„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“- თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ბულინგისა და ჩაგვრის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრობლემას სკოლა და ოჯახი ერთად უნდა დაუპირისპირდეს:
„მასწავლებელს, რომელსაც ცხოვრება არ უხარია, აქვს შეხება ბავშვთან და ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. არც იმას აღარ უხარია ცხოვრება. ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვაქვს ერთი მიზეზი. ჩაგვრა კომპლექსური რამ არის. როდესაც ჩაგვრის ფაქტი მოხდება, მშობელი უნდა გაერკვეს, რა ხდება. მშობელს უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მასწავლებელთან. ეს მჭიდრო კონტაქტი არ ნიშნავს დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლობა არ ვიცით, არ ვიცით ფაქტებზე დაფუძნებული ურთიერთობა. წინასწარ უკვე განწყობილი მიდიხარ საჩხუბრად, არ გაინტერესებს იქ რა ხდება. ბავშვისთვის შეთავაზება, რომ შენ თვითონ გაარკვიე და შენს თავს თვითონ მიხედე, არ გამოდის, სამწუხაროდ.“
თამარ გაგოშიძის თქმით, საქართველოში პედაგოგიკა არ არსებობს, რაც სავალალო შედეგების მომტანია:
„პედაგოგიკა ამოღებულია ჩვენს ქვეყანაში. არავინ არ იცის, როგორ გაზარდოს ბავშვი. არც მასწავლებელმა არ იცის პედაგოგიკა, ძალიან ვწუხვარ. პედაგოგიკა არ არის ძალადობა ბავშვზე, არც ჩხუბია, არ ყვირილია. პედაგოგიკა არის დადებითი მაგალითები ბავშვისთვის. ჩვენ რას ვასწავლით ოჯახსა და სკოლაში ბავშვს?! ის უნდა იყოს პირველი, უნდა გადაუაროს ყველას, უნდა გახდეს მინისტრი, მდიდარი, გავლენიანი, უნდა ჰყავდეს გავლენიანი მეგობრები. რას გრძნობს ეს ბავშვი? ჩვენ ეს არ ვიცით.“
„მშობლები შვილებს ყოველ წუთში სურვილს არ უნდა უსრულებდნენ. ეს გრძელდება გარდატეხის ასაკის ჩათვლით. საქართველოში მშობელი თვლის, რომ ბავშვი არ უნდა გაანერვიულოს, ბავშვმა არ უნდა იდარდოს. იგულისხმება, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო არ უნდა იდარდოს. მშობლები ყველაფერს უსრულებენ შვილს. რატომ არ გვაქვს პედაგოგიკა? მე ყველაფერს ვუსრულებ ჩემს შვილს, რადგან მეშინია, რომ არ დაიჩაგროს. ბავშვმა მითხრა, კანფეტი მიყიდე, მეც მაშინვე უნდა ვუყიდო. ბავშვის ტვინი ჩარჩოს დადებას არ სწავლობს. ბავშვი ნებელობას სწავლობს აღზრდის შედეგად. მე, მშობელი კი ვუსრულებ ყველა მოთხოვნილებას ბავშვს, ვცდილობ, ცივი ნიავი არ მივაკარო, მაგრამ ცხოვრების, ეგზისტენციის უფლებას არ ვაძლევ დამოუკიდებლად. ის არის ჩემი მონა და ამავე დროს თავისი მოთხოვნილებების მონა. მე ყველა მოთხოვნილებას ვუსრულებ, მაგრამ იმ წესით უნდა იცხოვროს, რომელიც მე მინდა. ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.