Baby Bag

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სად წავიყვანოთ ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად, რამდენი ხნით გავასეირნოთ გარეთ და რა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ თემებზე ​Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო ინგა, სად წავიყვანოთ ზაფხულში ბავშვები დასასვენებლად? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს?

- მე პირადად, მოვერიდებოდი ბავშვის ზღვაზე წაყვანას, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს ვირუსი წყლით. მშობლებს ვურჩევ, რომ დასასვენებლად წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც ქალაქისგან მოშორებით, რეკრეაციულ გარემოში გაიყვანენ ბავშვს სასეირნოდ. შესაძლებელია, ეს იყოს აგარაკი, სოფელი ან მთიანი რეგიონი, ხოლო ზღვაზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

- გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? დღის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით გავასეირნოთ ბავშვები?

- აუცილებელია, ბავშვი გავიყვანოთ გარეთ, რადგან სახლში, იზოლაციაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა, გავლენა მოახდინა ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. D ვიტამინის გამომუშავების მიზნით, სასურველია, ბავშვი დილის საათებში - 10-დან 12-მდე და საღამოს 5-დან 7-მდე პერიოდში გავიყვანოთ გარეთ ნახევარ-ნახევარი საათით. ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცირება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვი ზედაპირთან შეხებას, რადგან ზუსტი კვლევა არ არსებობს, ჩერდება თუ არა ვირუსი ზედაპირზე. თუ მაინც შეეხო ბავშვი ზედაპირს, დაუყოვნებლივ უნდა დავუმუშავოთ ხელები. რაც შეეხება თავდაცვის სხვა საშუალებებს, 3 წლამდე ბავშვისთვის ნიღბის ტარება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან, პირველ რიგში, მას სუნთქვა უჭირს და ამასთანავე, ხშირად ცდილობს, ხელი წაიღოს ცხვირ-ტუჩის არისკენ, რაც დაინფიცირების შანსებს ზრდის.

- რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

- შედარებით უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ თხოვნა მექნება მშობლებთან, მოვერიდოთ სტუმრობას, მეგობრებთან სიარულს და თავშეყრის ადგილებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ნებისმიერ ეპიდემიას გააჩნია თავისი ტალღები. მეორე და მესამე ტალღა რომ არ წამოვიდეს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ​არ უნდა ვაკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩის არეში, ვასწავლოთ მათ საპნით ხელების სრულფასოვნად დაბანა, რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან და უბრალოდ ხელებს ისველებენ.

ესაუბრა: სოფიო შავაძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მზრუნ​ველი დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამადად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.

როგორც ნათია მეზვირშვილმა აღნიშნა, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა მას შემდეგ რაც ეკონომიკური შეზღუდვები შევამსუბუქეთ. ბუნებრივია, ის ყველაფერი რაც ხდება, შემთხვევების მატება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ წესების დაცვისკენ, ეკონომიკის შეზღუდვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს და ამაზე თამამად ვსაუბრობთ. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ატაროს არამხოლოდ შენობაში, არამედ მის გარეთაც, სადაც ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან,'' - განაცხადა მეზვრიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად