Baby Bag

„​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო“ - ინფექციონისტი გრიპის ვაქცინაზე საუბრობს

„​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო“ - ინფექციონისტი გრიპის ვაქცინაზე საუბრობს
„თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით.

​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო, ანუ ადამიანებს აქვთ შიში, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გაართულოს კოვიდის მიმდინარეობა და ამიტომ, მაგალითად, კოვიდის მქონესთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც რისკი აქვთ, რომ კოვიდი დაემართოთ, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან. ეს მოსაზრება არაფრით არ არის გამყარებული, არც ბიოლოგიური მექანიზმით და არც კვლევები მინახავს ამის სასარგებლოდ (თუ ვინმეს ასეთი კვლევა გეგულებათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ). ანუ თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის.

​რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციას, რომ გრიპზე ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის ან კარანტინის პერიოდის დასრულებამდე, ამას ერთადერთი ის აზრი აქვს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანი ფიზიკურად ვერ მივა ასაცრელად და არა იმიტომ, რომ მას ეკრძალება ვაქცინის გაკეთება და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაურთულებს.

​ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონ ​ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელიც მასიურად ვრცელდება სოციალური ქსელით, იმის თაობაზე, რომ არც ერთ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება პაციენტს თანხა გადაახდევინოს გრიპის ვაქცინაში. დარწმუნებული ვარ, ამ ნათქვამში იგულისხმება სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა და რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამაში პაციენტს ფულს გადაახდევინებს, ეს დანაშაულია. თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა ეს სხვანაირად გაიგო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადასახადი გრიპის ვაქცინაში. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული და ის არ უკეთდება ნებისმიერ მსურველს. ამიტომ იმათთვის, ვინც რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ერთადერთი არჩევანია ვაქცინის ღირებულების გადახდა (თუმცა ეს ვაქცინაც კი დეფიციტურია ამჟამად).

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო
ესპანეთში, ნავარას უნივერსიტეტში მოღვაწე ცნობილი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონი კორონავირუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს და გვირჩევს, რომ ახალი ვირუსის გამო პანიკაში არ უნდა ვიყოთ. მის სიტყვებს უცვლელ...
ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს
უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19 ყველამ? - აქტუალურ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:

„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:

,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 

წაიკითხეთ სრულად