Baby Bag

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფად და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდ პანდემიის პირობებში?

SARS-COV-19 ვირუსული ინფექციაა, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთის და ასევე თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ქრონიკულ დაავადებებში კი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს შაქრიანი დიაბეტი. დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა არსებული პანდემიის პირობებში.

რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფად? შაქრიანი დიაბეტი მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით კი არაკომპენსირებული დიაბეტი (მდგომარეობა, როდესაც პაციენტს არ აქვს გლუკოზის მაჩვენებლები სამიზნე ფარგლებში). ასეთ დროს ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, რაც დიაბეტიან პაციენტებში ზრდის დაინფიცირების რისკს, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმედ მიმდინარეობას უწყობს ხელს.

​განვიხილოთ, თუ რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდ პანდემიის პირობებში. პირველ რიგში ზოგადი რეკომენდაციები:
  • მაქსიმალური სოციალური დისტანცირება (აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ ხალხთან კონტაქტს, თუ თქვენ ცხოვრობთ მრავალწევრიან ოჯახში სასურველია, ოჯახის წევრებისგანაც მაქსიმალური დისტანცირება),
  • ჰიგიენური ზომების მაღალ ხარისხში დაცვა,
  • ნიღბის სწორად ტარება,
  • ხშირად მოხმარებადი საგნების დეზინფიცირება,
  • აუცილებელია სისხლში შაქრის ციფრების მკაცრი კონტროლი, სასურველია,  ციფრები რაც შეიძლება ახლოს იყოს სამიზნე მაჩვენებლებთან,
  • ​რეკომენდებულია დილით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა არახალხმრავალ ადგილებში დაახლობით ერთი საათის განმავლობაში,
  • კვებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. აუცილებელია დღეში ჯერადი მრავალფეროვანი დაბალანსებული კვება. გაამდიდრეთ საკვები ცილოვანი საკვებით (ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი), მიიღეთ სეზონური ხილი (გარდა დიაბეტიანებისთვის აკრძალული ხილისა: ბანანი, მსხალი, კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი). შეეცადეთ საკვები იყოს ჯანსაღი და სეზონური პროდუქტისგან მომზადებული,

  • ​სასურველია საპროფილაქტიკო დოზებით მიიღოთ D ვიტამინი,
  • ​იქონიეთ თქვენს მკურნალ ექიმთან მაქსიმალური კონტაქტი შაქრის ციფრების ნორმალიზააციითვის. სასურველია, ისარგებლოთ დისტანციური კონსულტაციით და არ ჩადგეთ რიგებში.

​​გახსოვდეთ - ადეკვატურად მართული შაქრიანი დიაბეტი შეამცირებს ინფიცირების და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკებს!

​გისურვებთ ჯანმრთლობას!
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად