Baby Bag

„ყველაზე საშიში უცხო სხეული, რაც ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს, არის ელემენტი,“- ბავშვთა ქირურგი მერაბ ბუაძე

ბავშვთა ქირურგი მერაბ ბუაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვისთვის ყველაზე საშიშ უცხო სხეულზე საუბრობს, რომელიც გადაყლაპვისას მძიმე გართულებებს იწვევს:

„ყველაზე საშიში უცხო სხეული, რაც ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს, არის ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მოწყობილობებისთვის ვიყენებთ. მას ჰქვია ლითიუმის ელემენტი, რომელიც ძალიან აგრესიულია და თითქმის ყველა ქვეყნის მიერ აღიარებულია ბავშვისთვის საშიშ ელემენტად. მსგავსი ელემენტები სხვადასხვა ზომისაა, თუმცა ყველაზე საშიშია ოც მილიმეტრიანი, ანუ ორ სანტიმეტრიანი ლითიუმის ელემენტი, რომელიც პატარა ასაკის ბავშვისთვის (ექვსი თვის ასაკიდან) საკმაოდ დამაზიანებელია. მთელ მსოფლიოში არსებობს უკვე პროტოკოლები, გზამკვლევები, თუ როგორ სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება, თუ მშობლები ეჭვობენ, რომ ბავშვმა ლითიუმის ელემენტი გადაყლაპა.“

მერაბ ბუაძის თქმით, ლითიუმის ელემენტი ბავშვის საყლაპავიდან გადაყლაპვიდან არაუმეტეს ორ საათში უნდა ამოიღონ:

„მშობლებმა თუ დაინახეს, რომ ბავშვმა გადაყლაპა ელემენტი ან აქვთ ეჭვი, რომ ეს მოხდა, ასევე რენდგენითაც ჩანს, რომ უცხო სხეული გადაყლაპულია, არის საყლაპავში (არ აქვს მნიშვნელობა ზედა, ქვედა თუ შუა მესამედში), ელემენტი უნდა ამოიღონ გადაყლაპვიდან არაუმეტეს ორ საათში, რაც ზოგჯერ შეუძლებელია. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვი შემოვიდა ელემენტის გადაყლაპვიდან ხუთი დღის შემდეგ, ჰქონდა ხველა, ყლაპვის გაძნელება და საერთო ჭირვეულობა. ბავშვი იყო წლის და ექვსი თვის. აღნიშნული ელემენტი მექანიკურადაც საშიშია და საყლაპავსაც წვავს.“

ლითიუმის ელემენტის მიერ ბავშვის საყლაპავისა და ტრაქეის დაზიანების მიუხედავად, პატარა გადარჩა. აღნიშნული ელემენტის მიერ გამოწვეული დაზიანების სიმძიმის შესახებ საუბრობს ქირურგი ივანე წულეისკირიც, რომლის თქმითაც, ელემენტი ტუტე დამწვრობას იწვევს, რაც ბავშვის სიცოცხლისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

„როდესაც საქმე ეხება ქიმიურად აგრესიულ ნივთებს, ამ დროს რამდენიმე ტიპის დაზიანება ხდება. ელემენტი იწვევს ღრმა ტუტე დამწვრობას, ტუტე დამწვრობა მჟავა დამწვრობასთან შედარებით ბევრად მძიმეა. ტუტე დამწვრობა საშინელებაა. ამ დროს ხდება ქსოვილის დანეკროზება და შემდგომ მისი გაწოვა. ქსოვილი ქრება, თითქოს არც ყოფილა.“

„ავადსახსენები ლითიუმის ელემენტები 2007 წლიდან გამოვიდა. 2007 წლიდან გახშირდა მძიმე ჩარევების პრობლემები. ელემენტებს აწერია, რომ არ შეიძლება ბავშვებისთვის. ძალიან კარგია, რომ ადამიანმა ეს გაიგოს. თითქოს პატარა, ბრტყელი რკინის ნივთია, მაგრამ არის აბსოლუტურად დამანგრეველი. ამ ბავშვის შემთხვევაში, წამოიდგინეთ, რამხელა ოპერაცია ჩატარდა. ტრაქეაში არის დაახლოებით 20 რგოლი. ბავშვს ამოკვეთილი აქვს ექვსი რგოლი და ორ-ნახევარი სანტიმეტრი საყლაპავი. ამ ტიპის ოპერაციებს 90 %-იანი სიკვდილობა აქვს,“ - აღნიშნავს ივანე წულეისკირი.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია


 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

რატომ არის ბუშტი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო სათამაშო?
​რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბუშტებით თამაში ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბუშტი სათამაშოებს შორის ყველაზე ხშირად ხდება ბავშვთა სიკვდილიანობისა და უეცარი გარდაცვალების მიზეზი. მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? 

პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

ავტორი: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

წაიკითხეთ სრულად