„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ერთბაშად ცივ წყალში რომ ვაბანაოთ ბავშვი, რომელიც სითბოშია გაზრდილი, ეს იმუნიტეტს არ გააკაჟებს,“ - ეკა უბერი
პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვის ვირუსული ინფექციებით ავადობისა და იმუნიტეტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის საჭირო:
„ძალიან ხშირად მშობელი მეკითხება: „ოთხი დღეა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, მივცე ანტიბიოტიკი?“ ცხელება აბსოლუტურად არ არის ჩვენება ანტიბიოტიკის მიცემის. ვირუსული ინფექციები შესაძლებელია მიმდინარეობდეს მაღალი ტემპერატურით. ამ შემთხვევაში ექიმი წყვეტს, გარკვეული კვლევების შემდეგ მიეცეს თუ არა ანტიბიოტიკი ბავშვს. ძალიან ხშირად მე არ მჭირდება ხოლმე ანტიბიოტიკი, რადგან აღმოჩნდება, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია და მას თვითლიკვიდაცია, თვითგანკურნება ახასიათებს.“
ეკა უბერის თქმით, ცივი წყლით გაკაჟებას თავისი ტრადიცია სჭირდება და მისი ხელაღებით გამოყენება რეკომენდებული არ არის:
„რაც შეეხება ცივი წყლით გაკაჟებას, ჩრდილოეთის ქვეყნებში არის ასეთი ტენდენცია და მას თავისი ტრადიცია სჭირდება. ასე ერთბაშად გადავწყვიტოთ, რომ მოდი, ცივ წყალში ვაბანაოთ ბავშვი, რომელიც სითბოშია გაზრდილი, ოთახის ტემპერატურა მაღალია, სადაც სძინავს, თბილად ჩაცმას არის მიჩვეული და უცებ გადავწყვიტოთ, რომ მოდი, ცივ წყალში ვაბანაოთ, მოკლე მკლავიანი პერანგით ვატაროთ, როდესაც ტემპერატურა დაბალია, ეს, რა თქმა უნდა, იმუნიტეტს არ გააკაჟებს. ასე პირიქით, უფრო სავალალო შედეგებამდე მივალთ, პირველ რიგში, მივალთ ავადობამდე.“
„გადაციება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება. შესაბამისად ჩვენი ლორწოვანი ადვილი მიმღებლობით ხასიათდება ვირუსების მიმართ და გაციების კლინიკური სიმპტომები ხელში გვაქვს. თუ ახალშობილობის პერიოდიდანვე არსებობს ტრადიცია, რომ შედარებით გრილ წყალში აბანაოთ ბავშვი, თავიდანვე შედარებით თხლად ჩააცვათ, ხშირად ანიავოთ ოთახი, ოთახის ტემპერატურა, სადაც ბავშვს სძინავს 20-30 გრადუსს არ აღემატებოდეს, ოთახი კარგად ტენიანდებოდეს, რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს იმუნიტეტის გაჯანსაღება მოაქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა უბერმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.