„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი
შემოდგომის სუსხიანი დღეების დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ბავშების ჩაფუთვას როგორც სახლში, ასევე გარეთ გაყვანისას. როგორ ჩავაცვათ პატარებს ამ სეზონზე და რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო ინგა, რამდენად სწორია ბავშვების ჩაფუთვნა? როგორ უნდა ეცვას ბავშვს ამ სეზონზე სახლში და გარეთ?
- ზოგადად, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების ჩაფუთვნა. მშობელმა ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს, გარეთ გაყვანის შემთხვევაშიც და სახლშიც. ხშირად სახლშიც ჩაფუთნულები ჰყავთ. თუ ბავშვი სახლშია, ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსამდე, მეტი არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას და აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და აქედან გამომდინარეა ეს ოფლიანობაც. როგორც კი შესაბამისად ჩააცმევ, ეს პრობლემა გვარდება. ბავშვის ჩაფუთვნა ხელს უშლის ნორმალურ თერმორეგულაციას და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ნორმალური იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასაც, მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ასაკის და სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ, ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცმევთ, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა ჩაცმა, ასე უნდა ჩავაცვათ ბავშვსაც. ასევე, არ სჭირდება ბავშვს შალის წინდები, განსაკუთრებით, შიშველ ფეხზე, რეიტუზები შემდეგ შარვალი... ეს შეიძლება იყო ძალიან სერიოზული ყინვების დროს, როცა ბავშვი გაგვყავს გარეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ტემპერატურა, რომ ბავშვს ასეთი ჩაფუთვნა დასჭირდეს, ჩვენ არ ვართ ჩრდიოლოეთის ქვეყანა.
- ახალშობილის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ.
- რა თქმა უნდა, ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად. სახლში ხშირად ჰყავთ ბავშვები ძალიან თბილად ჩაცმულები. მოკლემკლავიანი, გრძელმკლავიანი შემდეგ შალი, თავზე ქუდი და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში საჭირო არ არის. 1 წლამდე ბავშვს დაბანვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში (თუ ოთახის ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი), შეგვიძლია დავახუროთ ქუდი, შემდეგ კი მოვხადოთ. ხშირად 3 თვემდე პატარებს ცხვირზე ადებენ ხოლმე ხელს, ასევე ხელებსა და ფეხებზე და ამ ზონების მოყინვით განსაზღვრავენ ხოლმე, სცივა თუ არა პატარას. ეს არ არის სწორი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეიძლება ცხვირის წვერი ცივი ჰქოდეს ბავშვს. უნდა შეეხოთ ხოლმე მუცელზე, თუ მუცელი თბილი აქვს, ე.ი. იქ პრობლემა არ არის. თავიდანვე როგორც შევაჩვევთ ბავშვს, ისე გაიზრდება, ისეთივე მოთხოვნილებები ექნება მის ორგანიზმს და მის თერმორეგულაციის ცენტრებს და იმუნურ სისტემას. ამიტომ შევეცადოთ, რომ ყოველთვის სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ ბავშვებს.
- რადგან ახალშობილებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რომელი კვირიდან გავიყვანოთ გარეთ სასეირნოდ და რამდენი ხნით? ქარიან ამინდში თუ შეიძლება ახალშობილის გასეირნება?
- ახალშობილი ბავშვი სასეირნოდ გარეთ უნდა გავიყვანოთ უკვე სამშობიაროდან გამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ჰაერის ტემპერატურა - 5 გრადუსზე დაბალია, ასეთ შემთხვევაში არ გაგვყავს, რა თქმა უნდა, და თუ ქარი და წვიმაა. დანარჩენ შემთხვევაში გაგვყავს სასეირნოდ. ვიწყებთ 15 წუთიდან და თანდათან ვუმატებთ დროს (თუ არ არის ქარი, წვიმა და არის მშვიდი ამინდი), აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ყოველდღიურად და ასევე ყოველდღიურად მოვუმატოთ 15-15 წუთი ისე, რომ სადღაც უკვე 1 თვის თავზე 1 საათი გვყავდეს ბავშვი გარეთ. აი, ამ პირობებში და ამ სეზონზე ბავშვი შეგვიძლია გვყავდეს გარეთ, მზეზე და შევაფიცხოთ შუადღის მზეს, ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ხელს ვუწყობთ D ვიტამინის გამომუშავებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები ძალიან კარგად იცავენ ამ წესებს, აი ჩაცმასთან დაკავშირებითაც, არ უყვართ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვების გადახურება. გარდა ამისა, ჰაერზეც გაჰყავთ და საკმაოდ დიდ ხანსაც. თუმცა შევეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო არავინ შევახოთ ბავშვს, დავიცვათ დისტანცია, არ მოვაკიდინოთ უცხოებს ხელი ლოყებზე, ხელებზე... ზოგადადაც საჭიროა დისტანცირება.
ქარიან ამინდშიც შეიძლება რატომაც არა, თუმცა ქარიან ამინდში მეტია შანსი, რომ მტვერი მოხვდეს ბავშვს თვალებზე და ამან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, გადაციების შანსიც არის. ამიტომ ქარსაც გააჩნია, ნიავზე შეიძლება, მაგრამ თუ ქარი ძლიერია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
- საინტერესოა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე?
- არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ციფრული ჭკუასუსტობა დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან, ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან,“ – ია ბერსენაძე
ტრენერი ია ბერსენაძე ციფრული ჭკუასუსტობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ჭკუასუსტობის პრობლემა კლასიკური ჭკუასუსტობისგან დიდად არ განსხვავდება:
„ციფრული ჭკუასისტობა მანფრედ შპიცერის შემოტანილი ტერმინია. ის, სამწუხაროდ, დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. გარკვეული ფუნქციების დაკნინება ხდება. დაკნინება შეიძლება მოხდეს საკმაოდ დიდი დოზით. ის ფუნქცია უკვე არის უფუნქციოდ. ტვინი რომ ნახოთ ციფრული ჭკუასუსტობისას, ის დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. ამ ორს შორის ბევრი რამ არის საერთო. ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან.“
ია ბერსენაძის თქმით, ციფრული ჭკუასუსტობა მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც არსებობს:
„ციფრული ჭკუასუსტობა არ არის დიდი ხნის. რამოდენიმე წელია, რაც ეს არსებობს. ციფრული ჭკუასუსტობა არ არის მხოლოდ სოციალურ ქსელებთან კავშირში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დაამძიმა. ადამიანი როდესაც მიჯაჭვულია ტელევიზორს, მუდმივად რაღაცას უყურებს, ინფორმაციის ყლაპვა ხდება გაანალიზების გარეშე, შესაბამისად ტვინის ფუნქცია, რომელიც ანაილიტკაზე, სიტუაციურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, ვეღარ ვითარდება. ტვინს აქვს ხუთი ფუნქცია და ყველა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ტვინმა.“
ია ბერსენაძე აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ზომიერად გამოყენება ნორმალურია, თუმცა ტვინს სწორედ ზომიერების დაცვის პრობლემა აქვს:
„თუ ჩვენ ზომიერად ვუყურებთ ტელევიზორს, ეს ნორმალურია. სოციალურ ქსელს ზომიერად თუ მოვიხმართ, ნორმალურია. აქ პრობლემა იმაშია, რომ ტვინს უჭირს ზომიერების დაჭერა. ჩვენ როდესაც ამას ვაკეთებთ, თითქოს ჩვენი ტვინი მუშაობს. ცრუ ილუზია გვექმნება იმის შესახებ, რომ საქმეს ვაკეთებთ. ადამიანს არ შეუძლია იყოს მარტო. ის აუცილებლად უნდა იყოს სოციუმში. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს თავისი სოციუმი. ამ სოციუმში მისი ადგილი უნდა იყოს აღიარებული. მე რომ ჩემი სოციუმიდან გამაგდონ, მე მოვკვდები. სოციალური ქსელის ფილოსოფიაც ამას ემყარება. ფოტოს განათავსებ და თითქოს ამბობ: „მე ვარ, მე მახსოვხართ თქვენ, თქვენ გახსოვართ მე.“
„ბავშვი იბადება ყველაზე დიდი რაოდენობის ნეირონებით, მაგრამ ნეირონული კავშირები არ არის შემდგარი. ამას მერე ვაკეთებთ ნელ-ნელა. ტვინი არის ჩვეულებრივი კუნთი. ჩვენ დავდივართ სავარჯიშო დარბაზში და ვავარჯიშებთ რომელიმე კუნთს. ასეთივე კუნთია ტვინი. არ შეიძლება, რომ ის არ ავარჯიშო. მას ხუთი ძირითადი ფუნქცია აქვს. ხუთივე ფუნქცია უნდა იყოს განვითარებული,“ - ია ბარსენაძე აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „სხვა შუადღე“ საუბრობს.