Baby Bag

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სად წავიყვანოთ ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად, რამდენი ხნით გავასეირნოთ გარეთ და რა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ თემებზე ​Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო ინგა, სად წავიყვანოთ ზაფხულში ბავშვები დასასვენებლად? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს?

- მე პირადად, მოვერიდებოდი ბავშვის ზღვაზე წაყვანას, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს ვირუსი წყლით. მშობლებს ვურჩევ, რომ დასასვენებლად წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც ქალაქისგან მოშორებით, რეკრეაციულ გარემოში გაიყვანენ ბავშვს სასეირნოდ. შესაძლებელია, ეს იყოს აგარაკი, სოფელი ან მთიანი რეგიონი, ხოლო ზღვაზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

- გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? დღის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით გავასეირნოთ ბავშვები?

- აუცილებელია, ბავშვი გავიყვანოთ გარეთ, რადგან სახლში, იზოლაციაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა, გავლენა მოახდინა ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. D ვიტამინის გამომუშავების მიზნით, სასურველია, ბავშვი დილის საათებში - 10-დან 12-მდე და საღამოს 5-დან 7-მდე პერიოდში გავიყვანოთ გარეთ ნახევარ-ნახევარი საათით. ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცირება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვი ზედაპირთან შეხებას, რადგან ზუსტი კვლევა არ არსებობს, ჩერდება თუ არა ვირუსი ზედაპირზე. თუ მაინც შეეხო ბავშვი ზედაპირს, დაუყოვნებლივ უნდა დავუმუშავოთ ხელები. რაც შეეხება თავდაცვის სხვა საშუალებებს, 3 წლამდე ბავშვისთვის ნიღბის ტარება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან, პირველ რიგში, მას სუნთქვა უჭირს და ამასთანავე, ხშირად ცდილობს, ხელი წაიღოს ცხვირ-ტუჩის არისკენ, რაც დაინფიცირების შანსებს ზრდის.

- რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

- შედარებით უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ თხოვნა მექნება მშობლებთან, მოვერიდოთ სტუმრობას, მეგობრებთან სიარულს და თავშეყრის ადგილებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ნებისმიერ ეპიდემიას გააჩნია თავისი ტალღები. მეორე და მესამე ტალღა რომ არ წამოვიდეს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ​არ უნდა ვაკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩის არეში, ვასწავლოთ მათ საპნით ხელების სრულფასოვნად დაბანა, რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან და უბრალოდ ხელებს ისველებენ.

ესაუბრა: სოფიო შავაძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მზრუნ​ველი დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ...''

,,ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ...''
საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,79 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია - 160 (წყარო იხილეთ ბმულში)

ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.

ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….

დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით …

ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.

ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.

სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.

დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია.

ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ.

ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ.

ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ:
  • ვაქცინაცია ,,ფაიზერით" 12 წლის ასაკიდან
  • ბუსტერი ("ფაიზერის" მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
  • სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)
  • ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა.
  • კომენდანტის საათი 20:00 - 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა)
  • სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე.
  • კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
  • ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. 
  • ყველა ,,არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში - 2 თვით. 
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება. 

ეს შესაძლებელია.

იხილეთ წყაროები თუ რატომ რეალური სიკვდილის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტია ვინდრე ოფიციალური:

📌 https://elifesciences.org/articles/69336#s2'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 



წაიკითხეთ სრულად