Baby Bag

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

მეცნიერები ბავშვების სახიფათო ტოქსინებისგან დასაცავად მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

სახლში ძველი ხალიჩები თუ გაქვთ და პატარებიც გყავთ, დეკორაციის ცვლილებაზე დაფიქრება მოგიწევთ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს ძველ ხალიჩებთან კონტაქტის დროს საშიშ ქიმიკატებთან აქვთ შეხება. PFAS - პერფუორალკილები საშიში ქიმიკატებია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უკიდურესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.


PFAS ქიმიკატები ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის რღვევას, იმუნური სისტემის დისფუნქციებს, ნეიროგანვითარების დარღვევებს და სიმსივნეს იწვევს. მწარმოებლები აღნიშნულ ქიმიკატებს ხალიჩების ლაქებისა და ჭუჭყისგან დასაცავად იყენებდნენ, თუმცა თანამედროვე სამყაროში აღნიშნული ქიმიკატების გამოყენება თითქმის ყველა მწარმოებელმა შეწყვიტა. ოჯახებმა, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა ბავშვების ტოქსინებისგან დასაცავად ძველი ხალიჩები ახლით უნდა ჩაანაცვლონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები აქტიურად ტარდება. მკვლევარების თქმით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უდიდესი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში იატაკზე ძალიან დიდ დროს ატარებს, რის გამოც, მათ ხალიჩასთან შეხება ხშირად აქვთ.

საშიში ქიმიკატები, რომლებსაც ძველი ხალიჩები გამოყოფენ ბავშვების ხელებსა და სათამაშოებზე გროვდება. პატარები ხშირად ხელებს და თოჯინებს პირში იდებენ, რაც ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრას უწყობს ხელს.

მკვლევარებმა კალიფორნიის 18 საბავშვო ბაღიდან ხალიჩებსა და მტვერში PFAS ქიმიკატების კონცენტრაციის შესასწავლად სპეციალური კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ძველი ხალიჩები 40-მდე PFAS ქიმიკატს შეიცავდა, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა.

საბედნიეროდ, სავაჭრო კომპანიების უდიდესი ნაწილი აღნიშნული ქიმიკატების შემცველი ხალიჩების გაყიდვაზე უარს აცხადებს. მკვლევარები თვლიან, რომ კომპანიების გადაწყვეტილება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.

საბავშვო ბაღები, სკოლები და ოჯახები ახალი ხალიჩების შეძენით ბავშვების სახიფათო ქიმიკატების ზეგავლენისგან დაცვას შეძლებენ. PFAS ქიმიკატები საკმაოდ მდგრადი და გამძლეა, ამასთან აღნიშნულ ქიმიკატებს ორგანიზმისთვის უამრავი ზიანის მიყენება შეუძლია. მკვლევარები მშობლებს ძველ ხალიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, რათა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. 


მომზადებულია ​usnews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად