„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი
შემოდგომის სუსხიანი დღეების დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ბავშების ჩაფუთვას როგორც სახლში, ასევე გარეთ გაყვანისას. როგორ ჩავაცვათ პატარებს ამ სეზონზე და რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო ინგა, რამდენად სწორია ბავშვების ჩაფუთვნა? როგორ უნდა ეცვას ბავშვს ამ სეზონზე სახლში და გარეთ?
- ზოგადად, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების ჩაფუთვნა. მშობელმა ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს, გარეთ გაყვანის შემთხვევაშიც და სახლშიც. ხშირად სახლშიც ჩაფუთნულები ჰყავთ. თუ ბავშვი სახლშია, ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსამდე, მეტი არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას და აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და აქედან გამომდინარეა ეს ოფლიანობაც. როგორც კი შესაბამისად ჩააცმევ, ეს პრობლემა გვარდება. ბავშვის ჩაფუთვნა ხელს უშლის ნორმალურ თერმორეგულაციას და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ნორმალური იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასაც, მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ასაკის და სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ, ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცმევთ, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა ჩაცმა, ასე უნდა ჩავაცვათ ბავშვსაც. ასევე, არ სჭირდება ბავშვს შალის წინდები, განსაკუთრებით, შიშველ ფეხზე, რეიტუზები შემდეგ შარვალი... ეს შეიძლება იყო ძალიან სერიოზული ყინვების დროს, როცა ბავშვი გაგვყავს გარეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ტემპერატურა, რომ ბავშვს ასეთი ჩაფუთვნა დასჭირდეს, ჩვენ არ ვართ ჩრდიოლოეთის ქვეყანა.
- ახალშობილის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ.
- რა თქმა უნდა, ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად. სახლში ხშირად ჰყავთ ბავშვები ძალიან თბილად ჩაცმულები. მოკლემკლავიანი, გრძელმკლავიანი შემდეგ შალი, თავზე ქუდი და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში საჭირო არ არის. 1 წლამდე ბავშვს დაბანვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში (თუ ოთახის ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი), შეგვიძლია დავახუროთ ქუდი, შემდეგ კი მოვხადოთ. ხშირად 3 თვემდე პატარებს ცხვირზე ადებენ ხოლმე ხელს, ასევე ხელებსა და ფეხებზე და ამ ზონების მოყინვით განსაზღვრავენ ხოლმე, სცივა თუ არა პატარას. ეს არ არის სწორი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეიძლება ცხვირის წვერი ცივი ჰქოდეს ბავშვს. უნდა შეეხოთ ხოლმე მუცელზე, თუ მუცელი თბილი აქვს, ე.ი. იქ პრობლემა არ არის. თავიდანვე როგორც შევაჩვევთ ბავშვს, ისე გაიზრდება, ისეთივე მოთხოვნილებები ექნება მის ორგანიზმს და მის თერმორეგულაციის ცენტრებს და იმუნურ სისტემას. ამიტომ შევეცადოთ, რომ ყოველთვის სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ ბავშვებს.
- რადგან ახალშობილებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რომელი კვირიდან გავიყვანოთ გარეთ სასეირნოდ და რამდენი ხნით? ქარიან ამინდში თუ შეიძლება ახალშობილის გასეირნება?
- ახალშობილი ბავშვი სასეირნოდ გარეთ უნდა გავიყვანოთ უკვე სამშობიაროდან გამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ჰაერის ტემპერატურა - 5 გრადუსზე დაბალია, ასეთ შემთხვევაში არ გაგვყავს, რა თქმა უნდა, და თუ ქარი და წვიმაა. დანარჩენ შემთხვევაში გაგვყავს სასეირნოდ. ვიწყებთ 15 წუთიდან და თანდათან ვუმატებთ დროს (თუ არ არის ქარი, წვიმა და არის მშვიდი ამინდი), აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ყოველდღიურად და ასევე ყოველდღიურად მოვუმატოთ 15-15 წუთი ისე, რომ სადღაც უკვე 1 თვის თავზე 1 საათი გვყავდეს ბავშვი გარეთ. აი, ამ პირობებში და ამ სეზონზე ბავშვი შეგვიძლია გვყავდეს გარეთ, მზეზე და შევაფიცხოთ შუადღის მზეს, ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ხელს ვუწყობთ D ვიტამინის გამომუშავებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები ძალიან კარგად იცავენ ამ წესებს, აი ჩაცმასთან დაკავშირებითაც, არ უყვართ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვების გადახურება. გარდა ამისა, ჰაერზეც გაჰყავთ და საკმაოდ დიდ ხანსაც. თუმცა შევეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო არავინ შევახოთ ბავშვს, დავიცვათ დისტანცია, არ მოვაკიდინოთ უცხოებს ხელი ლოყებზე, ხელებზე... ზოგადადაც საჭიროა დისტანცირება.
ქარიან ამინდშიც შეიძლება რატომაც არა, თუმცა ქარიან ამინდში მეტია შანსი, რომ მტვერი მოხვდეს ბავშვს თვალებზე და ამან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, გადაციების შანსიც არის. ამიტომ ქარსაც გააჩნია, ნიავზე შეიძლება, მაგრამ თუ ქარი ძლიერია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
- საინტერესოა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე?
- არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„3 წლამდე ასაკის ბავშვი 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს“
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„გრიპის ვირუსი მკვეთრი აქტივაციის ფაზაში შედის და არამარტო გრიპის ვირუსი, ვხვდებთ აგრეთვე ადენო, რინო, პარაგრიპი, კოკსაკის ვირუსებს, რომელთაც განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვთ.
თუ ტემპერატურა მატულობს 40 გრადუსამდე, იწევს შემცივნებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ოსსალგია, ართრალგია (ძვლების და სახსრების ტკივილი) თავის ტკივილი, ღებინება,ზოგჯერ ძლიერი აბდომინალური ტკივილი (მუცლის ტკივილი) ხშირად ზოგადი მშრალი ლორწოვანები (არც ცხვირიდან გამონადენი, არც ხველა) - ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მესამე დღიდან, ლეთარგიული მდგომარეობა (პაციენტს სულ ეძინება) ტემპერატურა პრაქტიკულად ვერ ან რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს...ეს უკვე გრიპია.
დღეს ძირითადად ვხვდებთ B ტიპის გრიპის ვირუსს (ლაბრატორიული ტესტებით) სეზონურ გრიპს რომ ვეძახით, თუმცა გრიპი გრიპია, ყველაზე ვერაგი რესპირატორულ ვირუსებს შორის!
A ტიპის ვირუსი უფრო ხშირად იძლევა გართულებებს, რადგან მას შეუძლია შეიცვალოს ანტიგენური სტრუქტურა, კვლავ შებრძანდეს ორგანიზმში ახალი სმოკინგით და ნიღბით, რომელსაც ვეღარ ცნობს დასუსტებული ორგანზმი,კვლავ იწყებს იმუნური სუსტემა ბრძოლას და გართულებებიც იწყება...პანიკაშია საზგადოება,ყველაზე მეტად ტემპერატურა გვაშინებს,რომელიც ხშირად არ გეპუებათ იმიტომ, რომ ორგანიზმი ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის გრიპის ვირუსს...
3 წლამდე ასაკის ბავშვი, უკვე 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, ხოლო ყველა დანარჩენი ასაკი, 72 საათიანი ჰიპერთერმიის შედეგ აუცილებლად მიბრძანდთ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ...
სახლის პირობებში, სანამ ექიმი გნახავთ, მიეცით ბავშვს ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) საშუალება, ჯობია გაორმაგებული დოზით, ვიდრე ხშირად, გააგრილეთ ბავშვი თუ გადახურებულია. თუ გაყინული აქვს ხელ-ფეხი, ესე იგი ტემერატურა ჯერ კიდევ ზევით იწევს და ამიტომ დაათბუნეთ...
შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაზელვა ოთახის ტემერატურის წყლით, გამდნარი კარაქით, თავზე კომბოსტოს ფურცელი დაადეთ, მიაღებინეთ დიდი რაოდენობით სითხე, ჩაი (ცაცხვი, გვირილა, ჟოლო, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი) ვიტამინიზირებული საკვები, არ დააძალოთ ხორცი და ცხიმიანი საკვების მიღება.
ამ დროს უმადობა ჩვეულებრივი მოვლენაა...არ მისცეთ ბევრი მედიკამენტი (პოლიპრაგმაზია ამ დროს დაუშვებელია) არ მისცეთ ანტიბაქტერიული საშუალებები თვითნებურად - ეს საშუალებები ექიმმა უნდა დანიშნოს ჰემოგრამაზე დაყრდნობით, ისინი მაინც არ მოქმედებენ.
ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციას სჭირდება დრო - 5-7-10 დღე, თუმცა აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე დინამიური დაკვირვება რათა არ მოხდეს მეორადი ბაქტერიული ფლორის გააქტივება! გრიპის ვირუსის უხშირესი გართულება პნევმონიაა. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნა ქოშინი, ძლიერი ხველა, სწრაფი დაღლა, ციანოზი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
გრიპით დაავადებული პაციენტის იზოლაცია აუცილებელია. დაიცავით თქვენი თავიც და გაუფრთხილდით სხვებსაც, ნუ გახვალთ გარეთ, განსაკუთრებით ადამიანების თავშეყრის ადგილებში!!! ის (გრიპით დაავადებული პაციენტი) სახლშიც ნიღბით უნდა იმყოფებდეს, სხვებმაც მოიხმარეთ ნიღაბი და ცვალეთ ყოველ 2 საათში, ნახმარი ნიღაბი მოათავსეთ ურნაში, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაალაგეთ სველი წესით, დაიბანეთ ხელები ისტერიულად!
გრიპზე იმუნიზირებული მოსახლეობის მცირე პროცენტი დაავადდა გრიპით, მაგრამ მათში კლინიკური მიმდინარეობა იყო ძალიან მარტივი... აი, რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს (ოსელტამივრი)) სააფთიაქო ქსელში დეფიციტშია.
გთხოვთ იზრუნოთ ამაზე, (ვისაც ხელეწიფება) რადგან არ ვართ დაზღვეულები ვირუსის შემოტევის შემდგომი ტალღებისგან!!! ტამიფლუ არ გამოიყენოთ თვითნებურად, მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით, რადგან დოზირებას მკაცრი შერჩევა სჭირდება, ასაკისა და წონის მიხედვით!!! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!!! იმოქმედეთ შიშის და პანიკის გარეშე!!! თქვენს გვერდთ ვართ
P.S ტამიფლუს მარაგი სჭირდება ქვეყანას!!!!“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.