კოვიდის სიმპტომების და მართვის თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
კოვიდის სიმპტომების და მართვის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის (ცოტა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციაა, მაგრამ ახლა უცებ რაც გამახსენდა, პაციენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე):
1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს - ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებს. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.
2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს.
3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება.
4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ ჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა.
5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა.
6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო.
7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია).
სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს ჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ).
8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები ჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.
ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და თითქოს ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი,“ - პედიატრი ნინო თოთაძე
პედიატრი და ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის წყლის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიღება პანდემიის დროს განსაკუთრებით სასურველია:
„წყალი უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ნებისმიერი დღის განმავლობაში. მსოფლიოში აღწერილია 21 დღე შიმშილობის, იგივე მაჰათმა განდის მიერ, მაგრამ ადამიანს შეუძლია სიცოცხლე შეინარჩუნოს მაქსიმუმ 3-4 დღე წყლის გარეშე. პანდემიის დროს არის ვირუსული ფონი, პრობლემებია მადასთან, არის გემოს პრობლემები. შესაძლოა, რამდენიმე დღე კვება არ იყოს კარგი, მაგრამ წყლის მიღების გარეშე შეუძლებელია. საუკეთესოა ჩვეულებრივი წყალი, შეიძლება იყოს სხვა სითხეებიც, ჩაი, ყავა, ნატურალური წვენი. ნატურალური წვენი, რომელიც ასე სასარგებლოა, არ არის რეკომენდებული იყოს 150 მილილიტრამდე, რადგან ის წყლის გარდა შეიცავს შაქრის რაოდენობას. ბავშვებში შეიძლება იყოს რძეც, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით დაბალი და მაღალი ცხიმიანობის. წყალი არის ამ შემთხვევაში შეუცვლელი. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე პირდაპირ არის მითითებული: მიირთვით წყალი პირველ რიგში და შემდეგ უკვე შესაძლებელია სხვა სითხეებიც.“
ნინო თოთაძის თქმით, როდესაც ფიზიკურად ნაკლებად ვიტვირთებით, სითხის მარაგი აუცილებლად უნდა შევივსოთ:
„როდესაც ჩვენ ვსხედვართ და ჩვენი ფიზიკური აქტივობა არის დაბალი, დღის მანძილზე ვკარგავთ გარკვეული რაოდენობის სითხეს. ყველა ორგანო შედგება უჯრედებისგან, რომლებსაც სჭირდება დატენიანება. ამის დატენიანებას ახდენს წყალი. დღე ღამის განმავლობაში 10-დან 100 მილილიტრამდე ლორწოს გამოვყოფთ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია წყლის მიღება.“
ნინო თოთაძე ასაკობრივი ჯგუფებისთვის რეკომენდებულ წყლის დოზებზე საუბრობს:
„ევროპის სურსათის სააგენტოს სახელმძღვანელოში მოწოდებულია, რომ მიღებული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, გარემო ფაქტორებზე. ერთ კილოგრამ წონაზე წყლის დღიური ნორმა 35 მილილიტრია. ადამიანი წყლის გასინჯვას იწყებს 6 თვის ასაკიდან. 2 წლამდე ის იღებს დაახლოებით 150 მილილიტრამდე წყალს. ამის შემდეგ ოთხ წლამდე მივდივართ 250 მილილიტრით. 4-8 წლამდე ასაკში ნორმა არის დაახლოებით 5 ჭიქა. 9-13 წლის ასაკში ცალ-ცალკე იყოფა გოგონები და ვაჟები. დაახლოებით რომ ვთქვათ, ნორმაა 7 ჭიქა გოგონებისთვის, ხოლო 8 ჭიქა ვაჟებისთვის. ეს არის დაახლოებით 1,5-1,7 მილილიტრი. უკვე 19 წლის მამაკაცებისთვის მაქსიმუმი არის 13 ჭიქამდე, ქალბატონებისთვის კი 10-11 ჭიქა. ლაქტაციის პერიოდში მიღებული წყლის რაოდენობა იმატებს და ნორმა უნდა იყოს გაზრდილი 2 ჭიქით, იგივეა ორსულობის პერიოდშიც. თუ ძლიერი ფიზიკური დატვირთვაა, დღე-ღამის განმავლობაში წყლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 1,5-2,5 ჭიქით.“
„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი. წყალსაც აქვს თავისი სწორი მიღების წესი. კარგი იქნებოდა, თუ დღის განმავლობაში მისაღები წყალი გადანაწილდება ყლუპ-ყლუპობით, მცირე დოზის ოდენობით. სჯობს, წყალი მივიღოთ კვებამდე, ან კვებიდან ერთი საათის მერე, ვიდრე კვების პროცესში. ყავასთან ერთად წყლის დალევა რეკომენდებულია და სავსებით ნორმალურია. ბავშვებს კვების დროს წყლის მიღებას ვერ ვუშლით, შეიძლება იყოს გადაცდენის მომენტიც. ის ნელ-ნელა უნდა გადაეჩვიოს ამ წესს. ბავშვისთვის გადადუღებული წყლის მიცემა არ არის რეკომენდებული. ის შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, თუ ჯანსაღ წყალზე არ მიგვიწვდება ხელი,“ - აღნიშნავს ნინო თოთაძე