Baby Bag

სასურველია, წელიწადის მზიან პერიოდში D ვიტამინი მივიღოთ ბუნებრივი გზით და არა მედიკამენტოზურად

სასურველია, წელიწადის მზიან პერიოდში D ვიტამინი მივიღოთ ბუნებრივი გზით და არა მედიკამენტოზურად

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა D ვიტამინის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის D ვიტამინი, როგორია D ვიტამინის როლი ორგანიზმში, როგორ ვლინდება D ვიტამინის დეფიციტი, რომელია D ვიტამინის წყარო - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

D ვიტამინი მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. ბოლო წლებია უკვე D ვიტამინი იწოდება როგორც სტეროიდული ჰორმონი და არა ვიტამინი. ვიტამინებსა და ჰორმონებს შორისაც იგი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს, რამდენადაც წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.

D ვიტამინის როლი წინა საუკუნეში შემოიფარგლებოდა მხოლოდ კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულირებით, ახლა კი ცნობილია, რომ იგი მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. ორგანიზმში D ვიტამინის ადეკვატურ შემცვლელობაზეა დამოკიდებული კალციუმის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება, იგი განაპირებობებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ხოლო კალციუმის ნორმალური დონე ორგანიზმში ჯანსაღი ძვლოვანი სისტემის წინაპირობაა. D ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში. 
D ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყობს შემდეგი პროცესების განვითარებას ჩვენს ორგანიზმში: ძვალსახსროვანი სისტემის დეფექტები (მათ შორის, რაქიტი ბავშვთა ასაკში), სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური პროცესები, ინფექციებით ხშირი ავადობა, დეპრესიულობა, უშვილობა, არტერიული ჰიპერტენზია, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა.
D ვიტამინის დეფიციტის მიერ გამოწვეული სიმპტომები მრავალფეროვანია, ესენია: საერთო სისუსტე, ოფლიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კუნთების ტკივილი, დისკომფორტი ძვლების და სახსრების არეში, მიდრეკილება დეპრესიულობისკენ, წონაში მატება.
ორგანიზმისთვის D ვიტამინის ძირითადი წყარო არის მზის სხივები, რომლის საშუალებითაც ჩვენი ორგანიზმი ასინთეზირებს კანში D ვიტამინს, მისი 80-90% ორგანიზმში მოდის სწორედ მისი კანში სინთეზისგან, დანარჩენი პროცენტობა კი ეთმობა საკვებიდან მიღებულ D ვიტამინს.

სასურველია, წელიწადის მზიან პერიოდში D ვიტამინი მივიღოთ ბუნებრივი გზით და არა მედიკამენტოზურად, ამისთვის კი საჭიროა დილით ადრე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება სხეულზე დაბრკოლების გარეშე. დაბრკოლებად ითვლება ტანისამოსი ან მინა (ხშირად მოსახლეობას ჰგონია, რომ მინის ბარიერის მიუხედავად, მაინც მიიღებს მზისგან D ვიტამინის საზრდოს). მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს სხეულის რომელიმე ნაწილი და ეს საკმარისია მისი სინთეზისთვის. 
D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებია: თევზეული - კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, თინუსი. ასევე მისი წყაროა - კვერცხი, რძის ნაწარმი, საქონლის ხორცი.

რაც შეეხება D ვიტამინის დეფიციტის მედიკამენტოზურ მკურნალობას, რეკომენდებულია ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდგომ ექიმის მიერ შერჩეული დოზის მიღება და არა თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი 
თინათინ კაჭარავა

შეიძლება დაინტერესდეთ

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას საზამთროსა და ნესვზე, რომლეთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზაფხული.

საზამთროს 87% შეადგენს წყალი, დანარჩენი კი არის უჯრედისი, ვიტამინები და მიკრო-მაკრო ელემენტები, როგორებიცაა: C და B ჯგუფის ვიტამინები, PP ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და სხვა. საზამთრო ასევე შეიცავს მცირე ოდენობით შაქარს.

​რაც შეეხება ნესვს, მასში შაქრის შემცველობა მეტია, ვიდრე საზამთროში, ამიტომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ ნესვთან მიმართებაში. ნესვიც მდიდარია წყლით, უჯრედისით, მიკრო-მაკრო ელემენტებით და ვიტამინებით: თუთია, კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, A, B ჯგუფის და C ვიტამინები. ორივე მათგანი დადებითად მოქმდებს ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე, გუნება-განწყობილებაზე, იმუნიტეტზე.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დღის მანძილზე მიიღოს 300 გრ. ნესვი და 500 გრ. საზამთრო (თავი უნდა შეიკავონ ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა, განსაკუთრებით, წყლულოვანი დაავადება). როგორც ზოგადად ხილთან მიმართებაში, აქაც გავითვალისწინოთ, რომ საზამთრო და ნესვი მიირთვით, როგორც დამოუკიდებელი კვება, დღის პირველ ნახევარში.

ბევრს აინტერესებს, ზაფხულში როდიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება? - ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება, მივიჩნიოთ ივლისის თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად