Baby Bag

ორსულებს დღისით 1 საათი მაინც უნდა ეძინოთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის პერიოდში ძილზე

ორსულებს დღისით 1 საათი მაინც უნდა ეძინოთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის პერიოდში ძილზე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ძილის მნიშვნელობაზე ორსულობის პერიოდში.

ძილი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას რეკომენდებულია 9-10 საათი ძილი. ამ დროს უნდა გამოვაკლოთ 1 საათი დღის ძილისთვის. დაძინება და გაღვიძება უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აუცილებელია, ძილისთვის კომფორტული პერანგის ჩაცმა, ასევე უმჯობესია, შეიძინოთ სპეციალური ბალიში ორსულებისთვის. ძილის დროს ოთახში ჰაერის ტენიანობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კარგი ძილისთვის აუცილებელია კოფეინზე უარის თქმა. ბოლო კვება უნდა მიიღოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, საკვები უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი.

​რატომ არის ძილი ასეთი მნიშვნელოვანი?

​ძილი აუცილებელია ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ფუნქციისთვის, ენერგიისა და ძალების მოსაკრებად, ასევე ტვინს ეძლევა საშუალება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად. საკმარისი ძილის გარეშე შეუძლებელია საღად აზროვნება, სწრაფი რეაგირება, კონცენტრირება და ემოციების კონტროლი.

​რა იწვევს ძილიანობას ორსულობის დროს?

​ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში უფრო დაღლილად გრძნობთ თავს. პირველ ტრიმესტრში იზრდება სისხლის მოცულობა და პროგესტერონის დონე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ძილიანობა. მესამე ტრიმესტრში კილოგრამების მატება და ემოციური ფონი მოსალოდნელ მშობიარობასთან დაკავშირებით იწვევს დაღლილობას და ასევე ძილიანობის სურვილს. ამ ყველაფერს ემატება ჰორმონალური და ფიზიოლოგიური ცვლილებები თქვენს ორგანიზმში, ამიტომ შესაძლოა, ღამის ძილი არ იყოს მშვიდი.

​რა პოზაში შეიძლება დაიძინოს ორსულმა?

​ბევრ ქალს აინტერესებს შეიძლება თუ არა,  მუცელზე წოლა პირველ ტრიმესტრში? ორსულობის 11-12 კვირამდე შესაძლებელია მუცელზე წოლა, თუმცა უკვე ამ ვადიდან მოყოლებული საშვილოსნო იზრდება და ამოდის ზემოთ, ამიტომ 11-12 კვ. ვადაზე უკვე არ არის რეკომენდებული მუცელზე წოლა.

​პირველი ტრიმესტრი დასაწყისი ერთადერთი დროა, როცა ქალს თავისუფლად შეუძლია ზურგზე წოლა. 15-16 კვირიდან უკვე საშვილოსნო აწვება ქვემო ღრუ ვენას, ეს კი უარყოფითად აისახება დედისა და ბავშვის მდგომარეობაზე.

​მეორე ტრიმესტრი უფრო კომფორტული პერიოდია ორსულისთვის. ორსული იკრებს ძალებს, მეტად კომფორტულად სძინავს. ამ ვადებზე უმჯობესია ორსულს ეძინოს გვერდზე, უპირატესად მარცხენა მხარეს.

​მესამე ტრიმესტრში რეკომენდირებულია ორსულის გვერდზე წოლა, სპეციალური ბალიშის გამოყენებით.

​როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვაწუხებს უძილობა?

​ბევრ ორსულს აწუხებს უძილობა. ძირითადად, ძილი მოდის დღის პირველ ნახევარზე. ღამის ძილის ხარისხი კი ქვეითდება. ორსულს უჭირს ჩაძინება, ან ხშირად ეღვიძება ან ორივე პროცესი ერთდროულადაა და საბოლოო ჯამში მივდივართ უძილობამდე. მიუხედავად ამისა, უძილობა არ ახდენს გავლენას თქვენს ნაყოფზე.

​რა მიზეზები იწვევს უძლობას?

​ინსომნიის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:
  • ხშირი შარდვა
  • გულის რევის შეგრძნება ან ღებინება
  • ზურგის ტკივილი
  • სარძევე ჯირკვლების ტკივილი
  • დისკომფორტი მუცლის არეში
  • ფეხების დაბუჟება
  • ქოშინი
  • გულძმარვა
  • სტრესი

​როგორ ვებრძოლოთ უძილობას?

​დასაწყისისთვის შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო დაძინებისთვის. მოერიდეთ ეკრანს დაძინებამდე 1 საათით ადრე. ტელევიზორის, მობილურისა და პლანშეტის შუქი არღვევს თქვენს ცირკადულ რითმს. უმჯობესია, წაიკითხოთ წიგნი.

​დამამშვიდებელი ეფექტი აქვს აბაზანაში ჩაწოლას. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, რომ წყალი არ იყოს ცხელი და არ შეუქმნას საფრთხე თქვენს ნაყოფს ორსულობის ადრეულ ვადებზე.

​ასევე ვარჯიშს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ძილზე. ეცადეთ, იყოთ აქტიური დღის განმავლობაში, რომ ღამე მშვიდად დაგეძინოთ.

​იმ შემთხვეაში, თუ უძლობა გრძელდება დიდხანს, არ მიმართოთ თვითმკურნალობას, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშულებას. 

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადავწყვიტე, რომ მეც ჩავიდე უკრაინაში, სადაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება,“- გიორგი ღოღობერიძე

„გადავწყვიტე, რომ მეც ჩავიდე უკრაინაში, სადაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მიემგზავრება:

„დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. მათ შორის, ექიმების დახმარება. საქმე ეხება უშუალოდ უკრაინას. ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე ჩვენი გადაცემიდან ჩემს მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე დღეში ჩვენ შევძლებთ, რომ იქ ჩავიდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.“

„არ იქნებოდა სწორი, რომ მე დავრჩენილიყავი თბილისში და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ბავშვებს დავეხმაროთ, იქაურ ხალხს დავეხმაროთ. როგორც ექიმისთვის, იარაღის აღება და ვიღაცის წინააღმდეგ სროლა საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება და თუ გამოუვალი სიტუაცია არ იქნება, ნაკლებად მოვახერხებთ. შეგიძლიათ დარიცხოთ თანხები, რამდენიც შეგიძლიათ. ეს იქ მოხმარდება უკრაინელ ბავშვებს. ჩვენ მათ დავეხმარებით საკვებით, მედიკამენტებით, დავეხმარებით თავშესაფრის მოძიებაში, ტრანსპორტირებაში, დაბინავებაში. ჩვენ გვჭირდება თანადგომა თქვენგანაც. ეს არის ანგარიშის ნომერი: GE98TB7029745063600040. რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუზიარეთ ეს ინფორმაცია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად