დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა იოდის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას წარმოადგენს მიკროელემენტი იოდი? რას გულისხმობს იოდის დეფიციტი? რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს ორგანიზმში იოდის დეფიციტმა? ვინ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს? რა პროფილაქტიკის ზომებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ჩვენთვის მისი წყაროა ცხოველური (დაახლოებით 70%) და მცენარეული (დაახლოებით 30%) საკვები. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები: ზღვის კომბოსტო, თევზი. ასევე იოდს შეიცავს რძის ნაწარმი, კვერცხი. მოსახლეობაში გავრცელებული აზრი, რომ მაგ: კაკლის უღელი, ფეიხოა, კივი შეიცავენ იოდს დიდი ოდენობით, სიმართლეს არ შეესაბამება, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ხილსა და ბოსტნეულში იოდი არის ძალიან მცირე რაოდენობით. მისი შემცველობა ცხოველურ ნაწარმში უფრო მეტია.
ადამიანის ორგანიზმში იოდს განსაკუთრებული როლი უკავია - იგი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში. მის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა შეუძლებელია. აღნიშნული ჰორმონების როლი კი ჩვენს ორგანიზმში ფასდაუდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაში.
რა ხდება როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი ოდენობით მიკროელემენტ იოდს? - ასეთ დროს ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია, გახდეს ორგანიზმისთვის მრავალი სერიოზული დარღვევის დასაბამი.
იოდის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადებაა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იოდდეფიციტურ რეგიონს მიეკუთვნება, განსაკუთრებით ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს მთიან მხარეებში: მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, კახეთის მთიანეთი და ზემო იმერეთი. განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მეძუძური დედები და ბავშვთა ასაკის მოსახლეობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოდის როლი უმნიშვნელოვანესია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის, მისი დეფიციტის დროს ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური უკმარობა (სამედიცინო ენაზე_ ჰიპოთირეოზი), ხშირად ასევე ხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში ზრდა ( ე.წ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი _ ჩიყვი), ეს უკანასკნელი ენდემური ჩიყვის სახელით არის ცნობილი (ძირითადად ჩვენს ქვეყანაში ზემოთ აღნიშნულ მთიან რეგიონებში იყო გავრცელებული, ამჟამად იოდდეფიციტთან ბრძოლის ფონზე ენდემური ჩიყვის შემთხვევები მცირეა).
ადამიანების ჩივილები იოდდეფიციტის დროს მრავალფეროვანია:
- კისრის წინა არეში დისკომფორტი (ჯირკლის მოცულობაში ზრდის გამო იგი აწვება ახლომდებარე ქსოვილებს, შესაძლებელია გამოიწვიოს ხმის ტემბრის ცვლა და ხველა),
- ადვილად დაღლა,
- წონაში მატება,
- თმის ცვენა,
- კანის სიმშრალე,
- გულის რიტმის შენელება,
- შეკრულობა,
- უხასიათობა,
- იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ
მუცლადყოფნის და ცხოვრების პირველ წლებში განვითარებული იოდდეფიციტის შედეგები შესაძლოა, სავალალოც აღმოჩნდეს, რადგან ბავშვის ინტელექტუალური განვითარება სწორედ ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია ყველა ორსულს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდეს ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევები ორსულობის მანძილზე. ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, რადგან ორსულთა პატრონაჟში აქტიურად ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევები.
ბოლოს, შევეხოთ მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას: როგორ ხდება იოდდეფიციტის პროფილაქტიკა - ამ შემთხვევაშიც ვერ გავექცევით სწორ დაბალანსებულ, რაციონალურ, ჯერად, იოდით გაჯერებულ კვებას. რეკომენდებულია გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი, რომელიც უნდა შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას, ჰერმეტულ ჭურჭელში და სასურველია, საკვებს დავუმატოთ უშუალოდ კვების წინ და არა მომზადების პროცესში, რათა არ მოხდეს იოდის აორთქლება. რაც შეეხება იოდის შემცვლელ პრეპარატებს, მათი მიღება თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, კატეგორიულად დაუშვებელია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)