„ბავშვმა რომ არ თქვას „გამარჯობა,“ ამით არაფერი დაშავდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში მშობლებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აუცილებლად გახლავთ მშობლებთან ურთიერთობა. ქცევის საბაზისო მოდელი ბავშვმა აუცილებლად მშობლების ქცევიდან უნდა გადაიღოს. ხშირად გაგვიკეთებია, სადღაც შევდივართ და ბავშვს ვეუბნებით: „აბა მიესალმე ახლა!“ წასვლისას აუცილებლად: „აბა, ახლა დაემშვიდობე!“ ვითომ ეს ყველაფერი აღზრდის კონტექსტშია, სინამდვილეში ეს გარკვეულწილად ძალადობაა. ბავშვმა რომ არ თქვას „გამარჯობა,“ არაფერი არ მოხდება, არც „ნახვამდის“ რომ არ თქვას, ამით არაფერი დაშავდება.“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მშობლები ასეთ დროს მშობლები საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობენ:
„თუ ჩვენ ვამბობთ გამარჯობას, თუ ვამბობთ: „ნახვამდის,“ თუ გზას ვუთმობთ დერეფანში სხვას, ბავშვი ამას აუცილებლად ხედავს, ითავისებს და აუცილებლად ასე მოიქცევა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსოვს სამი თვის წინ რა ვთქვით, ორი კვირის წინ როგორ მოვიქეცით. ბავშვები ამას ყველაფერს ისე იმახსოვრებენ და იზეპირებენ, მშობლები გაოცებულები არიან. ეს ბავშვის ტვინია,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.