„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი
შემოდგომის სუსხიანი დღეების დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ბავშების ჩაფუთვას როგორც სახლში, ასევე გარეთ გაყვანისას. როგორ ჩავაცვათ პატარებს ამ სეზონზე და რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო ინგა, რამდენად სწორია ბავშვების ჩაფუთვნა? როგორ უნდა ეცვას ბავშვს ამ სეზონზე სახლში და გარეთ?
- ზოგადად, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების ჩაფუთვნა. მშობელმა ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს, გარეთ გაყვანის შემთხვევაშიც და სახლშიც. ხშირად სახლშიც ჩაფუთნულები ჰყავთ. თუ ბავშვი სახლშია, ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსამდე, მეტი არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას და აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და აქედან გამომდინარეა ეს ოფლიანობაც. როგორც კი შესაბამისად ჩააცმევ, ეს პრობლემა გვარდება. ბავშვის ჩაფუთვნა ხელს უშლის ნორმალურ თერმორეგულაციას და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ნორმალური იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასაც, მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ასაკის და სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ, ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცმევთ, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა ჩაცმა, ასე უნდა ჩავაცვათ ბავშვსაც. ასევე, არ სჭირდება ბავშვს შალის წინდები, განსაკუთრებით, შიშველ ფეხზე, რეიტუზები შემდეგ შარვალი... ეს შეიძლება იყო ძალიან სერიოზული ყინვების დროს, როცა ბავშვი გაგვყავს გარეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ტემპერატურა, რომ ბავშვს ასეთი ჩაფუთვნა დასჭირდეს, ჩვენ არ ვართ ჩრდიოლოეთის ქვეყანა.
- ახალშობილის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ.
- რა თქმა უნდა, ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად. სახლში ხშირად ჰყავთ ბავშვები ძალიან თბილად ჩაცმულები. მოკლემკლავიანი, გრძელმკლავიანი შემდეგ შალი, თავზე ქუდი და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში საჭირო არ არის. 1 წლამდე ბავშვს დაბანვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში (თუ ოთახის ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი), შეგვიძლია დავახუროთ ქუდი, შემდეგ კი მოვხადოთ. ხშირად 3 თვემდე პატარებს ცხვირზე ადებენ ხოლმე ხელს, ასევე ხელებსა და ფეხებზე და ამ ზონების მოყინვით განსაზღვრავენ ხოლმე, სცივა თუ არა პატარას. ეს არ არის სწორი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეიძლება ცხვირის წვერი ცივი ჰქოდეს ბავშვს. უნდა შეეხოთ ხოლმე მუცელზე, თუ მუცელი თბილი აქვს, ე.ი. იქ პრობლემა არ არის. თავიდანვე როგორც შევაჩვევთ ბავშვს, ისე გაიზრდება, ისეთივე მოთხოვნილებები ექნება მის ორგანიზმს და მის თერმორეგულაციის ცენტრებს და იმუნურ სისტემას. ამიტომ შევეცადოთ, რომ ყოველთვის სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ ბავშვებს.
- რადგან ახალშობილებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რომელი კვირიდან გავიყვანოთ გარეთ სასეირნოდ და რამდენი ხნით? ქარიან ამინდში თუ შეიძლება ახალშობილის გასეირნება?
- ახალშობილი ბავშვი სასეირნოდ გარეთ უნდა გავიყვანოთ უკვე სამშობიაროდან გამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ჰაერის ტემპერატურა - 5 გრადუსზე დაბალია, ასეთ შემთხვევაში არ გაგვყავს, რა თქმა უნდა, და თუ ქარი და წვიმაა. დანარჩენ შემთხვევაში გაგვყავს სასეირნოდ. ვიწყებთ 15 წუთიდან და თანდათან ვუმატებთ დროს (თუ არ არის ქარი, წვიმა და არის მშვიდი ამინდი), აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ყოველდღიურად და ასევე ყოველდღიურად მოვუმატოთ 15-15 წუთი ისე, რომ სადღაც უკვე 1 თვის თავზე 1 საათი გვყავდეს ბავშვი გარეთ. აი, ამ პირობებში და ამ სეზონზე ბავშვი შეგვიძლია გვყავდეს გარეთ, მზეზე და შევაფიცხოთ შუადღის მზეს, ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ხელს ვუწყობთ D ვიტამინის გამომუშავებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები ძალიან კარგად იცავენ ამ წესებს, აი ჩაცმასთან დაკავშირებითაც, არ უყვართ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვების გადახურება. გარდა ამისა, ჰაერზეც გაჰყავთ და საკმაოდ დიდ ხანსაც. თუმცა შევეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო არავინ შევახოთ ბავშვს, დავიცვათ დისტანცია, არ მოვაკიდინოთ უცხოებს ხელი ლოყებზე, ხელებზე... ზოგადადაც საჭიროა დისტანცირება.
ქარიან ამინდშიც შეიძლება რატომაც არა, თუმცა ქარიან ამინდში მეტია შანსი, რომ მტვერი მოხვდეს ბავშვს თვალებზე და ამან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, გადაციების შანსიც არის. ამიტომ ქარსაც გააჩნია, ნიავზე შეიძლება, მაგრამ თუ ქარი ძლიერია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
- საინტერესოა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე?
- არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვებს „წუწაობის“ საშუალებაც უნდა მივცეთ და ცივი წყლითაც გავაკაჟოთ“ - ინტერვიუ ინგა მამუჩიშვილთან
ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია კითხვები - რამდენად მისაღებია მაცივრის წყალი ბავშვებისთვის, რეკომენდებულია თუ არა კონდიციონერი პატარებისთვის, რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვებს ნაყინი, შეიძლება თუ არა თევზი ზაფხულში? - Momsedu.ge-ს კითხვებს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა.
- ქალბატონო ინგა, რამდენად მისაღებია თერმოსის ან მაცივრის წყალი?
- მე მომხრე ვარ, რომ ბავშვმა მიიღოს ოთახის ტემპერატურის წყალი და ასევე შეგვიძლია, მივცეთ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალიც: გავყინოთ წყალი, გამოვიღოთ მაცივრიდან, გავადნოთ ოთახის ტემპერატურაზე და მივაწადოთ. დღეს ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები მოდიან ჩივილებით: „სუსტი ყელი აქვს ჩემს შვილს“ - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავიწყოთ ყელის გაკაჟება, ნაყინის მიცემა გარკვეული ასაკიდან (2 წლიდან), ცივი წვენის მიცემა. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი არ სვამს წყალს, კომპოტებს, არ იღებს სითხეებს. არ იღებს იმიტომ, რომ არასწორი ტემპერატურით ვაწვდით. ბავშვს გემოვნების რეცეპტორები უკვე გამომუშავებული და დახვეწილი აქვს და მას არ მოსწონს თბილი წყალი. განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა მოზრდილ ბავშვებს (3 წლიდან) უნდა მივცეთ „წუწაობის“ საშუალება, გავაკაჟოთ ცივი წყლით, ვაბანაოთ აუზში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, ბავშვებს 6 თვიდან გრილი წყლით სარგებლობის უფლება აქვთ.
- რეკომენდებულია თუ არა კონდიციონერი და მოქმედებს თუ არა უარყოფითად ბავშვზე?
- მე არ ვარ კონდიციონერის წინააღმდეგი, თუმცა არ მომწონს, როცა კონდიციონერის პირდაპირ ნაკადს ვუშვებთ ბავშვთან. უნდა დავარეგულიროთ კონდიციონერი ისე, რომ ჰაერის ზედა ფენებში მოხდეს ამ გრილი მასების გაშვება, პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს ცივი ჰაერის ნაკადი ბავშვს. ასევე ძილის პროცესში ბავშვი შედარებით ოფლიაონობს, ამ დროს კონდიციონერი ნამდვილად არ შეიძლება. ღრმა ძილის პროცესში ბავშვი ვერ განსაზღვრავს სცივა თუ სცხელა. აქედან გამომდინარე, შევეცადოთ, რომ მივაჩვიოთ ბავშვი ტემპერატურულ ცვალებადობას. დავიწყოთ 30 გრადუსიდან და თანდათან, ყოველდღიურად თითო გრადუსით დავწიოთ ტემპერატურა. ზაფხულის პერიოდში ოთახის ტემპერატურა სასურველია, იყოს 20 გრადუსი. ამაზე დაბლა არ დავწიოთ.
- კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ მშობლები - შეიძლება თუ არა თევზი ზაფხულში?
- რა თქმა უნდა, ზაფხულშიც შეიძლება, მაგრამ, მე პირადად, ზაფხულში ბავშვისთვის თევზის მიცემას მაინც ვერიდები. თუ მაინც გვინდა, რომ მივცეთ ბავშვს თევზი, საქართველოში გვაქვს მდინარის კალმახი, რაც შეიძლება დავიწყოთ 8 თვის ასაკიდან...
- ზაფხულში ზღვა თუ მთა, რომელია მეტად სასურველი?
- ორივე ძალიან სასარგებლოა. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ვერ მოვუწოდებ საზოგადოებას, მაინცდამაინც ამა და ამ კურორტზე უნდა წაიყვანოს ბავშვი, ნამდვილად არა. უბრალოდ, სასურველია თუ თბილისის დაბინძურებულ გარემოს გავარიდებთ ბავშვს და წავიყვანთ შედარებით გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონებში, თუნდაც სოფელში.
- რამდენი დღე არის საჭირო, რომ ბავშვს ჰაერის გამოცვლაში ჩაეთვალოს?
- ბავშვს სჭირდება ადაპტაციური პერიოდი წაყვანის ან თუნდაც ჩამოყვანის დროს. ამისათვის საკმარისია, არანაკლებ 14 დღე. რა თქმა უნდა, სასურველია 1 თვეც. შეძლებისდაგვარად, როგორც მოახერხებთ, სადაც მოახერხებთ, მთაც და ზღვაც, ორივე სასურველია. რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზაფხულს ვუსურვებ ყველას, თუმცა უმჯობესია თუ ბავშვს ცენტრალურ ქალაქებთან ახლოს გაიყვანთ დასასვენელად, რადგან საჭიროების შემთხევევაში სამედიცინო დახმარება სწრაფად აღმოუჩინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მივესალმები შერეულ ჰავას, იქ, სადაც მთაც და ზღვაც გვხდება. უბრალოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ასევე, არ უნდა გვყავდეს ბავშვი მზეზე დიდხანს, არ უნდა გადავახუროთ, უნდა შევეცადოთ, რომ წყალში არ შევიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ წყალი ყლაპოს. გოგონებში ძალიან ხშირია სოკოვანი ინფექციები ზღვის შემდგომ, ამიტომ ყველანაირად უნდა დავიცვათ ეს ნორმები, უნდა შევეცადოთ ვიხმაროთ წყალგაუმტარი საცურაო კოსტიუმები და ა.შ.