Baby Bag

ექიმი გვიხსნის იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც ბოლო პერიოდია მუდმივად გვესმის

ექიმი გვიხსნის იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც ბოლო პერიოდია მუდმივად გვესმის

პედიატრმა თამარ ობგაიძემ თავის ​ბლოგზე მორიგი საინტერესო პოსტი განათავსა. ექიმი გვიხნის იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდია გვესმის:

იხილეთ პედიატრის მიერ შედგენილი კორონავირუსული ლექსიკონი:

კორონავირუსი - სახელწოდება წარმოსდგება ვირუსის აგებულებიდან. მის ზედაპირზე არსებული ცილები გვირგვინის შესახედაობას ქმნიან. „კორონა“ - გვირგვინი.

COVID-19 –ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება

SARS-CoV-2 - COVID-19 -ის გამომწვევი კორონავირუსის დასახელების აბრევიატურაა

შტამი - მიკროორგანიზმის ( ვირუსის ან ბაქტერიის) სახეობა, რომელიც გამოყოფილია რომელიმე წყაროდან, მაგალითად, ადამიანიდან, ცხოველიდან, მცენარიდან. კონკრეტული მიკროორგანიზმი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას სხვადასხვა შტამით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება დაავადების გამოწვევის უნარით, სიმძიმით, მედიკამენტზე მგრძნობელობით.

კლასტერი - ძველი ინგლისური სიტყვიდან clyster, რაც ნიშნავს ჯგუფს, კონას (https://www.vocabulary.com/dictionary/cluster) . ეპიდემიოლოგიაში კლასტერი ნიშნავს დაავადებათა შემთხვევების ჯგუფს, როცა ერთსადაიმავე დროსა და ადგილზე გამოვლინდა დაავადება. მაგალითად, კორონავირუსით ინფიცირებულთა მარნეულის კლასტერი, იტალიის კლასტერი და ა.შ.

ზოონოზი - ცხოველური წარმოშობის ინფექცია, რომელიც შესაძლოა ადამიანებშიც გავრცელდეს.

ფომიტი - ვირუსებით, ბაქტერიებით ან პარაზიტებით დაბინძურებული ნებისმიერი ზედაპირი

სიმპტომი - დაავადების ნიშანი

ასიმპტომური ავადმყოფი - პაციენტი, რომელსაც არ აქვს დაავადების არანაირი ნიშანი, თუმცა ის ინფიცირებულია და შეუძლია გაავრცელოს დაავადება

ასიმპტომური მკურნალობა - მკურნალობის ტიპი, როცა ხდება სიმპტომის მკურნალობა და არა დაავადების. მაგალითად, ინფექციის დროს ცხელების მართვა სიმპტომური მკურნალობაა.

ეტიოტროპული მკურნალობა - როცა ხდება დაავადების გამომწვევ ვირუსზე ან ბაქტერიაზე წამლით ზემოქმედება. ყველა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი და ანტიბიოტიკი განიხილება, როგორც ეტიოტროპული მკურნალობის საშუალება.

პათოგენეზური მკურნალობა - მკურნალობის ტიპი, როცა ზემოქმედება ხდება დაავადების ძირითად მექნიზმებზე. როცა არ არსებობს ეტიოტროპული მკურნალობა, პათოგენეზური თერაპია მკურნალობის მთავარი პრინციპია.

ჟანგბადის სატურაცია - ჰემოგლობინის გაჯერება ჟანგბადით. ჰემოგლობინი ცილისა და რკინის ნაერთია, რომელიც იერთებს ჟანგბადს. იზომება ხელსაწყო პულსოქსიმეტრით. ნორმაში - 95%-100%. ფილტვის ანთების დროს, მათ შორის კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში, როცა ირღვევა სისხლის გაჯერება ჟანგბადით, სატურაცია ქვეითდება.

ანტისხეულები - ცილები, რომელბისაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს დაავადების გადატანის შემდეგ და განაპირობებს იმუნიტეტს.

ანტიგენი - ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებაა, უპირატესად ცილოვანი წარმოშობის, რომელიც ორგანიზზმში შეყვანისას იწვევს იმუნური სისტემის გააქტივებას და ანტისხეულების გამომუშავებას მის შესაბოჭად და გასაუვნებლად

ავადმყოფობის ანამნეზი - ავადმყოფობის ისტორია, რაც ნიშნავს პაუხს კითხვებზე -რამდენი ხანია ავადაა პირი, როგორ დაწყო დაავადება, რას უკავშირებს, ჰქონდა თუ არა კავშირი სხვა დაავადებულთან, რა მკურნალობა ჩაიტარა.

გასტროინტესტინური სიმპტომი - დაავადების ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის სისტემასთან, მაგალითად, ფაღარათი, ღებინება.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი - ცილა ადამიანის უჯრედზე, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში შესაღწევად.

PCR - პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია - კვლევის ზუსტი მეთოდი, რომელიც გულისხმობს ინფექციური აგენტის გენეტიკური მასალის (დნმ) გამოვლენას საკვლევ მასალში, მისი უმცირესი კონცენტრაციის დროსაც კი. კონკრეტული გენეტიკური მასალის გამოვლენით ვმსჯელობთ დაავადების გამომწვევზე.

კორონავირუსის აღმოსაჩენი სწრაფი ტესტი - არსებობს ორი სახის სადიაგნოსტიკო ტესტი ვირუსის სწრაფად გამოსავლენად. პირველი მათგანისათვის საკვლევი მასალა არის სისხლი, სადაც ვსაზღვრავთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს (Ig M, Ig G) . იმის მიხედვით, თუ რომელი ანსტიხეული გამოვლინდება, ვმსჯელობთ დაავადება მწვავეა თუ უკვე გადატანილი. ოღონდ მწვავე შემთხვევის განსაზღვრა მხოლოდ მე-5-7 დღესაა შესაძელებლი, შესაბამისად, ამ ტესტს სწორედ ეს ნაკლი აქვს - ინფიცირების უფრო ადრე ვადაზე დაავადებას ვერ დავადგენთ. მეორე ტიპის სწრაფი ტესტი უფრო მარტივია, ხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება და დაგინდება, არის თუ არა მასში ვირუსული ანტიგენი.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და თეორია გავრცელდა, თუმცა ჯერ არ არის მეცნიერულად გამყარებული.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება იმიტომ არის, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, პატარებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის. ჯერ მონაცემები ცოტაა, ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ დროისათვის ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში. გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა კორონავირუსების დროს. SARS-CoV-ის დროს ლეტალობა იყო თითქმის 10%, MERS-CoV-ის დროს - 30%-ზე მეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ახალი კორონავირუსი ძალიან საყურადღებოა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 213 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

წაიკითხეთ სრულად