Baby Bag

​კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება - როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან?

​კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება - როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

კარს მოგვადგა დღესასწაულები: ახალი წელი, შობა და ა.შ. ყველას ძალიან აინტერესებს, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ არასასურველი კილოგრამებისგან, თან ქართველები გამოვირჩევით ესოდენ მიმზიდველი და მრავალფეროვანი კერძებით. ქართული სუფრა ნამდვილი განსაცდელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის. დღესასწაულებს განსაკუთრებით განიცდიან ადამიანები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ცდილობდნენ ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევას. მომავალი დღესასწაულები ზედმეტი კილოგრამების წყაროდ რომ არ გვექცეს, სასურველია, დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები.

31-ში ღამის 12 საათზე შემოვიფარგლოთ ერთმანეთისთვის სიმბოლური მილოცვით და ღამით ნუ დავაგემოვნებთ საკვებს. პირველ და ორ იანვარს ჩვენთვის საყვარელი საახალწლო სუფრის რაციონიდან დღის მანძილზე ჯერად კვებებზე გადავანაწილოთ სხვადასხვა სახეობის საკვები. სასურველია, ცომეული და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში დავაგემოვნოთ (იგულისხმება ერთი-ორი ნაჭერი ცომეული და ტკბილეული), ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის დავიტოვოთ ხორციანი საკვები, სალათები და ხილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ის არის არაკალორიული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. განსაკთრებით ღვინო, რომელიც ყურძნისგან მზადდება, არის ნახშირწყლების საბადო. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება. ამ დროს ძალიან იმატებს მიღებული კალორიების რიცხვი. ალკოჰოლთან ერთად სითხე, რომელიც დასაშვებია მისაღებად, არის წყალი. ასე ვთქვათ, ორდღიანი „დიეტის დარღვევის“ მერე სასურველია, ე.წ ​განტვირთვის დღეს მივმართოთ, რომელიც განხილული გვაქვს წინა რუბრიკაში. დღესასწაულების შემდეგ რაც მალე დავუბრუნდებით ჯერად, დაბალანსებულ კვებას და მოვიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლებად ვიგრძნობთ დღესასწაულებით გამოწვეულ ზედმეტ კილოგრამებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გილოცავთ დამდეგს!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ორიგინალური სასაჩუქრე იდეები მათთვის, ვინც Secret Santa-ს თამაშობს

ორიგინალური სასაჩუქრე იდეები მათთვის, ვინც Secret Santa-ს თამაშობს

სამსახურში ან სამეგობროში Secret Santa-ს თუ თამაშობთ, ალბათ, ​ორიგინალური სასაჩუქრე იდეების აქტიურ ძიებაში ხართ. ყველას სურს, რომ თანამშომელს ან მეგობარს განსხვავებული საჩუქარი გადასცეს. ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად იმაზე ღელავს, მისი სანტა რამდენად ორიგინალური აღმოჩნდება. საახალწლოდ ეგოიზმი დროებით უნდა დაივიწყოთ. უმჯობესია იმ ადამიანზე იზრუნოთ და იფიქროთ, რომლისთვისაც საჩუქარს თავად არჩევთ. ჩვენს სტატიაში საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით საუკეთესო Secret Santa-ს ტიტულის მოპოვება არ გაგიჭირდებათ.


• ფულით სავსე შოკოლადის ყუთი

შოკოლადის ყუთში სხვადასხვა სახის ფული მოათავსეთ: წვრილი ფული და შედარებით მსხვილი თანხები. შეგიძლიათ ფული ისე შეფუთოთ, რომ გარედან შოკოლადს ჰგავდეს. მსგავსი საჩუქრის მიღება ნებისმიერ ადამიანს გაახარებს და გააოცებს.

• სახლში მომზადებული ტკბილეული

თქვენი მეგობრის ან თანამშრომლისთვის ტკბილეულის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ეცადეთ მისი საყვარელი ნუგბარი ოჯახურ გარემოში მოამზადოთ. დესერტი სპეციალურ ყუთში მოათავსეთ. გარედან კი მისი მომზადების ინსტრუქცია მიაკარით. თქვენ მიერ გაღებული შრომა აუცილებლად დაფასდება.

• კერამიკისგან დამზადებული სამკაული

კერამიკის სამკაულის დამზადება თავადაც შეგიძლიათ. ნაკეთობის დასამზადებლად ყველა საჭირო ინვენტარი შეიძინეთ და სამკაული ლამაზი დეკორაციებით გააფორმეთ. თუ თქვენს მეგობარს მსგავსი აქტივობები თავადაც იზიდავთ, შეგიძლიათ, სამკაულის დასამზადებელი ინვენტარი აჩუქოთ.

• ხილის ფორმის ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები

თუ მსგავსი ნაკეთობების დამზადება გეხერხებათ, მეგობრისთვის ხილის ფორმის ორიგინალური სათამაშოები სპეციალური ნაჭრისა და შიგთავსის გამოყენებით შეკერეთ. ეცადეთ, ნათელი ფერები უხვად გამოიყენოთ. აღნიშნული პროცესი თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ და მეგობარსაც გააბედნიერებთ.

• ტკბილეულით სავსე ქილა

ჯანსაღი, თხილისა და სხვა ალერგიული ინგრედიენტების გარეშე დამზადებული ტკბილეული ქილაში მოათავსეთ. ქილა რომელიმე ცხოველის ფორმის ნაჭრით ლამაზად შეფუთეთ და საჩუქარიც მზად გაქვთ.

• პერსონალური დღიური

პერსონალური დღიური საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგიძლიათ მეგობარს ან თანამშრომელს გადასცეთ. დღიურის გასალამაზებლად მასში ალბომისთვის საჭირო სივრცე გამოყავით, ყდა ლამაზად გააფორმეთ. ეცადეთ, დღიური ორიგინალური დეტალებით გაამდიდროთ.

• შოკოლადი განსაკუთრებულ შეფუთვაში

შავი შოკოლადი შეიძინეთ. ის შეფუთვიდან ამოიღეთ და თქვენ მიერ სპეციალურად დამზადებულ შეფუთვაში გადაიტანეთ. შეგიძლიათ, მეგობრისთვის განსაკუთრებული სიტყვები ამოაპრინტეროთ და შეფუთვაზე დაიტანოთ. ფრაზა, რომლის თქმასაც თქვენი საჩუქრის ადრესატისთვის ისურვებდით, თქვენი სურვილით უნდა შეარჩიოთ.

• ღვინისა და ყველის სასაჩუქრე კალათა

ხილით, შოკოლადით, ღვინით, ჭიქებით და ყველის განსაკუთრებული ნაირსახეობით სავსე კალათა საუკეთესო საჩუქარია. თუ თქვენს ადრესატს ალკოჰოლი არ უყვარს, შეგიძლიათ, ღვინო გემრიელი ხილის წვენით ან გაზიანი სასმელებით ჩაანაცვლოთ.

• საუზმე მოგზაურთათვის

მოგზაურთა საუზმის ინგრედიენტებით და ინვენტარით სავსე ყუთი ისეთ ადამიანებს გაახარებთ, რომლებიც გზაში ძალიან დიდ დროს ატარებენ. თერმოსი, ყავა, ჩაი, ორცხობილა და საუზმისთვის საჭირო სხვა ნუგბარი მოგზაურებისთვის ნამდვილად დაუვიწყარი საჩუქარია.

• საჩუქარი დედიკოებს

თუ თქვენი ადრესატი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, მას დასვენებისთვის საჭირო და აუცილებელი ატრიბუტები უნდა აჩუქოთ, მაგ. სასიამოვნოდ საკითხავი წიგნი, დღიური, გემრიელი შოკოლადები და სასმელი. დედისთვის საუკეთესო საჩუქარი სწორედ მცირედი განტვირთვა და მოსვენებაა.

• კალათა სახელწოდებით: „ჯანმრთელობას გისურვებ“

ზამთრის სეზონზე ადამიანები ხშირად ავადდებიან. გაციებისა და ვირუსების საწინააღმდეგოდ მათ სპეციალური კალათა უნდა აჩუქოთ, რომელშიც C ვიტამინის ნაკრებს, სასიამოვნოდ საკითხავ წიგნს, თბილ პლედს, სველ ხელსახოცებს, დღიურსა და კალამს ერთად მოუყრით თავს. მსგავსი მზრუნველობა ნებისმიერ ადამიანს ძალიან გაახარებს.

• ნივთები პატარა ხელჩანთისთვის

ხელჩანთის გასავსებად საჭირო ისეთი ყოველდღიური ნივთები, როგორებიცაა საღეჭი რეზინი, შოკოლადის ბატონი, კალამი, ხელის სადეზინფექციო საშუალება და სხვა წვრილმანები კოსმეტიკურ ჩანთაში მოათავსეთ და საჩუქარიც მზად გაქვთ.

• ხელისა და ფეხის მოვლის საშუალებები

ქალბატონებს ხელისა და ფეხის მოვლის საშუალებების საჩუქრად მიღება ძალიან სიამოვნებთ. დიდი კალათა შეიძინეთ, რომელიც ფრჩხილისა და კანის მოვლის ხარისხიანი და ჯანსაღი საშუალებებით გაავსეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შეგიძლიათ აჩუქოთ.

• თბილი ბალიშები

ზამთარში თბილი ბალიშების ჩუქებით ნებისმიერ ადრესატს გაახარებთ. ეცადეთ, მომცრო ზომის და ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული ბალიშები შეარჩიოთ. 


მომზადებულია lifeasmom.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად