Baby Bag

დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი

დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი

D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობა და ჰიპერკალცემია, - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტობრივად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით.

დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი:

  • ტოქსიკოზი ვითარდება, როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, როგორც წესი, დანამატის სახით
  • D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი
  • ტოქსიკურობა, როგორც წესი, ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიკურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც
  • D ვიტამინი არის ელემენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ, როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება, რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება.
სიმპტომები და დიაგნოზი

D ვიტამინით გამოწვეული სიმპტომები პირდაპირ დაკავშირებულია კალციუმის მომატებულ რაოდენობასთან სისხლში.

ეს სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, სისუსტე და ძვლის ტკივილი.

დროთა განმავლობაში კალციუმის დამატებითმა, მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია, განაპირობოს არტერიებში და რბილ ქსოვილებში კალციუმის ჩალაგება, დეპოს სახით, იმის მაგივრად, რომ ეს მოხდეს ძვლებში (რადგან ფიზიოლოგიურად ვეღარ ხდება ჭარბი რაოდენობით კალციუმის ჩალაგება ძვლებში - მარაგი უკვე შევსებულია).

საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა შესაძლებელია, განაპირობოს თირკმელებში ქვების გაჩენა და გულის დაზიანება. ეს შესაძლებელია განვითარდეს ნელა, წლების განმავლობაში, ხოლო ტოქსიკურობის სიმპტომები მოკლე პერიოდში.

ჩატარებული მეტა-ანალიზითა და სისტემური მიმოხილვით ვერ იქნა ნანახი D ვიტამინის დანამატის სახით მიღების სარგებელი.
ხოლო იმ კვლევებში, რომლებმაც ეს ეფექტი გამოავლინეს, აღინიშნებოდა მაღალი ტენდენციურობა, მაღალი შეფასების სისტემური შეცდომა (high risk of bias), ხშირად ინტერესთა კონფლიქტი (conflict of interest) და რაც მთავარია - კვლევების ჰეტეროგენურობა (heterogeneity).

დღიური რეკომენდირებული ნორმები - RDA (Recommended Dietary Allowance) - By NIH

სამწუხაროდ, ხშირად თვითმკურნალობის საფუძველზე, მაგრამ ასევე ხშირად ექიმის დანიშნულებით, ხდება არასწორი დოზირება - D ვიტამინის, ზედოზირება.
ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს იღებს ორი გზით - ულტრაიისფერი სხივებით (მზის სხივები) და კონკრეტული საკვების მიღებით.

არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ მოხდეს D ვიტამინის გამომუშავება. ამისათვის სრულიად საკმარისია - მაგალითად 15-20 წუთით დღეში მხოლოდ სახეზე მზის სხივების მოქმედება.

NIH-ის რეკომენდაციით უმეტეს ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღეში 600 ერთეული (IU) D ვიტამინი.
70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას - 800 ერთეული (IU).

D ვიტამინის დანამატების ბუმი

2006-დან 2014 წლამდე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოიხმარდნენ 4000 ერთეულ (IUs) D ვიტამინს დღიურად გაიზარდა 0.5%-დან 3%-მდე. ეს მაჩვენებლები 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება (2017 study in the Journal of American Medicine, which pulled data from 39,000 participants in the National Health and Nutrition Examination Survey).

ასევე ამ კვლევის მიხედვით, იმავე პერიოდში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღიურად მოიხმარდნენ 1000 ერთეულს (IUs) - გაიზარდა 1%-დან 18%-მდე.

აქედან გამომდინარე D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და შესაძლოა, საგანგაშოც გახდეს.

P.S „უფრო მეტი არ ნიშნავს უკეთეს თუ არ გინდა რომ თირკმელებში ქვები გაგიჩნდეს“.

ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ყველა მაკრო და მიკროელემენტის დღიური რეკომენდებული რაოდენობის გარანტირებულად მიღება და ათვისება, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

D ვიტამინის კონტროლის და შემდეგ დანამატის სახით დანიშვნის ბუმი რომ არის ქვეყანაში, ეს ფაქტია.

ვერცერთმა რანდომიზირებულმა-კონტროლირებადმა კვლევამ (RCT) ვერ აჩვენა D ვიტამინის დეფიციტის ასოცირება ჯანმრთელობის  სხვადასხვა პრობლემასთან და რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას, მისი დეფიციტის დროს დაფუძნებულია მოძველებულ RCT-ების ჩატარებამდე პერიოდზე“, - აღნიშნულია ექიმ ზაზა თელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძემ წონაში კლების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა:

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში. არარაციონალური კვება და ჭარბად ცხიმისა და ტკბილის მიღება იწვევს წონაში მომატებას. უფრო მინდა ყურადღება გავამახვილო არასწორ დიეტებზე. რაც უფრო მწირია დიეტა, რაც უფრო ნაკლებად მრავალფეროვანია, მით უფრო რთულდება წონაში კლება. როდესაც ორგანიზმი ხედავს, რომ მისთვის საჭირო ძვირადღირებული საწვავი, როგორიც არის კარგი ცხიმი, ნახშირწყალი, კეთილი ცხიმები,  ვიტამინები ცოტა შემოდის, მას ერთვება შიში, პანიკა. ორგანიზმი ცდილობს ცხიმის მობილიზებას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პრაქტიკულად შიმშილობს, წონაში კლება აღარ ხდება.

ასეთი მითიც არის, რომ პაციენტს ეშინია ვიტამინის მიღება. ფიქრობს, რომ წონაში მოიმატებს, მადას მოამატებინებს. თუ არის ვიტამინის დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლა ისე სწრაფად აღარ წარიმართება. ყველა ვიტამინი კი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, არამედ კონკრეტულად ის ვიტამინი, რაც აკლია. ავიღოთ რკინადეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტი ავითარებს ჟანგბადის უკმარისობას ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ჟანგბადის უკმარისობაა, ჩვენი ორგანიზმი გვთხოვს, რომ შაქარი მაინც მომეცი, თუ ჟანგბადი არ მაქვს, რკინა არ მაქვს. ამ დროს ძლიერდება მოთხოვნილება საკვებზე, ტკბილზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. დიეტოთერაპია არ მოიცავს მხოლოდ საკვები რაციონის ცვლილებას. ის მოიცავს სწორ კვებას, სითხით დატვირთვას, ფიზიკური აქტივობით დატვირთვას და მოწესრიგებულ ძილს. ეს ჯამში არის სწორი, რაციონალური კვება,“- მოცემულ საკითხზე ნინო ლომთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


წაიკითხეთ სრულად