Baby Bag

ნიღაბი, მუცელზე წოლა, ბუშტების გაბერვა... - ეტაპები, რომელიც კოვიდის მძიმეფორმიანმა პაციენტმა გაიარა

ნიღაბი, მუცელზე წოლა, ბუშტების გაბერვა... - ეტაპები, რომელიც კოვიდის მძიმეფორმიანმა პაციენტმა გაიარა

პოლიტიკოსმა გივი თარ­გა­მა­ძემ, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს. გთავაზობთ მის ფეისბუქ პოსტს უცვლელად:

,,ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებული მყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას: 

1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას. ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე. მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის შეგრძნება. სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ - თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით - ასეც შეიძლება თქმა. სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია. აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე. 

2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში - ბალიში, ლოგინი ზოგადად - რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს. ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათ პროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი.... 

3. როდესაც სიპაპი თავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა - ბუშტების ბერვა. ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული. ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში. მეცხრე დღეა დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ანუ, ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი, ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, რის გამომაჯანმრთელებელ ეფექტს მუდმივად ვგრძნომ საკუთარი ორგანიზმით. 

მოკლედ, პნევმონიით გართულებული კოვიდი ნამდვილი ურჩხულია. მასთან ბრძოლა არის მკაცრად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. ურჩხული ოდნავ მოდუნებასაც არ გაპატიებს, გადაგყლაპავს. ბრძოლის მთელს მიმდინარეობისას შენს თვალსაწიერში არის ცხედარი. დიაღ. 14 დღეში - 11. კარგი შედეგია, მინიმალური. კარგი, რადგან 5 - კიბო. დანარჩენები - თანხმლები დაავადებები. ქრონიკა. შანსი - 0. არადა გყავს თითქმის უშანსოები, რომლებიც გადარჩნენ. ხოდა, კარგი შედეგია. არ ტეხავს თქმა. მოსულა. და ისინი შენ მაინც გეხმარებიან. გაჩვენებენ, თუ ერთ წამს მოადუნე ბრძოლა, რა სისწრაფით სად აღმოჩნდები. თუ CO-თი მოწამვლა ერთგვარად თეთრ-ცისფერი ცივი ჯოჯოხეთია, კოვიდი - ცეცხლოვანია, ალისფერი, ღაჟღაჟა, ძალზე მკვეთრი, ღია სურათია სიცოცხლისთვის ბრძოლისა და ამიტომ, უნდა იბრძოლო მუდმივად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და დამხმარეებთან ერთად თავად გამოიბრძოლო შენი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის ამის მტკიცება აღარ გინდათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი,'' - აღნიშნავს გივი თარგამაძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველი, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

„არ ველი, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ კორონავირუსის ახალი ტალღის სავარაუდო სიმძაფრეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთი ძლიერი ტალღის მოლოდინში არ არის, როგორიც შარშან გვქონდა:

„ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უკვე დაცულია. ზოგი ბუნებრივი, ზოგი ვაქცინაციის გზით. საუბრობენ, რომ იმაზე უფრო ძლიერი ტალღა იქნება, ვიდრე შარშან ამ დროს. ამის საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა, რომ რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა, ​არ ველით, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა.“

გიორგი კამკამიძის თქმით, ყველაზე მთავარია, რომ ექიმებმა მოსახლეობას სწორი და გულწრფელი ინფორმაცია მიაწოდონ:

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ​სწორი და გულწრფელი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმდენი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროდან, რომ, სამწუხაროდ, ამის შემდეგ ძალიან ძნელია ენდო. არის სანდო წყაროები და არიან სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ნდობა მოსახლეობის. ინიციატივა, რეგიონებში ხელმისაწვდომობის გააქტიურებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.“

„ბევრი უბრალოდ ვერ ახერხებს ვერც დარეგისტრირებას, ვერც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლას. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი ასაკის მოსახლეობას.​ ჩვენ ვაქცინაცია უნდა მივიტანოთ მათ კარამდე. ეს არის ზუსტად ის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ამუშავდა. ეს ნამდვილად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის ანალიზი. იმის გაგება, თუ რა ფაქტორები მუშაობს და მათ გამოსწორებაზე ორიენტირება იქნება მთავარი, თუ გვინდა, რომ სიკვდილიანობა როგორმე დავწიოთ“ – აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად