Baby Bag

შილაკის ხშირი გამოყენება და კანის სიმსივნის დიაგნოზი - დერმატოლოგების გაფრთხილება

შილაკის ხშირი გამოყენება და კანის სიმსივნის დიაგნოზი - დერმატოლოგების გაფრთხილება

ქალბატონებს უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება შილაკი რომ არ არსებობდეს. გელის გაშრობის მარტივი პროცედურა, გლუვი ზედაპირი და 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნებული შედეგი ყველა ქალბატონის ახდენილი ოცნებაა. თუ თქვენ გსურთ, რომ ფრჩხილების მოვლის პროცედურებით თავი ზედმეტად არ შეიწუხოთ, შილაკი სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. ქალბატონები, რომლებიც ნიშნობიდან თაფლობის თვის დასრულებამდე ფრჩხილებისთვის ვერ იცლიან, შილაკის წყალობით მაინც შესანიშნავად გამოიყურებიან. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, თუმცა რამდენად უსაფრთხოა შილაკი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ამ კითხვაზე კომპეტენტური დერმატოლოგები არცთუ სახარბიელო პასუხებს გვცემენ.

ქალბატონები ხშირად სხვამენ შემდეგ შეკითხვას: რამდენად უსაფრთხოა ულტრაიისფერი გამოსხივება კანისა და ფრჩხილებისთვის? როდესაც თქვენ შილაკის პროცედურას იტარებთ, გელის გასაშრობად ხელები ულტრაიისფერი ნათურის ქვეშ უნდა მოათავსოთ. მსგავსი ტიპის ნათურის დასხივება ჯანმრთელობისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. „ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ან ხშირი დასხივება კანის სიმსივნის განვითარებას იწვევს, მაღალია კანის ნაადრევად დაბერების რისკიც.“ - აცხადებს ნიუ-იორკის სინას მთის საავადმყოფოს მკვლევარ-დერმატოლოგი ჯოშუა ზეიჩნერი.

„უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ადამიანებს კანის სიმსივნის დიაგნოზი სწორედ შილაკის ხშირი გამოყენების გამო დაუსვეს. სიმსივნე კანზე ხელებიდან განვითარდა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა შედეგის მომტანია ყოველ ორ კვირაში შილაკის პერმანენტულად გაკეთება. აღნიშნული საკითხის შესწავლას დრო სჭირდება.“ - აღნიშნავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, დერმატოლოგი შარი მარჩბეინი.

შილაკი არამხოლოდ ეპიდერმისსა და ფრჩხილების მიმდებარე უბნებს აზიანებს, ის თავად ფრჩხილის სიჯანსაღესაც უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები ქალბატონებს ურჩევენ, რომ მათ შილაკი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიკეთონ, როდესაც ისინი ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიან ან ქორწილისთვის ემზადებიან. ყოველდღიურად კი სტანდარტული ფრჩხილის ლაქების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია.

დერმატოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ შილაკის პროცედურის დროს საუკეთესო თავდაცვის საშუალებები მზისგან დამცავი კრემი და უთითო ხელთათმანებია. ექიმი მარჩბეინი ქალბატონებს ურჩევს, რომ შილაკის წასმამდე მათ ხელზე აუცილებლად უნდა დაიტანონ მზისგან დამცავი კრემი SPF 30-ით. აუცილებელია, რომ პროცედურის დაწყებამდე ქალბატონებმა ორივე ხელზე ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი გამძლე უთითო ხელთათმანები გაიკეთონ.

დერმატოლოგები ქალბატონებს ისეთი ფრჩხილის ლაქების გამოყენებას ურჩევენ, რომლებიც მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. ამ გზით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავს მარტივად დაიცავენ.

მომზადებულია Brides.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დარიჩინს სუპერ სანელებელს უწოდებენ, რადგან ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით,“- ლევან რატიანი

„დარიჩინს სუპერ სანელებელს უწოდებენ, რადგან ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით,“- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პასკაში შემავალი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„დარიჩინის ჩხირი მიიღება დარიჩინის ხისგან. შემდეგ ამ ჩხირს ფქვავენ და წარმოიქმნება დარიჩინის ფქვილი. დარიჩინის ფქვილი გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც სანელებელი. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები. სწორედ ანტიოქსიდანტური თვისების გამო ის მონელების პროცესს უწყობს ხელს. ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით. ამიტომაც უწოდებენ მას სუპერ სანელებელს.

მუსკატის კაკალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს. მუსკატს ახასიათებს ანტისპაზმური, ანტიდეპრესიული და შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ძველ ინდოეთში ვისაც ჰქონდა უძილობა და შფოთვა, მუსკატის ფხვნილს მოუფრქვევდნენ ხოლმე ბალიშზე.

ქიშმიში შეიცავს მიკროელემენტებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას, B ჯგუფის ვიტამინებსა და E ვიტამინს,“- აღნიშნულ თემაზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად