რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება დაასახელა, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს:
„3 ძირითადი მოთხოვნილებააო, ასე ამბობენ ანალიტიკოსები. ერთი არის სარკისებური მოთხოვნილება. სარკეში რომ ჩაიხედავ და ეკითხები: ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა უნდა გიპასუხოს სარკემ? უნდა გიპასუხოს, რომ შენ ხარ. ამას ვინ გიკმაყოფილებს? მარტო მშობელი, სხვა ვერავინ, ისიც ბავშვობაში. მერე რამდენიც უნდა გეძახონ, ლამაზი ხარო, ვერ აკომპენსირებს.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით მშობლის სახით იდეალური ადამიანი ჰყავდეს:
„მეორე მოთხოვნილება არის იდეალიზაციის. ადამიანს სჭირდება იდეალური ვიღაც, დედა ან მამა. „მამაჩემი ყველაზე ღონიერია, ახლა მოვა, ყველას გადაგყრით აქედან,“ - ბავშვი რომ ამბობს. როგორც ზრდასრულისთვის უსაფრთხოების გარანტი ღმერთია, ბავშვისთვის მარტო მშობელია ეს გარანტორი. მთელი უსაფრთხოება, როგორც ბავშვობაში, ასევე მომავალში დგას ბავშვობის გამოცდილებაზე. მე იდეალიზაცია მჭირდება. თუ ეს ვერ დამიკმაყოფილეს მშობლებმა, ადამიანზე ჩაციკვლა მემართება, ან ვეღარ ვიტან ადამიანს, ყველა ავტორიტეტი მძულს. დააკვირდით, ვინ ილანძღება, ვინც არის ბავშვობაში ძალიან ტრავმირებული. ეს ტრავმირებული ხალხია, რომლებიც ბავშვობაში თვითონ დასტრესილები არიან და ასე გამოხატავენ. ვისაც პატივისცემა არ აქვს, მას თვითონ არ სცეს პატივი არასდროს და არ იცის, რატომ უნდა სცეს ვინმეს პატივი.“
„მესამე არის, რომ ბავშვობიდან გვინდა ვგავდეთ სხვას. ძალიან გაშინებს, თუ არ ჰგავხარ. თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მერე რაღაცას იმატებს ადამიანი გარეგნობაში, რომ კომპენსაცია გაუკეთოს ამას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.