„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
3 შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის რთული ქცევის მართვისას უშვებენ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის რთული ქცევის მართვის დროს დაშვებულ სამ უმნიშვნელოვანეს შეცდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსები მეტისმეტად არიან ფოკუსირებულები ნეგატიური ქცევის ჩახშობაზე, რაც არასწორია:
„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძირითად შეცდომებზე, რომელსაც მშობლები უშვებენ რთული ქცევის პრევენციისა და მართვისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის დამოკიდებულება რთული ქცევის მიმართ. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ეს ქცევა. ვცდილობთ, რომ ის ჩავახშოთ, ჩვენთვის არის დამანგრეველი და გამაღიზიანებელი. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ამ ქცევას, არ უნდა ჩავახშოთ ასე და არ უნდა იყოს ჩვენი მტერი ბავშვის ეს ქცევა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვს იმაში, რომ მან თვითონ მოახერხოს თავისი ემოციის დაძლევა, იმედგაცრუების დაძლევა და რთულ სიტუაციასთან გამკლავება. ჩხუბი, დაყვავება, მოფერება და მსგავსი დამოკიდებულებები არ ჭრის. რაც უფრო ფოკუსირებული ვართ რთულ ქცევაზე, მით უფრო რთულდება ეს ქცევა. ყველაზე კარგი სტრატეგიაა იგნორირება, თუ ბავშვს ამ დროს არ აწუხებს რაიმე ფიზიკური.“
თამარ გაგოშიძის თქმით, თავისუფალი ადამიანის აღსაზრდელად წესებისა და შეზღუდვების დაწესება აუცილებელია:
„მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა არის ფიქრი იმის შესახებ, რომ ბავშვი უნდა გავზარდოთ თავისუფალ პიროვნებად და ამიტომ წესებს და შეზღუდვებს მას ვერ დავუწესებთ. თუ ჩვენ არ დავაწესეთ წესები, თუ არ დავუწესეთ ბავშვებს საზღვრები, ბავშვი ვერასდროს მიეჩვევა თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ამაში მას გარემო უნდა დაეხმაროს. ბავშვს გარემო უნდა დაეხმაროს არა ძალადობრივად, არა ყველაფრის უფლების მიცემით, არამედ იმით, რომ მან თვითონ გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მის რთულ ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა წინასწარ იცოდეს და შეთანხმებული გვქონდეს მასთან, თუ რა საზღვრებში მოუწევს მას მოქმედება, რა არის ის წესი, რომელიც მან უნდა შეასრულოს.“
„მესამე შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ შვილებთან დაკავშირებით, ეს არის დამოკიდებულება, რომ შვილებს უნდა ავარიდოთ უარყოფითი ემოციები. კი არ უნდა უარვყოთ ბავშვის ნეგატიური ემოციები, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მას, რომ თვითონ გამოხატოს ეს ემოციები, დაარქვას სახელი ემოციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, როდის სწყინს, როდის უხარია, როდის ღელავს, როდის არის გაღიზიანებული. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ სახელი დაარქვას ემოციებს, გაამატერიალუროს ისინი. ეს ბევრად გაუადვილებს მასაც და ჩვენც გაგვიადვილებს ამ ემოციების მართვას,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.