Baby Bag

​რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს

​რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს

რატომ არის სასარგებლო ნიორი და რა ასაკიდან შეიძლება, მივცეთ ბავშვს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობს მის ბლო​​გს უცვლელად:

„ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.
ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

​მოკლედ, ნივრის ამბავი უნდა მოგიყვეთ.

​მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილაქტიკისათვის იყენებდნენ.
მარტო სამკურნალო თვისებები კიარდა, შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.
ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.
ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთდასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.
ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული იმისთანას, ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც რომ დაუდგეს.
ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.
მისი მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

​შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შეცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

​ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიცინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც თან უჯრედების დაშლა სდევს თან ალიცინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

​ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია.

​კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშირად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად უფრო ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით.

​ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.

​უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს - აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია.

​არც ძველი ბერძნების გამოცდილება ყოფილა აზრსმოკლებული - ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.

​ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკერასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც.

​გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.


​როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?


​9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, 3 წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

​დაბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.

​აი, ერთი მათგანი:

​500 გრამ თაფლს დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი და 2 თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში 1 სუფრის კოვზი ეს ნარევი ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ. როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად