Baby Bag

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა კორონავირუსის შესახებ - unicef

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა კორონავირუსის შესახებ - unicef

რა არის „ახალი“ კორონავირუსი და  რა უნდა იცოდნენ მშობლებმა - აღნიშნულის შესახებ გაეცანით ​unicef-ის სტატიას. 

„ახალი“ კორონავირუსი (CoV) არის კორონავირუსის ახალი შტამი.

კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“ (CO - შემოკლებული „კორონა“, VI - შემოკლებული „ვირუსი“ და D - შემოკლებული „დაავადება“). ოფიციალურ სახელდებამდე ამ დაავადებას ეწოდებოდა „2019 წლის ახალი კორონავირუსი“ ან „2019-nCoV).

ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.

COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა. რას ნიშნავს ეს?

COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.

გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე დაიწყო საგანგებო ღონისძიებების გატარება COVID-19-ზე რეაგირების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ნებისმიერ ქვეყანასა თუ თემში.

ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა. როგორ მოვიქცე?

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორისაა, თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ უნდა დაიცვათ თავი, და როგორ მოიქცეთ, თუ შიშობთ, რომ შეგხვდათ ეს ვირუსი.

მნიშვნელოვანია, რა წყაროდან იღებთ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ სტატიაში მოცემულია ინფორმაცია და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა შეამციროთ დაინფიცირების რისკი, უნდა გაუშვათ თუ არა ბავშვი სკოლაში, რამდენად უსაფრთხოა ვირუსი ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის, და მოწოდებულია მოგზაურობისას დასაცავი უსაფრთხოების წესები. ამას გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მომზადებული აქვს სასარგებლო ინფორმაცია ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

ასევე რეკომენდებულია, მუდმივად თვალყური ადევნოთ თქვენი ქვეყნის ხელისუფლების ან ადგილობრივი მთავრობის მიერ გაცემულ რჩევებს მოგზაურობის, განათლების მიღებისა და სხვა სფეროების შესახებ და იცნობდეთ უახლეს რეკომენდაციებსა და სიახლეებს ამ საკითხებზე.

როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი?

ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო.

ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომა იგივეა - ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა (დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში). ასევე, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და გახსოვდეთ, რომ თქვენც და თქვენი შვილიც მუდმივად იყოს ვაქცინირებული.

როგორ ავირიდო ინფიცირების რისკი?

ქვემოთ მოცემულია ოთხი პრევენციული ზომა, რაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა უნდა გააკეთოთ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად:

რა არის ხელების სწორად დაბანის საუკეთესო გზა?

  1. დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით
  2. წაისვით საკმარისი რაოდენობის საპონი, რომ დაფაროთ სველი ხელები
  3. დაიმუშავეთ ხელის ყველა ნაწილი - ხელის გულები, მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილებს ქვემოთ - მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
  4. კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
  5. გაიშრეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი პირსახოცით.

ხელები დაიბანეთ ხშირად. განსაკუთრებით - ჭამის წინ; ცხვირის მოხოცვის, დაცემინების, დახველების შემდეგ; ტუალეტის გამოყენების შემდეგ.

თუ საპონსა და წყალზე არ მიგიწვდებათ ხელი, გამოიყენეთ ხელების გამწმენდი სპირტიანი სითხე სპირტის მინიმუმ 60% შემცველობით. თუ ხელები ჭუჭყიანად გამოიყურება, ყოველთვის დაიბანეთ საპნითა და წყლით.

უნდა ვიხმარო თუ არა სამედიცინო პირბადე?

სამედიცინო პირბადის ხმარება რეკომენდებულია, თუ გაქვთ რესპირატორული დაავადების (ხველა ან ცემინება) სიმპტომები და პირბადის ხმარება დაინფიცირებისგან სხვების დასაცავად არის საჭირო. თუ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, პირბადის ხმარება საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ხმარობთ პირბადეს, საჭიროა დაიცვათ მისი სწორად ხმარებისა და გადაგდების წესები, რათა ნიღბის ხმარება იყოს ეფექტური და ასევე - თავიდან აიცილოთ ვირუსის შემდგომი გავრცელების ნებისმიერი რისკი.

მხოლოდ პირბადის ხმარება არ არის საკმარისი ინფექციიების შესაჩერებლად და ამ ქმედების გარდა საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ხველებისა და ცემინების დროს პირის ღრუს დაფარვა და გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების (ხველა, ცემინება, მომატებული ტემპერატურა) მქონე პირთან კონტაქტის თავიდან არიდება.

ახდენს თუ არა COVID-19 ვირუსი გავლენას ბავშვებზე?

ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. იშვიათ შემთხვევაში ვირუსი ფატალურია - ძირითადად ასაკოვან ადამიანებში, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გააჩნიათ.

როგორ მოვიქცე, თუ ჩემს შვილს COVID-19 ვირუსის სიმპტომები აქვს?

მიმართეთ ექიმს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამჟამად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის გრიპის სეზონი და COVID-19-ის სიმპტომები, როგორიცაა ხველა ან ტემპერატურის მატება, ახასიათებს გრიპს ან ჩვეულებრივ გაციებასაც, ეს დაავადებები კი ბევრად უფრო გავრცელებულია.

გააგრძელეთ ხელების სისუფთავის და სასუნთქი გზების ჰიგიენის სათანადო დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, და გყავდეთ ბავშვი სათანადოდ აცრილი, რომ ის დაცული იყოს სხვა ვირუსებისგან და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან.

ისევე, როგორც სხვა გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების დროს, დროულად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება დაავადების სიმპტომები და ეცადეთ, თავი აარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (სამსახური, სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი), რომ არ დაუშვათ დაავადების სხვა პირებისთვის გადაცემა.

როგორ მოვიქცე, თუ ოჯახის წევრს აღენიშნება სიმპტომები?

თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს მომატებული ტემპერატურა, ხველა, ან სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ სამედიცინო პირს. თუ თქვენ ჩამოხვედით COVID-19 ვირუსის გავრცელების ზონიდან, ან თუ გქონდათ ახლო კონტაქტი ვინმე პირთან, რომელიც ამგვარი ზონიდან ჩამოვიდა და აქვს სასუნთქი გზების პრობლემები, ვიზიტამდე დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს და წინასწარ შეატყობინეთ ამის შესახებ.

უნდა გავუშვა თუ არა ბავშვი სკოლაში?

თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება სიმპტომები, მიმართეთ სამედიცინო პირს და მიჰყევით ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს. სხვა მხრივ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რესპირატორული დაავადების (მაგალითად, გრიპის) დროს, სიმპტომების სრულ გავლამდე ბავშვი უნდა იყოს მოსვენებული სახლში და არ უნდა გადიოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომ არ მოხდეს დაავადების სხვებზე გავრცელება.

თუ თქვენს ბავშვს არ აქვს სიმპტომები - მაგალითად, მომატებული ტემპერატურა ან ხველა - და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების ან სხვა პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიერ არ გაკეთებულა განცხადება, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, უმჯობესია, ბავშვი გაუშვათ სკოლაში.

იმის ნაცვლად, რომ ბავშვს გააცდენინოთ სკოლა, სჯობს, ასწავლოთ მას ხელის დაბანისა და რესპირატორული ჰიგიენის ნორმების კარგად დაცვა როგორც სკოლაში, ასევე სხვაგან, რაც ნიშნავს: ხშირად დაიბანონ ხელები (იხილეთ ქვემოთ); დახველების ან დაცემინებისას პირის ღრუზე აიფარონ მოხრილი მკლავი ან ერთჯერადი ცხვირსახოცი და შემდეგ ეს ცხვირსახოცი გადააგდონ ნაგვის დახურულ ურნაში; თუ ხელები შესაფერისად არ აქვთ დაბანილი, არ მიიდონ ხელი თვალზე, პირსა ან ცხვირზე.

მოგზაურობის შემთხვევაში სიფრთხილის რა ზომებს უნდა მივმართო, რომ ოჯახი დავიცვა?

ნებისმიერმა პირმა, ვინც აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას, ყოველთვის უნდა გადაამოწმოს დანიშნულების ქვეყნისთვის გაცემული სამგზავრო რეკომენდაციები - არის თუ არა რამე შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე, საკარანტინო მოთხოვნები შესვლისას, ან მგზავრობასთან დაკავშირებული რამე სხვა რეკომენდაცია.

გარდა სტანდარტული სამგზავრო პროცედურების დაცვისა, იმისათვის, რომ არ მოხვდეთ კარანტინში ან არ გეთქვათ უარი თქვენს სამშობლოში დაბრუნებაზე, ასევე უნდა შეამოწმოთ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ვებ-გვერდზე მოცემული ბოლო მონაცემები COVID-19 -ის შესახებ, სადაც მოცემულია ქვეყნების სია და შეზღუდვების ჩამონათვალი.

მგზავრობის დროს ყველა მშობელმა უნდა დაიცვას ჰიგიენის სტანდარტული ზომები როგორც საკუთარი თავის, ასევე ბავშვებისთვისაც: ხელების ხშირი დაბანა ან მინიმუმ 60% სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, რესპირატორული ჰიგიენის დაცვა (დახველების ან დაცემინებისას პირზე მოხრილი მკლავის ან ერთჯერადი ცხვირსახოცის აფარება და ცხვირსახოცის მაშინვე გადაგდება ნაგვის დახურულ ურნაში) და იმ პირებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც აცემინებს ან ახველებს. ამას გარდა, რეკომენდებულია, რომ მშობლებს ყოველთვის თან ჰქონდეთ ხელების გასაწმენდი სადეზინფექციო საშუალება („სანიტაიზერი“), ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა და სადეზინფექციო სველი ხელსახოცები.

დამატებით რეკომენდაციებში შედის შემდეგი: თვითმფრინავში ან სხვა სახის ტრანსპორტში შესვლისას სველი სადეზინფექციო ხელსახოცით გაწმინდეთ თქვენი სავარძელი, იდაყვის ჩამოსადები მოაჯირები, ეკრანის მონიტორები და სხვ. ასევე გამოიყენეთ სადეზინფექციო ხელსახოცები გასაღების საკეტის, კარის სახელურების, დისტანციური მართვის პულტების და სხვა მოწყობილობების გასაწმენდად სასტუმროებში ან საცხოვრებელ ადგილებში, სადაც თქვენი ოჯახი და ბავშვები გაჩერდებით.

შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს გადაეცეს?

ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, გადაეცემა თუ არა ეს ვირუსი დედიდან ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში, ან რა პოტენციური გავლენა შეიძლება იქონიოს მან ნაყოფზე. ამჯერად მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით. ორსულებმა უნდა განაგრძონ შესაბამისი პროცედურების დაცვა და გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ თავი აარიდონ ვირუსთან შეხებას და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პირს იმ შემთხვევაში, თუ გამოუვლინდებათ რამე სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.


უსაფრთხოა თუ არა, კორონავირუსით დაინფიცირებულმა დედამ ძუძუთი კვებოს ჩვილი?

ყველა დედამ, რომელიც იმყოფება დაინფიცირებულ და რისკის ზონებში და გამოუვლინდება სიმპტომები - ტემპერატურის მატება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება - რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს სამედიცინო რჩევები და მიჰყვეს მათ.

ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობისა და სხვა რესპირატორული დაავადებების დედის რძით გადაცემის უმნიშვნელო როლის გათვალისწინებით დედას შეუძლია, განაგრძოს ბავშის ძუძუთი კვება უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის დაცვით.

იმ დედებმა, ვისაც აქვთ სიმპტომები, მაგრამ საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, რომ განაგრძონ ძუძუთი კვება, საჭიროა, ბავშვთან სიახლოვის დროს (მათ შორის, ძუძუთი კვების დროსაც) ატარონ სამედიცინო პირბადე, ბავშვთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ (ძუძუთი კვების ჩათვლით) დაიბანონ ხელები და გაწმინდონ დაბინძურებული ზედაპირები / ჩაატარონ მათი დეზინფექცია. ისევე, როგორც ეს უნდა მოხდეს COVID-19 ვირუსით დადასტურებულად დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე ეჭვის მქონე ნებისმიერი პირის სხვა ადამიანებთან, მათ შორის - ბავშვებთან, კონტაქტისას.

თუ დედა ძალიან ავადაა, სასურველია, მან გამოიწველოს რძე და მისცეს ბავშვს სუფთა ჭიქიდან და/ან კოვზით - ამ დროსაც სრულად უნდა იყოს დაცული ინფიცირების პრევენციის ზემოთ აღწერილი ნორმები.

ვღელავ ბულინგის, დისკრიმინაციის ან სტიგმის გამო. რა გზით შეიძლება ამ მდგომარეობაზე ლაპარაკი?

სრულიად გასაგებია, რომ თქვენ შეშფოთებული იყოთ კორონავირუსის გამო. მაგრამ შიში და სტიგმა ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მოდის ცნობები, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წარმოშობით აზიიდანაა, სიტყვიერ და ზოგჯერ კი ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციები სტრესულია ყველა იმ პირისთვის, ვისაც ის ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ინფორმირებულები და ერთმანეთის მიმართ სიკეთითა და მხარდაჭერით განმსჭვალულები. სიტყვებს დიდი ძალა აქვს და იმგვარი ენის გამოყენებამ, რაც ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს, შეიძლება ადამიანი აიძულოს, უარი თქვას გამოკვლევაზე და საკუთარი თავისა და მათი გარშემო მყოფების დასაცავად აუცილებელ ზომებზე.

ქვემოთ მოცემულია, რა უნდა და არ უნდა გააკეთოთ, როდესაც კორონავირუსის შესახებ საუბრობთ თქვენს შვილებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან:


კი: ილაპარაკეთ ახალი კორონავირუსის (COVID-19) დაავადებაზე.

არა: არ დაუკავშიროთ დაავადებას ადგილმდებარეობა ან ეთნიკურობა. გახსოვდეთ, ვირუსების სამიზნე არ ხდებიან გამიზნულად რომელიმე კონკრეტული პოპულაციის, ეთნიკური ჯგუფის ან რასის წარმომადგენლები.


კი: თქვით ასე: „პირები, ვისაც აქვს COVID-19”, “პირები, ვინც გადის მკურნალობას COVID-19-ზე”, “პირები, ვინც გამოჯანმრთელდა COVID-19-სგან” ან “პირები, ვინც დაიღუპა COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ”

არა: არ უწოდოთ იმ პირებს, ვისაც აქვს COVID-19 ვირუსი “COVID-19 ქეისები” ან “მსხვერპლი”


კი: თქვით: პირები, ვინც დაინფიცირდა ან ვისაც გადაედო COVID-19.

არა: არ თქვათ: „COVID-19-ის გადამდები პირი”, „სხვების დამაინფიცირებელი“, ან „ვირუსის გამავრცელებელი“, ვინაიდან ამგვარი სიტყვები დაავადების განზრახ გავრცელებას გულისხმობს და არის ბრალდება.


კი: COVID-19-ით გამოწვეულ რისკებზე ისაუბრეთ სიზუსტით, სამეცნიერო მონაცემებზე და ჯანდაცვის მუშაკების უახლეს ოფიციალურ რჩევებზე დაყრდნობით.

არა: ნუ გაიმეორებთ ან გაავრცელებთ დაუზუსტებელ „ჭორებს“, არ გამოიყენოთ ჰიპერბოლიზებული ენა, რომელიც მიმართულია შიშის დათესვისკენ (მაგალითად, ტერმინები: „შავი ჭირი“, „აპოკალიფსი“ და სხვ.).


კი: ისაუბრეთ დადებით კონტექსტში და ხაზი გაუსვით ეფექტიანი პრევენციული ზომების მნიშვნელობას, რომელშიც ასევე შედის ჩვენი რჩევები ხელის დაბანაზე. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს არის დაავადება, რომლის მორევაც მათ შეუძლიათ. არის მარტივი გზები, რომლის საშუალებითაც ყველა ჩვენგანს შეუძლია, უსაფრთხოდ ვიყოთ ჩვენ, ჩვენი ახლობლები და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები.

წყარო: unicef.org

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

„როდესაც  ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

ცნობილმა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიღებული ნეგატიური რეაქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაქცინა გაიკეთა:

„როდესაც მე გავიკეთე ვაქცინა,​ ახალი ნამშობიარები ვიყავი. დავდე ფოტო, მოვუწოდე ყველა დედას, რომ აი, ნახეთ, ქალბატონებო და გოგოებო, ავიცერი, ვარ ძალიან კარგად. ისეთი ამბავი ატყდა... ვიჯექი, ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, არ გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა გაბრაზდე.“

„ერთმა დამიწერა ღმერთის სახელით, რომ ღმერთის მაინც არ გეშინიაო?! შენი შვილები არ გეცოდებაო?! მე დავუწერე, რომ ჩემი შვილები შემეცოდებოდა, როდესაც მე არ ვიქნებოდი აცრილი-მეთქი. ისევ იმ ქალბატონმა დამიწერა: „იცინე, იცინე, ​რომ მოკვდები, მერე მე გავიცინებ...“ ის, რომ ჩიპი შევიყვანე თხევადი, ის, რომ ორ წელიწადში მე მოვკვდები, - ძალიან სერიოზული აგრესია წამოვიდა. მეუბნებოდნენ: რამდენი გადაგიხადეს? როგორ შეიძლება გაიყიდო ყველაფერზე?“ - აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „The Talk შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„The Talk შოუ“

წაიკითხეთ სრულად