როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
- რა არის ატოპიური დერმატიტი და როგორ ვლინდება ბავშვებში?
- ატოპიური დერმატიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა დერმატოლოგიაში. ითვლება, რომ ატოპიური დერმატიტი არის კანის ბარიერული დეფექტი, კანქვეშა ქსოვილები კარგავენ სითხეს, შრებიან და ამის შედეგად ხდება კანის დაზიანება, მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. ამას ემატება კანის ჰიპერმგრძნობელობა გარე გამღიზიანებელ ფაქტორებზე ბარიერული დეფექტის გამო, შესაბამისად, ატოპიური დერმატიტის დროს ნებისმიერი ფაქტორი, როგორიცაა, ტემპერატურის ცვალებადობა, სხვადასხვა საშუალებასთან კონტაქტი ამწვავებს დაავადებას. ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ, ატოპიური დერმატიტი დაკავშირებულია კანის სიმშრალესთან და მის ბარიერულ დეფექტთან.
ყველაზე ხშირად ეს დაავადება ბავშვთა ასაკში ვლინდება, თუმცა, შესაძლებელია ცხოვრების მეორე დეკადაშიც შეგვხვდეს.
- რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს?
- ატოპიურ დერმატიტს არ აქვს ასაკობრივი ზღვარი. შეიძლება გამოვლინდეს 0 წლიდან, შეიძლება გაგრძელდეს გარდატეხის ასაკამდე. თუ სტატისტიკურად გვაინტერესებს, ბავშვთა ასაკში დაწყებული ატოპიური დერმატიტი, დაახლოებით, პაციენტების 60-70 %-ის შემთხვევაში რემისიაში გადადის. პაციენტთა 80%-ში კი პუბერტულ ასაკამდე მიმდინარეობს. მხოლოდ 20 % -შია იმის შანსი, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგაც გაგრძელდება.
- რა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყოს ხელი ატოპიური დერმატიტის გამწვავებას?
გარე ფაქტორები (ტემპერატურის ცვლილება და სხვა);
გარკვეული სახის მედიკამენტი (ანტიბიოტიკები);
სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკური საშუალება (პარფიუმის შემცველი).
- რა კრემები უნდა გამოვიყენოთ ბავშვებისთვის და როგორი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს?
- მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კრემების და დასაბანი საშუალებების სწორი გამოყენება. პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს, მჟავებს, ვინაიდან ეს ყველაფერი აპროვოცირებს დერმატიტს. მინერალური ზეთები, ვაზელინი, გლიცერინი, ცერამიდების შემცველი მოვლის საშუალებები - ეს არის ის ყველაფერი, რაც ატოპიური დერმატიტის მკურნალობის პროცესში უნდა გამოვიყენოთ.
დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას და არა ფასს, რადგან ბიუჯეტური პროდუქტიც შესაძლებელია ძალიან ეფექტური იყოს.
- შესაძლებელია თუ არა ბავშვის კრემი მოზრდილმაც გამოიყენოს?
- რა თქმა უნდა. ასეთი ტიპის პროდუქტებს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. თუ მოზრდილ ადამიანს აწუხებს ატოპიური დერმატიტი, სრულიად დასაშვებია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი მსუყე დამატენიანებელი გამოიყენოს.