Baby Bag

კორონავირუსის ახალი ვაქცინა ტესტირებისთვის მზად არის

კორონავირუსის ახალი ვაქცინა ტესტირებისთვის მზად არის
ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ კორონავირუსის საექსპერიმენტო ვაქცინა სამთავრობო მკვლევარების ჯგუფს იმუნიზაციის პროცესზე მუშაობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ გადაუგზავნა. აღნიშნული ვაქცინის გამოყენებით ადამიანებზე ცდების ჩატარება აპრილში იგეგმება. ტესტირების პროცესი, სავარაუდოდ, ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება, რათა მკვლევარებმა ვაქცინის ვარგისიანობის დადასტურება შეძლონ.

კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინის პირველი სერია mRNA-1273-ის სახელით არის ცნობილი. მისი პირველადი ნიმუშები ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში გადაიგზავნა. Moderna-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით ვაქცინის პირველი ამპულა ამერიკის შეერთეულ შტატებში დაგეგმილ ცდებში უნდა გამოიყენონ. ცდისპირები სრულიად ჯანმრთელი ადამიანები იქნებიან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


„ვოლ სთრით ჟურნალის“ ინფორმაციით, ვაქცინის რამდენიმე ამპულა მოხალისეებზე გამოიცდება, რათა დადგინდეს იწვევს თუ არა ის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას. CNN-ის ცნობით, აღნიშნულ კვლევაში სულ 45 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კლინიკური ექსპერიმენტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ვაქცინის მოქმედებაზე დაკვირვება და მიღებული შედეგების შეფასება კვლავ გაგრძელდება, რაც მისი ფართოდ გავრცელების წინაპირობას შექმნის.

ფარმაცევტული კომპანიები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობენ. აღნიშნული ვირუსით მსოფლიო მასშტაბით უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ექსპერტები ვაქცინის ეფექტიანობის შეფასებას მაქსიმალურად მოკლე დროში გეგმავენ, რადგან მუშაობის პროცესი საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ახალი ვაქცინის ფართო გავრცელებისთვის 18 თვე მაინც არის საჭირო.

Moderna ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც კორონავირუსის დამარცხებას ცდილობს. ვაქცინის შემუშავებაზე ისეთი გიგანტური ფარმაცევტული კომპანიები მუშაობენ, როგორებიცაა Johnson & Johnson და GlaxoSmithKline. მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამთავრობო მკვლევარებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კომპანია Gilead-ის მიერ წარმოებული პრეპარატი რემდესივირი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტურად მუშაობს. Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის ვარგისიანობა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ ვაქცინის წარმოება რეკორდულად მცირე დროში დასრულდა. კორონავირუსზე გენეტიკური ინფორმაციის მოპოვების შემდეგ Moderna-მ ვაქცინის შექმნა სულ რაღაც 42 დღეში შეძლო.

რამდენიმე წლის წინ განსხვავებული ტიპის კორონავირუსის აფეთქების დროს ვაქცინის შემუშავებას დაახლოებით 20 თვე დასჭირდა. კომპანია Moderna ვაქცინას ახალი გენეტიკური მეთოდების გამოყენებით აწარმოებს. ახალი ვაქცინა ორგანიზმში სპეციალურ პროტეინებს წარმოქმნის, რომლებსაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევთ. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით კომპანიამ უკვე წარმატებით შექმნა 6 ვაქცინა, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ტესტირების მეორე ფაზას გადის. ახალი გენეტიკური მეთოდი მკვლევარებს ვაქცინის სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით შემუშავებაში ეხმარება, რაც მას ტრადიციულ მეთოდებთან მიმართებაში დიდ უპირატესობას ანიჭებს. 

მომზადებულია ​cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამაზე უკეთესი წამალი ჯერ არ გამოგონილა, მაგრამ ერთს გთხოვთ, არ გაცივდეთ...''

,,ამაზე უკეთესი წამალი ჯერ არ გამოგონილა, მაგრამ ერთს გთხოვთ, არ გაცივდეთ...''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ფეხით ბევრი იარონ. მისი თქმით, ჯერ ამაზე უკეთესი წამალი არ გამოგონილა. 

ვიდეოში, ასევე საუბრობს იმ წამლებზე, რომელსაც ინფიცირებულ პაციენტებთან იყენებენ. გიორგი ფხაკაძე ვაქცინის თემასაც ეხმიანება.  

ნახეთ ვიდეო☝️

წაიკითხეთ სრულად