Baby Bag

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ზაფხულში გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის რეკომენდაციებს:

„​ძვირფასო მშობლებო! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც! მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა! ამიტომ:

  • ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას
  • მიაქციეთ ყურადღება, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში
  • კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი, 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში
  • ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია, შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული
  • ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა
  • გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ
  • ზოგადად ჯობია, ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი
  • ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია, მოხვდეთ დილით 9 საათიდან 11-მდე და საღამოს 17 საათიდან 19-მდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50 და თავზე დაახურთ კეპი
  • მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს
  • ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას. ბავშვს შეიძლება, ალერგიული რეაქციები განუვითარდეს. ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია, დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს. ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან! 


​ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს,“ - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე ​დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მშობლების პანიკა აისახება შვილებზე" - როგორ ავარიდოთ ბავშვს ავადმყოფობისას სტრესი?

,,მშობლების პანიკა აისახება შვილებზე" - როგორ ავარიდოთ ბავშვს ავადმყოფობისას სტრესი?

პედიატრმა, ინგა მამუჩიშვილმა გადაცემაში ,,შენი დილა" ისაუბრა, რა შემთხვევაში არ უნდა ჩავუტაროთ ბავშვებს გამოკვლევები და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  ავადმყოფობის დროს მათ არ შეეშინდეთ.

,,თემა ძალიან აქტუალურია. მოგეხსენებათ, ფობიების ეპოქაა და ყველაფრის გვეშინია, განსაკუთრებით - დაავადებების. ამაში დიდი წვლილი, მათ შორის, სოციალურ ქსელებს აქვს. მშობლები სხვადასხვა პლატფორმაზე არიან გაერთიანებული, ეკონტაქტებიან ერთმანეთს, შედეგად, ძალიან ხშირად ხდება ბავშვების უსაფუძვლო კვლევები. რა თქმა აუნდა, ამ შემთხვვევაში, ბავშვი მოწყვლადია შიშის მხრივ, რადგან მშობლის შიში ყველაზე მეტად ბავშვებზე გადადის. იწყებენ შვილების გამოკვლევას პატარა მიზეზის გამო. ამ კვლევების ჩამონათვალი არ არის მარტივი. ისინი არის როგორც ლაბორატორიული, ისე - რადიოლოგიური. ექიმის გადასაწყვეტია, რა გამოკვლევებია საჭირო. ამისთვის პერიატრთან კომუნიკაცია აუცილებელია. ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში, გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია წელიწადში ერთხელ. 

მშობლების პანიკა აისახება შვილებზე. ძალიან რთულია, მაგრამ დედამ თავი უნდა აიყვანოს ხელში. ხშირად ასე ხდება, რომ როდესაც გათენდება, მშობლები თვითონ იწყებენ შეკითხვების დასმას - თავი ხომ არ გტკივა? მუცელი ხომ არ გტკივა?

მაღალი ტემპერატურა მშობლებს ძალიან აშინებთ. ამ დროს ყველაზე მეტად მათ ეშინიათ, რომ ბავშვს არ დაემართოს გულყრა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში. 5 წლამდე ბავშვებში ნორმად მიიჩნევა გულყრა. ჩვენ ასეთ დროს უნდა შევეცადოთ, დავუწიოთ სიცხე, უნდა მივაწოდოთ ძალიან ბევრი სახის სითხე, გავაგრილოთ ბავშვი და არავითარ შემთხვევაში არ ჩავფუთნოთ. სანამ ტემპერატურა არ მიაღწევს მაქსიმუმადე, ბავშვს სცივა, აკანკალებს. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩავათბუნოთ. ძალიან მნიშვნელოვან შიშს წარმოადგენს ხოლმე მშობლებისთვის ბავშვის აჩქარებული სუნთქვა, გულისცემა. ეს ყველაფერი მაღალი ტემპერატურის ნორმად მიიჩნევა. ასევე, ხშირად ეშინიათ ცრუ კრუპის განვითარების", - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.

წყარო: ,​,შენი დილა"

 


წაიკითხეთ სრულად