Baby Bag

ორსულებს დღისით 1 საათი მაინც უნდა ეძინოთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის პერიოდში ძილზე

ორსულებს დღისით 1 საათი მაინც უნდა ეძინოთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის პერიოდში ძილზე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ძილის მნიშვნელობაზე ორსულობის პერიოდში.

ძილი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას რეკომენდებულია 9-10 საათი ძილი. ამ დროს უნდა გამოვაკლოთ 1 საათი დღის ძილისთვის. დაძინება და გაღვიძება უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აუცილებელია, ძილისთვის კომფორტული პერანგის ჩაცმა, ასევე უმჯობესია, შეიძინოთ სპეციალური ბალიში ორსულებისთვის. ძილის დროს ოთახში ჰაერის ტენიანობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კარგი ძილისთვის აუცილებელია კოფეინზე უარის თქმა. ბოლო კვება უნდა მიიღოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, საკვები უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი.

​რატომ არის ძილი ასეთი მნიშვნელოვანი?

​ძილი აუცილებელია ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ფუნქციისთვის, ენერგიისა და ძალების მოსაკრებად, ასევე ტვინს ეძლევა საშუალება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად. საკმარისი ძილის გარეშე შეუძლებელია საღად აზროვნება, სწრაფი რეაგირება, კონცენტრირება და ემოციების კონტროლი.

​რა იწვევს ძილიანობას ორსულობის დროს?

​ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში უფრო დაღლილად გრძნობთ თავს. პირველ ტრიმესტრში იზრდება სისხლის მოცულობა და პროგესტერონის დონე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ძილიანობა. მესამე ტრიმესტრში კილოგრამების მატება და ემოციური ფონი მოსალოდნელ მშობიარობასთან დაკავშირებით იწვევს დაღლილობას და ასევე ძილიანობის სურვილს. ამ ყველაფერს ემატება ჰორმონალური და ფიზიოლოგიური ცვლილებები თქვენს ორგანიზმში, ამიტომ შესაძლოა, ღამის ძილი არ იყოს მშვიდი.

​რა პოზაში შეიძლება დაიძინოს ორსულმა?

​ბევრ ქალს აინტერესებს შეიძლება თუ არა,  მუცელზე წოლა პირველ ტრიმესტრში? ორსულობის 11-12 კვირამდე შესაძლებელია მუცელზე წოლა, თუმცა უკვე ამ ვადიდან მოყოლებული საშვილოსნო იზრდება და ამოდის ზემოთ, ამიტომ 11-12 კვ. ვადაზე უკვე არ არის რეკომენდებული მუცელზე წოლა.

​პირველი ტრიმესტრი დასაწყისი ერთადერთი დროა, როცა ქალს თავისუფლად შეუძლია ზურგზე წოლა. 15-16 კვირიდან უკვე საშვილოსნო აწვება ქვემო ღრუ ვენას, ეს კი უარყოფითად აისახება დედისა და ბავშვის მდგომარეობაზე.

​მეორე ტრიმესტრი უფრო კომფორტული პერიოდია ორსულისთვის. ორსული იკრებს ძალებს, მეტად კომფორტულად სძინავს. ამ ვადებზე უმჯობესია ორსულს ეძინოს გვერდზე, უპირატესად მარცხენა მხარეს.

​მესამე ტრიმესტრში რეკომენდირებულია ორსულის გვერდზე წოლა, სპეციალური ბალიშის გამოყენებით.

​როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვაწუხებს უძილობა?

​ბევრ ორსულს აწუხებს უძილობა. ძირითადად, ძილი მოდის დღის პირველ ნახევარზე. ღამის ძილის ხარისხი კი ქვეითდება. ორსულს უჭირს ჩაძინება, ან ხშირად ეღვიძება ან ორივე პროცესი ერთდროულადაა და საბოლოო ჯამში მივდივართ უძილობამდე. მიუხედავად ამისა, უძილობა არ ახდენს გავლენას თქვენს ნაყოფზე.

​რა მიზეზები იწვევს უძლობას?

​ინსომნიის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:
  • ხშირი შარდვა
  • გულის რევის შეგრძნება ან ღებინება
  • ზურგის ტკივილი
  • სარძევე ჯირკვლების ტკივილი
  • დისკომფორტი მუცლის არეში
  • ფეხების დაბუჟება
  • ქოშინი
  • გულძმარვა
  • სტრესი

​როგორ ვებრძოლოთ უძილობას?

​დასაწყისისთვის შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო დაძინებისთვის. მოერიდეთ ეკრანს დაძინებამდე 1 საათით ადრე. ტელევიზორის, მობილურისა და პლანშეტის შუქი არღვევს თქვენს ცირკადულ რითმს. უმჯობესია, წაიკითხოთ წიგნი.

​დამამშვიდებელი ეფექტი აქვს აბაზანაში ჩაწოლას. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, რომ წყალი არ იყოს ცხელი და არ შეუქმნას საფრთხე თქვენს ნაყოფს ორსულობის ადრეულ ვადებზე.

​ასევე ვარჯიშს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ძილზე. ეცადეთ, იყოთ აქტიური დღის განმავლობაში, რომ ღამე მშვიდად დაგეძინოთ.

​იმ შემთხვეაში, თუ უძლობა გრძელდება დიდხანს, არ მიმართოთ თვითმკურნალობას, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშულებას. 

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძლება თუ არა ცურვა მენსტრუალური ციკლის დროს?

შეიძლება თუ არა ცურვა მენსტრუალური ციკლის დროს?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. შეიძლება თუ არა ცურვა მენსტრუალური ციკლის დროს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია. 
დიახ, მენსტრუალური ციკლის დროს ცურვა შესაძლებებლია. უბრალოდ საჭიროა დამცავი საშუალებების გამოყენება, რომ არ მოხდეს მენსტრუალური გამონადენის გამოსვლა წყალში და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება.
რას უნდა მივაქვიოთ ყურადღება, სანამ ცურვას გადავწყვეტთ?

  • პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს ორგანიზმს - მენსტრუალური გამონადენის რაოდენობას. თუ ჭარბი მენსტრუაცია გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ ცურვისგან.
  • თუ აპირებთ ცურვას ზღვაზე, ტბაზე და არა აუზზე, მიაქციეთ ყურადღება წყალს - ხომ არ არის წყალი დაბინძურებული.
  • წყლის ტემპერატურა - წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი.
რომელი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი?

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონი - მისი გამოყენება ცურვის დროს კარგი ვარიანტია: შეუმჩნეველია, მარტივად გამოსაყენებელი. მთავარია, ხშირად იცვალოთ ტამპონი, დაიბანოთ ხელები მისი გამოყენების დროს.
  • მენსტრუალური ჭიქა -კიდევ ერთი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ცურვის დროს. ასევე ითვლება, რომ მენსტრუალური ჭიქა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტამპონი. ის უფრო დიდხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონთან შედარებით. გარდა ამისა, მენსტრუალური ჭიქა არის მრავალჯერადი გამოყენების.
  • საფენი (პაკეტი) - მისი გამოყენება ცურვის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან საფენის ზედაპირის მოვალეობაა მენსტრუალური გამნონადენის შეწოვა, აქედან გამომდინარე, მოხდება ასევე წყლის შეწოვა, შესაბამისად, საფენი ვერ მოახერხებს სრულად დაგიცვათ მენსტრუალური გამონადენის გაჟონვისგან. გარდა ამისა, წებოვანი ზედაპირი, რომელიც მას გააჩნია უკანა მხარეს, სველ გარემოში საცვალზე მყარად ვერ დამაგრდება.

​არის თუ არა ცურვა მენსტრუაციის დროს საზიანო ორგანიზმისთვის?
არა! თუ, რა თქმა უნდა, დაიცავთ ნორმებს. ღია და დახურული აუზები მუშავდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით, რაც არ მოქმედებს ორგანიზმზე საზიანოდ. შესაძლებელია მხოლოდ ალერგიული რეაქციის გამოვლენა. აუცილებელია წყლიდან ამოსვლის შემდეგ შხაპის მიღება, ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის და სველი საცვლის გამოცვლა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად