დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებითა, წელს, გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გასულ წელს იყო.
„ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა. თუ მანამდე იყო ძირითადად გრიპის მსგავსი ვირუსები, დღეს ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსის H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ. თუ იქნება გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებით ბავშვისთვის გამოიძახონ უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული პირები. ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რომ ისინი არიან ამ შტამისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადები, ამიტომ ნებისმიერ ორსულს ეწყება თუ არა გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ოჯახის ექიმთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.