„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ზედმეტი ვითომ მეცადინეობით შეიძლება გადავღალოთ და გამოვფიტოთ ბავშვი მშობლებმა,“ - თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ მოზარდებში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლენის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სისუსტესა და გადაღლას ბავშვებში არასწორი დღის რეჟიმი იწვევს:
„ბავშვები გახდნენ უკვე ეკრანდამოკიდებულები. თუ გამოიძინებს ჯანმრთელი ადამიანი 7-9 საათის განმავლობაში, მეორე დღეს ჩვეულებრივი ენერგიით აღდგება ყველაფერი. თუ მოზრდილებზე ვალაპრაკობდით ჩვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე, სამწუხაროდ, ბავშვები გაჯეტდამოკიდებულების დროს, როდესაც ჩაბნელებულ სივრცეში იყენებენ მას, დილას იღვიძებენ გამოუძინებლები. ბავშვი დილით საკვებს ვეღარ იღებს.“
თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებს ყველაზე ხსირად სისუსტე და ადვილად გადაღლა აწუხებთ:
„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვი სკოლაში ერთი დანიშნულების ადგილიდან 15 კილომეტრით გადაადგილდებოდეს. როდესაც სკოლის ავტობუსებით დადიან ბავშვები შორ მანძილზე სკოლაში, საკმაოდ ხშირად თვლემენ. შემდეგ ამ სიმტომებით მოდის მშობელი, რომ ბავშვს აქვს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. ეს მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წარვმართავთ ბავშვის დღის რეჟიმს. ეს არის ძირითადი სუბიექტური ჩივილი, რომელიც ღრმა ჩაკითხვით და ანამნეზის სწორად შეკრებით შეიძლება ელემენტარულად მოვაგვაროთ.“
„ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, სხვადასხვა მასწავლებელთან. სკოლას დაამთავრებს ბავშვი გახანგრძლივებულით ოთხ საათზე, შემდეგ არის ინგლისური, მათემატიკა, ისტორია, ხუთი საგანი კიდევ დამატებით. არის დატვირთული რეჟიმი. არ შეიძლება, რომ მეხუთე-მეექვსე კლასელი ბავშვი ამით დავტვირთოთ. ჩვენ მივიღებთ გამოფიტვას, ეს დაუკავშირდება საერთო სისუსტეს, დაღლილობას. სულ ვამბობ, რომ თუ ადრე ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე ვსაუბრობდით 18 წლის შემდგომ, უკვე თინეიჯერულ ასაკშიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. შეიძლება ჩვენს გადავღალოთ მშობლებმა ზედმეტი ვითომ მეცადინეობით, გამოვფიტოთ ბავშვი ან თვითონ ამ ეკრანდამოკიდებულებით გადაიღალონ ბავშვები,“ - აღნიშნულ საკითხებე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.