Baby Bag

განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ვიტამინებს: D, C და მინერალ თუთიას - ექიმის რჩევები, როგორ ვიკვებოთ პანდემიის პირობებში

განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ვიტამინებს: D, C და მინერალ თუთიას - ექიმის რჩევები, როგორ ვიკვებოთ პანდემიის პირობებში

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, როგორ ვიკვებოთ პანდემიის პირობებში.

ჩვენი მკითხველის მხრიდან არ წყდება ინტერესი, თუ როგორი უნდა იყოს კვების რაციონი არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სწორ, დაბალანსებულ კვებას, ვერც აქ ავუვლით მხარს. პანდემიისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობა. სასურველია, რაციონი გაჯერებული იყოს ვიტამინებით და მინერალებით. განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ვიტამინებს: D, C და მინერალ თუთიას. განვიხილოთ, რომელი პროდუქტებია მდიდარი აღნიშნული ვიტამინებით და მინერალით.

ვიტამინი (დეტალებზე არ შევჩერდები, ​ვრცლად იხ. ჩვენი სტატია D ვიტამინთან დაკავშირებით). ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინს ადამიანი ასინთეზირებს მზის სხივებისგან, რომელიც არის მისი ძირითადი წყარო. თუმცა არსებულ პირობებში ადამიანი უმეტეს დროს ატარებს დახურულ სივრცეში და სასურველია, მივიღოთ საკვები, რომელიც გაჯერებული იქნება D ვიტამინით. 

ესენია

თევზეული (კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, თინუსი), 
კვერცხი, 
რძის ნაწარმი, 
საქონლის ხორცი.

ვიტამინი (იგივე ასკორბინის მჟავა) - არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას, უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ, გამართულ ფუნქციონირებას, მოქმედებს ანთების და ალერგიის წინააღმდეგ, აჩქარებს რეპარაციულ (აღმდგენით) პროცესებს ორგანიზმში. 

ვიტამინით მდიდარია:

ფორთოხალი,
გრეიფრუტი,
ასკილი, 
კივი,
შავი მოცხარი, 
მწვანე ბოსტნეული, 
მჟავე კომბოსტო, 
კენკრა, 
პომიდორი, 
ყვავილოვანი კომბოსტო, 
კარტოფილი.

თუთია - ეს არის მინერალი, რომელსაც ორგანიზმი მხოლოს საკვები პროდუქტიდან იღებს. დიდია მისი როლი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. მას მიაწერენ, რომ იგი აფერხებს ვირუსების გამრავლების პროცესს ორგანიზმში. მისი ნორმალური დონე ორგანიზმში ამცირებს ავადობის ხანას. 

თუთიით მდიდარია: 

მზესუმზირა, 
კაკალი, 
თხილი, 
გოგრის თესლი, 
ნიორი, 
ზღვის პროდუქტები, 
რძის ნაწარმი.

სწორი, დაბალანსებული კვება ადამიანს დაეხმარება პრევენციული თვალსაზრისით, ხოლო თუ არის ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებული ვიტამინების თუ მინერალების დეფიციტი, აქ უკვე საჭიროა კონკრეტული მკურნალობა, რომელიც უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა, რომელსაც დისტანციური სწავლება ბავშვებზე ახდენს:

„ჩემი შვილებიც, სამწუხაროდ, ასე არიან. დილით რომ იღვიძებენ, ტელეფონს დასქროლავენ, ეკრანთან არიან. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილზე არიან. ამ დროს მეორე ტელეფონი უჭირავთ და სხვადასხვა ჩათებში, თამაშებში არიან ჩართული. ეს არის კატასტროფა! ამაზე რაღაც რეგულაციები უნდა შემოიღოს მთავრობამ. მთავრობის, მშობლების, სკოლისა და პედაგოგების ჩართვის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი.“

„ზოგიერთი სკოლა პირიქით მოერგო ამ სიტუაციას. მასწავლებელს სკოლაში აღარ უნდა წასვლა. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში წასვლა. არ არის ეს იმაზე დამოკიდებული, საჯაროა სკოლა თუ კერძო. მშობელს ჰგონია, რომ კერძო სკოლაში დაჰყავს ბავშვი, იქ თანხებს იხდის და ბავშვი განსაკუთრებულ განათლებას მიიღებს. პრაქტიკულად იდენტურია ეს პრობლემა საჯარო და კერძო სკოლებში. საკმაოდ ხშირად არის ასეთი ბავშვების მომართვიანობა. დღეში რამოდენიმე ათეულამდე ავიდე ეს ყველა პედიატრთან. ჩვენ ამ თაობას დავკარგავთ და რა თაობა ჩამოგვიყალიბდება კაცმა არ იცის. საკმაოდ ხშირად გვაქვს გადინება ინტელექტის უცხოეთის ქვეყნებში. კოვიდს ისეთი დამაზიანებელი გავლენა არ გამოუწვევია ბავშვებზე, როგორც ონლაინ დამოკიდებულებას. ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს. სანამ სამთავრობო სტრუქტურები ამით არ დაინტერესდებიან, სხვა პრობლემების წინაშე დავდგებით ყველა ერთად,“- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად