„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების ჩაცმისას მშობლების მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოჭერილი ტანსაცმელი ბავშვს არ უნდა ჩავაცვათ:
„ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა არის მოძრაობის შეზღუდვა. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არანაირი მოჭერილი ტანსაცმელი. ეს არის დისკომფორტი. ბავშვს უნდა ჩავაცვათ რაც შეიძლება ხალვათად, რაც შეიძლება მინიმალური ტანსაცმელი. ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე. გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს სცივა, მიაფარეთ, სავალალოა. ხდება გადახურება, ორგანიზმი აორთქლებს დიდი რაოდენობით სითხეს. როდესაც აორთქლება ვერ შველის, რთავს დაცვის სისტემას, რომელიც არის ოფლდენა. ოფლი არის მკვეთრი დანაკარგი როგორც სითხის, ასევე მინერალური მარილების.“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მშობლები ღამით ბავშვებს ზედმეტად ბევრს აცმევენ, რაც ორგანიზმში სითხის დაკარგვას უწყობს ხელს:
„ბევრი ჩაცმა ახასიათებთ განსაკუთრებით ღამე, საბნის ქვეშ. მეუბნებიან „იხდის ბავშვი.“ რადგან იხდის, ე.ი. სცხელა. ამას ბევრი განმარტება არ უნდა. აორთქლებული სითხე დიდი დეფიციტია ორგანიზმისთვის. ჩვილის სხეულის 92 % არის სითხე. რაც უფრო ასაკში შევდივართ, ვშრებით. ასაკოვანმა ადამიანმა და ჩვილმა ერთნაირად რომ დაკარგონ სითხე, ბავშვისთვის უფრო სავალალოა, იმიტომ, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.“
„შემოსულია ასეთი ფენომენი, რომ წყალი არ უნდა ბავშვს. რეალურად ძუძუზე მყოფ ბავშვს, თუ მისი ჩაცმულობა და გარემო პირობები არის ოპტიმალური, არ სჭირდება წყალი. თუმცა ხშირად ეს მეორე ნაწილი დარღვეულია. ამიტომ ძალიან მარტივია, რომ ვცადოთ, წყალი მივაწოდოთ, იქნებ დალიოს. ნებისმიერი გამოშრობა იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას, რაც მოძრაობით აქტივობას აქვეითებს. ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.