Baby Bag

კალციუმის დეფიციტის სიმპტომები და შედეგები

კალციუმის დეფიციტის სიმპტომები და შედეგები

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა კალციუმის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რომელი საკვებია კალციუმით მდიდარი, დ ვიტამინის როლი კალციუმის ცვლის პროცესში, კალციუმის დეფიციტის სიმპტომები და შედეგები - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

კალციუმი არის საკვები ნივთიერება, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება. იგი არის მინერალი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძვლების ჯანმრთელობისთვის და ასევე მონაწილეობს ორგანიზმისთვის ბევრ სხვა უმნიშვნელოვანეს პროცესში. 
კალციუმი აუცილებელია ტვინისა და სხეულის სხვა ნაწილებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის შესანარჩუნებლად - ნერვული იმპულსების გადაცემა. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი კუნთების მოძრაობაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაში, სისხლის შედედების პროცესში. კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებშია მოთავსებული, 1% კი სისხლში ცირკულირებს
კალციუმის ცვლის პროცესზე ორგანიზმში პასუხისმგებელია ფარისბერი და ფარისებრახლო ჯირკვლები. ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად სასურველია ვიკვებოთ კალციუმით მდიდარი საკვებით

ასეთი პროდუქტებია: 
  • რძის პროდუქტები
  • თევზი 
  • ხორცი
  • კვერცხი
  • მწვანე ბოსტნეული
  • თხილეული
  • მარცვლეული
  • ხილი. 

მინდა ხაზი გავუსვათ, რომ თუ ორგანიზმში არის დ ვიტამინის დეფიციტი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებაზე, საკვებიდან მიღებული კალციუმის შეწოვა შეფერხებულია, ამიტომ მუდმივად ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევინარჩუნოთ დ ვიტამინის და კალციუმის ადეკვატური დონე ორგანიზმში (შემდგომ სტატიაში დ ვიტამინზე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას). 
განვიხილოთ, როგორია სიმპტომები კალციუმის დეფიციტის დროს. აქვე დავაფიქსიროთ, რომ თუ კალციუმის მცირედი დეფიციტი გვაქვს, შესაძლებელია, ჩივილი არც გამოვლინდეს. სისხლში კალციუმის გამოხატული დეფიციტის დროს კი ვლინდება ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის ცვლილებები: ხდება კუნთების უნებლიე მტკივნეული შეკუმშვები, ხშირია კიდურების და სახის არეში დაბუჟების შეგრძნება, შესაძლოა, განვითარდეს კუნთების სპაზმი, მცირდება გულის წუთმოცულობა (გულის კუნთის კუმშვადობა, ასევე აღინიშნება ფსიქო-ემოციური სფეროს ცვლილებები (ემოციურობა, დეპრესიულობა). კალციუმის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული და ძირითადი ჩივილია ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე და თმის ცვენა, კარიესი, ოფლიანობა. კალციუმის დეფიციტის შედეგები ორგანიზმში შემდეგნაირია: ბავშვთა ასაკში - რაქიტი (ძვლების დეფორმაცია), მოზრდილთა ასაკში - ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი 
(ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება). გისურვებთ ჯანმრთელობას!
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად