Baby Bag

შეიკავეთ თავი მოწევისგან - კორონავირუსი ძლიერ ორგანიზმს ვერ ერევა

შეიკავეთ თავი მოწევისგან - კორონავირუსი ძლიერ ორგანიზმს ვერ ერევა
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ვირუსის პრევენციისა და კარანტინის რეჟიმის მოწესრიგების საკითხებს უთმობს. გარდა იმისა, რომ ვირუსის გავრცელების არეალში მყოფი ადამიანებისთვის ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებაა რეკომენდებული, დაავადების პრევენციისთვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მას ძლიერი ორგანიზმით შეხვდეთ.

იმუნური სისტემა ინფექციებსა და დაავადებებს ებრძვის. ის საფრთხეს სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ძალიან სწრაფად ამოიცნობს, რისი წყალობითაც ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს, პარაზიტებსა და არაჯანსაღ უჯრედებს (როგორიცაა სიმსივნური უჯრედი), აქტიურად ებრძვის. ვირუსებს საკუთარი პროტეინების გასამრავლებლად სპეციალური მექანიზმის ამუშავება ესაჭიროებათ. ვირუსულ ინფექციაზე ბუნებრივი იმუნური პასუხის საუკეთესო საშუალება ბუნებრივი მკვლელი უჯრედების აქტივაციაა, რომლებიც ვირუსულ ინფექციებს წარმატებით ებრძვიან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


თითოეულ ადამიანს განსხვავებული იმუნური სისტემა აქვს. იმუნური სისტემის მდგრადობა ყოველდღიურად იცვლება. იმუნიტეტის ბრძოლისუნარიანობა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ იმუნური სისტემის დასუსტების თავიდან აცილება შეძლოთ და კორონავირუსს ძლიერი ორგანიზმით შეხვდეთ, რამდენიმე ფაქტორზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.


სტრესის შემცირება

კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ზეგავლენით ადამიანები უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი ნაწილი იმდენად დაპანიკდა, რომ საკვებისა და აუცილებელი პროდუქტების მომარაგება დაიწყო. საგანგებო ვითარებისთვის სათანადო მზაობაში ცუდი არაფერია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სტრესი იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აქვეითებს, რის გამოც თქვენი ორგანიზმი ინფექციურ დაავადებებს ეფექტურად ვერ უმკლავდება. სტრესის ჰორმონის (კორტიზოლი) მცირე დოზით მატება ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა თუ კორტიზოლის დონე მეტისმეტად იმატებს, ორგანიზმში ანთებითი კერების წარმოშობის საფრთხე ჩნდება. სტრესი ლიმფოციტების წარმოების პროცესსაც აფერხებს. ლიმფოციტები ინფექციებთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სისხლში მათი დონის შემცირება თქვენ ვირუსებთან გამკლავებაში ხელს მნიშვნელოვნად გიშლით. ვირუსის აფეთქების პარალელურად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. პანიკა თქვენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. სტრესის შესამცირებლად რელაქსაციის სხვადასხვა საშუალებას მიმართეთ. კარგია, თუ მედიტაციით დაკავდებით.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა

რეგულარული ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს, ის არტერიულ წნევას არეგულირებს, წონის გაკონტროლებაში გეხმარებათ და დაავადებებთან ბრძოლაშიც გიწყობთ ხელს. ფიზიკური დატვირთვა სისხლის ცირკულაციასაც აუმჯობესებს, რის გამოც იმუნური სისტემა გამართულად და ეფექტურად მუშაობს. რეგულარული ვარჯიში თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, რაც ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში გეხმარებათ. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმში ანთებითი კერების წარმოქმნას უწყობს ხელს. ვირუსების აფეთქების პერიოდში მეტისმეტად რთული დატვირთვისგან თავი შეიკავეთ.

ბალანსირებული კვების რაციონი

იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის ჯანსაღად და სრულფასოვნად კვება აუცილებელია. ღარიბ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანებს საკვების მოპოვება უჭირთ, ვირუსული ინფექციები ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ორგანიზმში გარკვეული მიკრონუტრიენტების დაბალი შემცველობა დაავადებებისადმი იმუნურ რეაქციებს ასუსტებს. დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად სათანადო რაოდენობის თუთიას, რკინას, ფოლიუმის მჟავას, სელენს, სპილენძს, C, A, B6 და E ვიტამინებს იღებთ. თქვენი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდრეთ, რათა ორგანიზმის გაჯანსაღება და გაძლიერება შეძლოთ.

მოწევისგან თავის შეკავება

თამბაქოს მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის პნევმონიითა და სეზონური ვირუსებით დაავადების რისკებს. მწეველი ადამიანის ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგან გასათავისუფლებლად უფრო დიდი დრო სჭირდება. მოწევა მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში C ვიტამინის დონეს, რომელიც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი დამცავი ანტიოქსიდანტია.

ძილის რეჟიმის მოწესრიგება

კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებსაც მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი აქვთ, ვირუსული ინფექციებით უფრო მარტივად ავადდებიან. ძილის დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ციტოკინი გამომუშავდება. ციტოკინი ცილაა, რომელიც ინფექციებისა და ანთებითი პროცესების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ორგანიზმს აუცილებლად სჭრიდება. როდესაც თქვენ ძალიან ცოტა გძინავთ, ანტისხეულებისა და იმუნური უჯრედების დეფიციტის პრობლემის წინაშე დგებით. ზრდასრულ ადამიანებს დღე-ღამეში 7-8 საათი მაინც უნდა ეძინოთ, ბავშვებსა და თინეიჯერებს კი სულ ცოტა 10 საათი.

ადამიანები იმუნიტეტის გასაძლიერებლად ხშირად მიირთმევენ მცენარეულ პრეპარატებსა და სიროფებს, თუმცა ჯერჯერობით მათი ეფექტურობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

მომზადებულია ​zmescience.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ... ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ... ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ

ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ ​მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:

1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.

​საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.

წაიკითხეთ სრულად