Baby Bag

,,თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება'' - მერამდენე დღიდან შეიძლება, გართულდეს კორონავირუსი?

,,თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება'' - მერამდენე დღიდან შეიძლება, გართულდეს კორონავირუსი?

კოვიდის სიმპტომების და მართვის თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

კოვიდის სიმპტომების და მართვის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის (ცოტა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციაა, მაგრამ ახლა უცებ რაც გამახსენდა, პაციენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე):

1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს - ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებს. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.

2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს.

3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება.

4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ ჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა.

5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა.

6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო.

7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია).

სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს ჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ).

8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები ჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.

ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

„ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს“ - ინფექციონისტი მაია ბ...
როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება? - აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:​ „თუ კოვიდზე ტესტირების მიზანია, დავადგინოთ, ხო...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ექიმთან წინასწარი საუბრის გარეშე''

,,არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ექიმთან წინასწარი საუბრის გარეშე''
რა არის პარაცეტამოლი, როგორ გამოიყენება სწორ დოზებში, შეიძლება თუ არა იბუპროფენის მიღება სიცხის დაწევის მიზნით კოვიდის დროს? - აღნიშნულ თემებზე ე​ქიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს​:

,,პარაცეტამოლი, ასევე ცნობილი როგორც აცეტამინოფენი ან APAP — მედიკამენტი, რომელიც ძირითადათ გამოიყენება მაღალი სიცხის დროს. პარაცეტამოლი არ არის საშიში როდესაც დოზა რეკომენდებულია. მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისათვის შეადგენს 3 ან 4 გრამს. მაღალი დოზა სახიფათოა ღვიძლისათვის.

სამედიცინო გამოყენება:

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ სიცხის დამწევ საშუალებას ყველა ასაკის ადამიანისათვის. პარაცეტამოლის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა ერთი 500 მგ ტაბლეტი 4-ჯერ 24 საათში. აუცილებელია მიღების შორის ინტერვალი არ იყოს 4 საათზე ნაკლები. პარაცეტამოლის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მოზრდილებისთვის პარაცეტამოლის მაქსიმალური რაოდენობაა 1 გრამი (1000 მგ) დოზა და 4 გრამი (4000 მგ) დღეში. მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ექიმთან წინასწარი საუბრის გარეშე, თუ დღეში სამ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლი გაქვთ მიღებული ან გაქვთ ღვიძლის (ციროზი). არ გამოიყენოთ პარაცეტამოლი ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, რომ პარაცეტამოლი ბავშვების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38,5 °C-ზე მაღალია.

პარაცეტამოლი ასევე გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, ოსტეოართრიტის, წელის და თავის ტკივილის დროს.

იბუპროფენი გამოიყენება პარაცეტამოლის მსგავსი ფორმით; იგი ამცირებს ტკივილს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხელების სამკურნალოდაც მთავარი განსხვავება ის არის, რომ იბუპროფენი ამცირებს ანთებას.

იბუპროფენი არის ერთგვარი პრეპარატი, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება). ეს ნიშნავს, რომ იბუპროფენი შეამცირებს ანთებას.

იბუპროფენი რჩება უსაფრთხო გამოსაყენებლად, როგორც მითითებულია ამჟამინდელ სამეცნიერო ლიტერატურაში იბუპროფენი არ ამძიმებს COVID-19 ჯანმრთელობის შედეგებს,'' - აღნიშნავს ექიმი. 

წაიკითხეთ სრულად