Baby Bag

სამყაროს ახლა ყველაზე ნაკლებად წითელას ეპიდემიის აფეთქება სჭირდება - უნდა ჩაუტარდეთ თუ არა გეგმიური აცრები ბავშვებს კორონავირუსის პანდემიის დროს?

სამყაროს ახლა ყველაზე ნაკლებად წითელას ეპიდემიის აფეთქება სჭირდება - უნდა ჩაუტარდეთ თუ არა გეგმიური აცრები ბავშვებს კორონავირუსის პანდემიის დროს?
მშობლების დიდ ნაწილს პანდემიის ფონზე გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მათ არ იციან, უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს ვაქცინაცია შექმნილი რთული ვითარების გამო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, პატარებისთვის გეგმიური აცრების ჩატარება აუცილებელია, რაც სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვით უნდა მოხდეს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის ცნობით, სამყაროს ახლა ყველაზე ნაკლებად წითელას ეპიდემიის აფეთქება სჭირდება. Covid-19-ის მასშტაბური გავრცელების ფონზე ვაქცინაცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რის გამოც გეგმიური აცრების ჩატარება აუცილებელია.

„თუ ვაქცინაციის რიცხვი მოიკლებს, ჩვენ კიდევ ერთ პანდემიას მივიღებთ. წითელას ეპიდემია იფეთქებს, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებს. ბავშვებს გეგმიური აცრები 10 მძიმე დაავადების პრევენციის მიზნით უტარდებათ. ზოგიერთი ვაქცინა რამდენჯერმე კეთდება, რათა ორგანიზმმა იმუნური პასუხი გამოიმუშავოს. თუ გეგმიურ აცრებზე უარს ვიტყვით, პატარების სიცოცხლეს საფრთხის წინაშე დავაყენებთ, რადგან ის დაავადებები, რომლებისგანაც ბავშვებს ვაქცინაცია იცავს, საკმაოდ მძიმე დაავადებებია. ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია.“ - აღნიშნულია ამერიკის პედიატრთა აკადემიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

ამერიკის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა, რომლებიც პანდემიის ფონზე სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ, გარკვეული მექანიზმით უნდა იხელმძღვანელონ. თუ ისინი ყველა პაციენტის მიღებას ვერ ახერხებენ, უპირატესობა ახალშობილებს და 2 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიანიჭონ. აუცილებელია, რომ ამ ასაკის ბავშვებს ყველა გეგმიური აცრა დროულად ჩაუტარდეთ.

ბავშვის ვაქცინაციაზე მიყვანის დროს მშობლებმა სიფრთხილის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვან. ვიდრე ექიმთან მათი ვიზიტის დრო მოვა, უმჯობესია, რიგს მანქანაში დაელოდონ, რათა ვირუსით დაინფიცირების რისკები მნიშვნელოვნად შეამცირონ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს დღის პირველ ნახევარში იღებენ, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტებს კი - საღამოობით. ღამის განმავლობაში კლინიკებს სრულფასოვანი დეზინფექცია უტარდება, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ადამიანებს შინაური ცხოველების ბედიც აღელვებთ. ყველას აინტერესებს, როგორ უნდა დაიცვან საყვარელი ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში. ამერიკის ვეტერინართა სამედიცინო ასოციაციის ცნობით ჰონგ-კონგში 2 ძაღლს, ხოლო ბელგიაში 1 კატას კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა აღნიშნული მონაცემები საბოლოო დასკვნების გაკეთების საფუძველს არ იძლევა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხოველებს სხვა ცხოველების ან ადამიანების Covid-19-ით დაინფიცირების უნარი აქვთ.

ვერავინ იტყვის, რომ ძაღლები, რომლებსაც კლინიკური სიმპტომები უვითარდებათ, ადამიანებმა დააინფიცირეს. მიუხედავად ამისა, ცხოველებთან ურთიერთობის დროსაც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. არსებობს საფრთხე, რომ დაინფიცირებულ ცხოველთან ურთიერთობისას ვირუსი თქვენც გადმოგედოთ. როდესაც ცხოველის საკვებს, კანს, ბეწვს ან ფეკალიებს ეხებით, ხელი გულმოდგინედ უნდა დაიბანოთ. ადამიანებმა ცხოველებთანაც ისეთივე სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან, როგორც ამას სხვა ადამიანებთან აკეთებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეტერინარები მხოლოდ ავადმყოფ და სხეულის დაზიანებების მქონე ცხოველებს სინჯავენ, რათა კლინიკებში მისული ადამიანების რიცხვი მაქსიმალურად შეამცირონ, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებს.

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უმრავლესობას ჰიგიენური და თავდაცვის საშუალებების დეფიციტის პრობლემა აწუხებს. ამერიკელები სოციალურ ქსელებში განაწყენებულ პოსტებს ხშირად აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჰიგიენური საშუალებების დეფიციტი არ უნდა იყოს. ჰიგიენური საშუალებების გამოყენება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ნამდვილად ეფექტურია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს სექტორს ჰიგიენური პროდუქტების წარმოების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყნის მასშტაბით არსებული მწვავე დეფიციტის აღმოფხვრა შეძლონ. თავდაცვის საშუალებებით პირველ რიგში რისკ ჯგუფები უნდა აღიჭურვონ.

მომზადებულია ​komonews.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ