„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი
შემოდგომის სუსხიანი დღეების დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ბავშების ჩაფუთვას როგორც სახლში, ასევე გარეთ გაყვანისას. როგორ ჩავაცვათ პატარებს ამ სეზონზე და რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო ინგა, რამდენად სწორია ბავშვების ჩაფუთვნა? როგორ უნდა ეცვას ბავშვს ამ სეზონზე სახლში და გარეთ?
- ზოგადად, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების ჩაფუთვნა. მშობელმა ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს, გარეთ გაყვანის შემთხვევაშიც და სახლშიც. ხშირად სახლშიც ჩაფუთნულები ჰყავთ. თუ ბავშვი სახლშია, ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსამდე, მეტი არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას და აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და აქედან გამომდინარეა ეს ოფლიანობაც. როგორც კი შესაბამისად ჩააცმევ, ეს პრობლემა გვარდება. ბავშვის ჩაფუთვნა ხელს უშლის ნორმალურ თერმორეგულაციას და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ნორმალური იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასაც, მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ასაკის და სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ, ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცმევთ, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა ჩაცმა, ასე უნდა ჩავაცვათ ბავშვსაც. ასევე, არ სჭირდება ბავშვს შალის წინდები, განსაკუთრებით, შიშველ ფეხზე, რეიტუზები შემდეგ შარვალი... ეს შეიძლება იყო ძალიან სერიოზული ყინვების დროს, როცა ბავშვი გაგვყავს გარეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ტემპერატურა, რომ ბავშვს ასეთი ჩაფუთვნა დასჭირდეს, ჩვენ არ ვართ ჩრდიოლოეთის ქვეყანა.
- ახალშობილის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ.
- რა თქმა უნდა, ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად. სახლში ხშირად ჰყავთ ბავშვები ძალიან თბილად ჩაცმულები. მოკლემკლავიანი, გრძელმკლავიანი შემდეგ შალი, თავზე ქუდი და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში საჭირო არ არის. 1 წლამდე ბავშვს დაბანვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში (თუ ოთახის ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი), შეგვიძლია დავახუროთ ქუდი, შემდეგ კი მოვხადოთ. ხშირად 3 თვემდე პატარებს ცხვირზე ადებენ ხოლმე ხელს, ასევე ხელებსა და ფეხებზე და ამ ზონების მოყინვით განსაზღვრავენ ხოლმე, სცივა თუ არა პატარას. ეს არ არის სწორი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეიძლება ცხვირის წვერი ცივი ჰქოდეს ბავშვს. უნდა შეეხოთ ხოლმე მუცელზე, თუ მუცელი თბილი აქვს, ე.ი. იქ პრობლემა არ არის. თავიდანვე როგორც შევაჩვევთ ბავშვს, ისე გაიზრდება, ისეთივე მოთხოვნილებები ექნება მის ორგანიზმს და მის თერმორეგულაციის ცენტრებს და იმუნურ სისტემას. ამიტომ შევეცადოთ, რომ ყოველთვის სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ ბავშვებს.
- რადგან ახალშობილებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რომელი კვირიდან გავიყვანოთ გარეთ სასეირნოდ და რამდენი ხნით? ქარიან ამინდში თუ შეიძლება ახალშობილის გასეირნება?
- ახალშობილი ბავშვი სასეირნოდ გარეთ უნდა გავიყვანოთ უკვე სამშობიაროდან გამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ჰაერის ტემპერატურა - 5 გრადუსზე დაბალია, ასეთ შემთხვევაში არ გაგვყავს, რა თქმა უნდა, და თუ ქარი და წვიმაა. დანარჩენ შემთხვევაში გაგვყავს სასეირნოდ. ვიწყებთ 15 წუთიდან და თანდათან ვუმატებთ დროს (თუ არ არის ქარი, წვიმა და არის მშვიდი ამინდი), აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ყოველდღიურად და ასევე ყოველდღიურად მოვუმატოთ 15-15 წუთი ისე, რომ სადღაც უკვე 1 თვის თავზე 1 საათი გვყავდეს ბავშვი გარეთ. აი, ამ პირობებში და ამ სეზონზე ბავშვი შეგვიძლია გვყავდეს გარეთ, მზეზე და შევაფიცხოთ შუადღის მზეს, ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ხელს ვუწყობთ D ვიტამინის გამომუშავებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები ძალიან კარგად იცავენ ამ წესებს, აი ჩაცმასთან დაკავშირებითაც, არ უყვართ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვების გადახურება. გარდა ამისა, ჰაერზეც გაჰყავთ და საკმაოდ დიდ ხანსაც. თუმცა შევეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო არავინ შევახოთ ბავშვს, დავიცვათ დისტანცია, არ მოვაკიდინოთ უცხოებს ხელი ლოყებზე, ხელებზე... ზოგადადაც საჭიროა დისტანცირება.
ქარიან ამინდშიც შეიძლება რატომაც არა, თუმცა ქარიან ამინდში მეტია შანსი, რომ მტვერი მოხვდეს ბავშვს თვალებზე და ამან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, გადაციების შანსიც არის. ამიტომ ქარსაც გააჩნია, ნიავზე შეიძლება, მაგრამ თუ ქარი ძლიერია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
- საინტერესოა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე?
- არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
იწვევს თუ არა ფეხის დასველება ბავშვის ავად გახდომას?
მშობლებს ძალიან ეშინიათ, როდესაც ბავშვები ეზოში სველი ფეხით ან სველი თმით თამაშობენ. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თუ ბავშვს ფეხი უსველდება, შესაძლოა, ის ავად გახდეს. მსგავსი შეხედულება არსებობს ღამით სველი თმით დაძინებასთან დაკავშირებითაც. ბავშვის ავადმყოფობისგან დაცვა მშობლის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში მოძველებულად ითვლება სველი ფეხის, როგორც ავადობის გამომწვევი მიზეზის შესახებ გავრცელებული აზრი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოსაზრების სრული უგულებელყოფა არ ღირს, რადგან ფეხების დასველება, შესაძლოა, ბავშვის ავად გახდომის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყოს.
პედიატრები გვარწმუნებენ, რომ შეუძლოდ ყოფნა და ტემპერატურის არსებობა ვირუსებით არის გამოწვეული და არა სველი ფეხით ეზოში თამაშით. მიუხედავად ამისა, მშობელმა შვილს მაინც არ უნდა მისცეს უფლება, რომ სველი ფეხებით ირბინოს. თავის მხრივ სველი ფეხი არ არის ავადობის გამომწვევი, მაგრამ ის ოგრანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, რაც უკვე არსებული ვირუსების გააქტიურებას უწყობს ხელს.
ბავშვი, შესაძლოა, ატარებდეს იმ მიკრობებს, რომლებიც გრიპის გამომწვევია. მიუხედავად ამისა, სიმპტომები არ ვლინდება და პატარა თავს ძალიან კარგად გრძნობს. როდესაც ფეხის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, მთელს სხეულში გარკვეული ცვლილებები ხდება, ბავშვს ცხვირი უცივდება. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვს სიმპტომები გამოუვლინდეს და მან თავი ცუდად იგრძნოს.
ბავშვს თუ მხოლოდ ფეხები აქვს სველი, მაგრამ პატარა არ არის ვირუსის გამომწვევი მიკრობის მატარებელი, ის ავად არ გახდება. თუ მიკრობი უკვე ბავშვის ცხვირშია დაბუდებული, სველი ფეხი ორგანიზმის მდგომარეობას ცვლის, ცხვირის სისხლძარღვები იკუმშება და დაავადების გააქტიურების რისკი მატულობს. სწორედ ამიტომ პედიატრები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ძვირფასო მშობლებო, ბავშვებს სუფთა ჰაერზე სირბილისა და თოვლში თამაშის ნება აუცილებლად უნდა მისცეთ, თუმცა როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარას ფეხი უსველდება, ის მაშინვე შემოიყვანეთ სახლში და ფეხები სწრაფად გაუმშრალეთ. ამ გზით ბავშვს ზედმეტი უსიამოვნებებისგან დაიცავთ.