებს, მაგ. ხელის ან ფეხის თითები. ფოკალური გულყრის დროს ადამიანი შეშდება. მას თქვენი საუბრის მოსმენის უნარი აქვს, თუმცა პასუხის გაცემა არ შეუძლია. ფოკალური გულყრის სხვა სიმპტომებია: გულისრევა, სხეულის დაბუჟება ან ჭარბი ოფლიანობა. დისკოგნიტურ ფოკალურ გულყრას ცნობიერების დაკარგვის გამოწვევა შეუძლია. მსგავსი ტიპის გულყრის დროს ბავშვი, შესაძლოა, უმიზეზოდ იცინოდეს, ტიროდეს, თვალებს აშტერებდეს ან ტუჩებს იკვნეტდეს.

• გენერალიზებული გულყრა
გენერალიზებული გულყრა თავის ტვინზე სრულად ვრცელდება და ცნობიერების დაკარგვას იწვევს. გენერალიზებური გულყრა სხვადასხვა ტიპისაა.

• ტონური გულყრები - ბავშვს კუნთები ეჭიმება და ეძაბება, რაც მოულოდნელად ხდება, რის შედეგადაც ის, შეიძლება, დაეცეს ან გაშეშდეს. როგორც წესი, ტონური გულყრები 15 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

• აბსანსი - ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვას იწვევს. ბავშვი, შესაძლოა, გაშეშდეს, თვალები გააშტეროს ან სწრაფად ახამხამოს. აბსანსი ყველაზე ხშირად 4-14 წლის ბავშვებს ემართებათ. ის მაქსიმუმ 10 წამის მანძილზე გრძელდება.

• გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა - რამდენიმე ფაზას მოიცავს. ბავშვის სხეული და კიდურები თავდაპირველად იკუმშება, იძაბება, შემდეგ იშლება და კანკალი ვითარდება. კრუნჩხვების დასრულების შემდეგ ბავშვი დაღლილი და გამოფიტულია. გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა ადრეულ ასაკში ვლინდება და 3-4 წუთის მანძილზე გრძელდება.

• მიოკლონური გულყრა - მსგავსი ტიპის გულყრა კუნთების მოულოდნელი შეკრთომითა და ბიძგებით ხასიათდება. როგორც წესი, ის 1-2 წამის მანძილზე გრძელდება და გონების დაბინდვას არ იწვევს.

ეპილეფსიური სინდრომი ბავშვებში

ბავშვებს, რომლებსაც სპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები უვლინდებათ, ექიმები ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზს უსვამენ. დიაგზონის დასმისას მედიკოსები გულყრის ტიპებს, შეტევის გამოვლენის ასაკს და ელექტროენცეფალოგრამის პასუხებს ეყრდნობიან. ბავშვებს განსხვავებულ ტიპის ეპილეფსიური სინდრომები უვითარდებათ.

• როლანდის ეპილეფსია - სინდრომი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების 15 პროცენტს აწუხებს. როლანდის ეპილეფსიის მქონე პატარებს ღამის საათებში ფოკალური გულყრები აღენიშნებათ, რომელიც, შესაძლოა, გენერალიზებულ ტონურ-კლონურ გულყრაში გადაეზარდოთ. იშვიათ შემთხვევებში, სინდრომი უძილობის დროს ვლინდება. ბავშვებს სახისა და ენის კრუნჩხვები აღენიშნებათ. როგორც წესი, გულყრებისგან მოზარდების უმეტესობა 16 წლის ასაკში თავისუფლდება.

• აბსანსი (მცირე ეპილეფსია) - 16 წლამდე ასაკის ბავშვების 12 %-ს აღენიშნება. სინდრომი უმეტესად 4-დან 10 წლამდე ასაკის პატარებში ვლინდება. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების 90 %-ს აბსანსი 12 წლის შემდეგ აღარ აღენიშნება. აბსანსი იმდენად უმნიშვნელო გულყრებს იწვევს, რომ ზოგჯერ მშობლები შეტევას ვერც კი ამჩნევენ.

• ინფანტილური სპაზმები - უმეტესად 1 წლის ასაკამდე ბავშვებში ვლინდება. სინდრომი სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე ხანმოკლე სპაზმებს ან ბიძგებს იწვევს. მსგავსი ტიპის სპაზმები უმეტესად ტვინის გარკვეული დაზიანებების მქონე ჩვილებს აღენიშნებათ. ბავშვებს, რომლებსაც ინფანტილური სპაზმები აწუხებთ, დასწავლის პრობლემები აქვთ. ხშირად ინფანტილური სპაზმების მქონე ბავშვებს ლენოქს-გასტოს სინდრომიც უვითარდებათ.

• ლენოქს-გასტოს სინდრომი - უმეტესად 3-5 წლის ბავშვებს აქვთ. ზოგიერთ ადამიანს კი აღნიშნულ დიაგნოზს მხოლოდ მოზარდობის ასაკში უსვამენ. ლენოქს-გასტოს სინდრომი გულყრათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული სინდრომის დიაგნოზი აქვთ, ქცევითი და მეხსიერების პრობლემები აღენიშნებათ. ლენოქს-გასტოს სინდრომის მკურნალობა საკმაოდ რთულია და გულყრები მოზრდილ ასაკამდე გრძელდება.

• ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი - საკმაოდ იშვიათია და ძირითადად 3-7 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ. ბავშვებს ენობრივი სიმბოლოების აღქმა უჭირთ და ვერბალური განვითარების პრობლემები აქვთ. მათ ქცევითი დარღვევებიც აღენიშნებათ. ბავშვების 70%-ს ფოკალური გულყრები აწუხებს.

როგორ ამოვიცნოთ ეპილეფსიური გულყრები?

ეპილეფსია თითოეულ ბავშვზე განსხვავებულად ზემოქმედებს. გულყრების ამოცნობა მშობლებისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის ვერბალურად გადმოცემის უნარი არ აქვთ. აბსანსის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, მაშინ როდესაც გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, რომელიც თამაშისას, ჭამისას ან საუბრისას მოულოდნელად შეშდება. უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები, თვალების გაშტერება ან გონების დაბინდვაც გულყრაზე მიგანიშნებთ. კუნთების ტონუსის დაკარგვა და დაცემაც ეპილეფსიური გულყრის ერთ-ერთი სიმპტომია.

ჩვილ ბავშვებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის სუნთქვის რიტმს, ასევე სახის მიმიკებს, მაგ. თვალებისა და პირის უცნაურ მოძრაობებს, კუნთების მოულოდნელ შეკრთომებს, კიდურების უჩვეულო მოძრაობებს. ეპილეფსიური გულყრის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების ზოგიერთ სიმპტომს, რის გამოც ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები

ეპილეფსიის გამომწვევი პოტენციური მიზეზები შემდეგია:

• განვითარების დარღვევები, მაგ. აუტიზმი
• გენეტიკური ფაქტორები
• მაღალი ტემპერატურა, რომელმაც კრუნჩხვა გამოიწვია
• ინფექციური დაავადებები, მაგ. მენინგიტი
• ორსულობის ეტაპზე დედის ინფექციური დაავადებები
• ორსულობისას დედის მავნე კვებითი ჩვევები
• ჟანგბადის დეფიციტი მუცლად ყოფნის ან დაბადების დროს
• თავის ტრავმა
• თავის ტვინის სიმსივნე ან კისტა

ეპილეფსიის მქონე ბავშვებში გულყრების განვითარებას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს:

• აღფრთოვანება
• მოულოდნელი ნათება
• ძილის ნაკლებობა
• კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკლებობა
• ხმამაღალი მუსიკა ან ხმაური
• საკვების დეფიციტი
• სტრესი

ეპილეფსიის დიაგნოსტირება

ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის დიაგნოსტირება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში. ექიმს დიაგნოზის დასმაში ძალიან ეხმარება მშობლის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაცია გულყრის შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია ეპილეფსიური შეტევის ვიდეო ჩანაწერი.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია:

• სრულფასოვანი სამედიცინო და ოჯახური ისტორია
• გულყრების დეტალური ანალიზი
• ფიზიკური შემოწმება
• სისხლის ანალიზი
• ელექტროენცეფალოგრამა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, CT კვლევა.

ეპილეფსიის მკურნალობა

ბავშვებს, რომლებსაც ეპილეფსიის დიაგნოზს უსვამენ, უმეტესად ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით მკურნალობენ. აღნიშნულ პრეპარატებს გულყრების პრევენცია შეუძლია, თუმცა მათ ეპილეფსიისგან საბოლოოდ განკურნების უნარი არ აქვთ. ბავშვების დიდ ნაწილს, რომლებსაც ეპილეფსიური შეტევები აღარ აწუხებთ, მედიკამენტების მიცემა აღარ სჭირდებათ. დაუშვებელია მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან არსებობს გულყრების ხელახლა განვითარების რისკი.

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები ყველა ბავშვისთვის ეფექტური არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდები გამოიყენება:

• კეტოგენური დიეტა

ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისთვის ძალიან ეფექტურია კეტოგენური დიეტა. კეტოგენური დიეტის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაცია.

• ნეიროსტიმულაცია

ნეიროსტიმულაცია არამედიკამენტოზური, აპარატული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ტვინის ცალკეული უბნების სტიმულაციას ისახავს მიზნად.

• ქირურგიული ჩარევა

განსაკუთრებულ შემთხვევებში ეპილეფსიური გულყრების პრევენციის მიზნით ბავშვებს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ.

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც სასწავლო მასალის ათვისებისა და განვითარების პრობლემები აქვთ, განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. 

მომზადებულია ​medicalnewstoday.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად