Baby Bag

ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან საზიანო შეიძლება იყოს, ზოგი კი უბრალოდ გამოუსადეგარი რჩევების რიცხვში შედის - მითები კორონავირუსის შესახებ

ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან საზიანო შეიძლება იყოს, ზოგი კი უბრალოდ გამოუსადეგარი რჩევების რიცხვში შედის - მითები კორონავირუსის შესახებ

კორონავირუსი კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება, თუმცა მის დასამარცხებლად ეფექტური მედიკამენტები ჯერ კიდევ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ვირუსის სამკურნალო საშუალებების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სიცრუეა. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ გამოუსადეგარი რჩევების რიცხვში შედის, ზოგი კი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან საზიანო შეიძლება იყოს. ჩვენ კორონავირუსის მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ მითებს გაგაცნობთ, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ.

ნიორი

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიორს ინფექციის პრევენციის უნარი შესწევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიორი მართლაც სასარგებლო საკვებია, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედება ახასიათებს, თუმცა ის კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ახალი ვირუსის წინააღმდეგ ნივრის ეფექტურობას დაადასტურებს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის პროდუქტების მიღება ორგანიზმს არ აზიანებს, თუმცა მათ ვირუსული ინფექციების დამარცხების უნარიც არ აქვთ. თუ ნიორს მეტისმეტად მიეტანებით, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას გარკვეული ზიანიც მიაყენოთ. ჩინური პრესის ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელმაც 1,5 კილოგრამი უმი ნიორი მიირთვა, ყელში განვითარებული უმძიმესი ანთებითი პროცესების გამო საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. მართალია, ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაგრამ მათ სპეციფიკური ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტურად ვერ გამოიყენებთ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ჯადოსნური მინერალები

Youtube-ის ერთ-ერთი წარმატებული არხის შემქმნელი ჯორდან საზერი, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავს, ირწმუნება, რომ ჯადოსნური მინერალური დანამატი MMS კორონავირუსს ანადგურებს. აღნიშნული დანამატი ქლორის დიოქსიდს შეიცავს, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერი მათეთრებელი აგენტია. საზერი და მისი მიმდევრები აღნიშნულ დანამატს რეკომენდაციას კორონავირუსის გავრცელებამდეც უწევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ MMS-ის მიღება მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. მსგავსი ტიპის გამაფრთხილებელი განცხადებები სხვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმაც არაერთხელ გააკეთეს. არ არსებობს მტკიცებულება MMS-ის ეფექტური სამკურნალო თვისებების შესახებ, თუმცა მისი მიღება ნამდვილად იწვევს დიარეას, ღებინებას, გულისრევასა და დეჰიდრატაციას.

სახლში დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალებები

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამუდმებით მოგვიწოდებენ ხელის სადეზინფექციო საშუალებების აქტიური გამოყენებისკენ. იტალიაში აღნიშნული საშუალებების დეფიციტის წარმოქმნის შემდეგ, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა ვიდეორგოლები, რომლებშიც ადამიანები სადეზინფექციო საშუალებებს სახლის პირობებში ამზადებდნენ. მეცნიერების თქმით, სახლში დამზადებული სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება შესაძლებელია დაბინძურებული ავეჯის ზედაპირების გასაწმენდად, მაგრამ არა კანის დეზინფექციისთვის. ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარები და გელები დამარბილებელ საშუალებებსაც შეიცავს, რათა კანი დაზიანებისგან დაიცვას. სახლში მსგავსი ტიპის ხსნარების დამზადება შეუძლებელია.

კოლოიდური ვერცხლი

კოლოიდური ვერცხლი სითხეში განზავებული ვერცხლის უწვრილესი ნაწილაკებია. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მისი მიღებიდან 12 საათში ვირუსი ნადგურდება. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კოლოიდური ვერცხლის ეფექტური სამკურნალო თვისებების შესახებ. კოლოიდური ვერცხლის მომხმარებლები გვარწმუნებენ, რომ ის იმუნურ სისტემას აძლიერებს, ნებისმიერი სახის დაავადებას კურნავს და ძლიერი ანტისეპტიკია. კოლოიდურ ვერცხლს ხშირად იყენებენ ჭრილობაზე დასადები სახვევებისთვის, მაგრამ მისი დახმარებით კორონავირუსის დამარცხება ნამდვილად არ არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ კოლოიდურ ვერცხლს სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია. მისი დიდი რაოდენობით მიღება თირკმლის დაზიანებას, აპოპლექსიურ დამბლასა და არგირიას იწვევს.

ყოველ 15 წუთში წყლის დალევა

Facebook-ზე აქტიურად ვრცელდები პოსტი, რომელშიც „იაპონელი ექიმის“ რეკომენდაციებია გაჟღერებული. პოსტის ავტორები გავრწმუნებენ, რომ ყოველ 15 წუთში წყლის დალევა ნებისმიერი სახის ვირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება. აღნიშნული პოსტის არაბული ვერსია უკვე 250 000-მა ადამიანმა გააზიარა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტრუდი ლანგი გვაფრთხილებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არ უნდა ვენდოთ. მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმს არ გააჩნია ბიოლოგიური მექანიზმი, რომლის დახმარებითაც რესპირატორულ ვირუსს წყლის მეშვეობით ორგანიზმში გადაიტანს, შემდეგ კი გაანადგურებს. კორონავირუსის ინფექცია პირის ღრუს გავლით ორგანიზმში თუ მოხვდება, მას წყლის დალევით ვერ დაამარცხებთ. წყლის დალევა და ორგანიზმის ჰიდრატაციაზე ზრუნვა თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ეს ყოველ 15 წუთში გააკეთოთ.

სიცხე ვირუსის დასამარცხებლად

ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სიცხეს ვირუსის მოკვლის უნარი აქვს. ადამიანების ნაწილი ამტკიცებს, რომ ცხელი წყლის დალევა, ცხელი აბაზანის მიღება ან თმის საშრობის ხშირი გამოყენება ვირუსისგან დაგიცავთ. სოციალური ქსელები დაიპყრო ერთ-ერთმა პოსტმა, რომელიც საზოგადოებას Unicef-ის რეკომენდაციებს აცნობდა. პოსტის ავტორები გვარწმუნებდნენ, რომ ცხელი წყლის დალევა და მზის აბაზანების მიღება ახალ ვირუსს კლავს, ნაყინის მირთმევისგან კი თავი უნდა შევიკავოთ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული რეკომენდაციები Unicef-ს არ ეკუთვნის და პოსტი ცრუ ინფორმაციას შეიცავს. გრიპის ვირუსს მზე და ზაფხულის სიცხე ნამდვილად ანადგურებს, თუმცა რამდენად ეფექტურია სიცხე კორონავირუსის წინააღმდეგ, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. თუ თქვენს ორგანიზმში ვირუსი შეაღწევს, მზეზე გარუჯვა ვერ გიშველით, მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

თეთრეულისა და ტანსაცმლის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა ვირუსს გაანადგურებს, მაგრამ ცხელი წყლით ბანაობა კორონავირუსის დამარცხებაში ვერ დაგეხმარებათ. ცხელი წყლის დალევა თქვენი სხეულის ტემპერატურას ვერ შეცვლის. მეტი სიფრთხილისთვის გირჩევთ, მხოლოდ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გაეცნოთ.

მომზადებულია ​​bbc.com​-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილ პანიკას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვთ:

„რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.

ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც. ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები... ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოც. ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არდაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza, იგივე გრიპი სჭირდა (წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.

ასეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი - სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს),“ - წერს დავით მათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თებერვალს და­ფიქ­სირ­და. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წაიკითხეთ სრულად