„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ვის არ უნდა გაუკეთდეს აცრა? - ალერგოლოგი ბიძინა კოლუმბეგოვი
ბიძინა კოლუმბეგოვი „იმედის დღეში“ ვაქცინაციით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზე საუბრობს და განმარტავს, ვისთვის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება:
„მოდი, სწორად ჩამოვაყალიბოთ, ვის არ უნდა გაუკეთდეს აცრა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანაფილაქსიური რეაქციები ყველაზე იშვიათი არის სწორედ ვაქცინებზე. მილიონი დოზიდან მხოლოდ ერთი იწვევს მსგავს რეაქციას, ეს არის ძალიან მცირე სტატისტიკა. თუ ანაფილაქსია დაფიქსირდა, ვაქცინაცია წყდება ასეთ პაციენტთან. ალერგოლოგი მერე ეხმარება ოჯახს და მშობელს. შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, როდესაც ძაღლმა დაგიკბინათ ან კატამ გაგიკაწრათ ბავშვი და აუცილებლობის წინაშე დადექით, რომ ცოფის ვაქცინა გაუკეთოთ ბავშვს. თუ რაიმე ვაქცინაზე ბავშვს ჰქონდა ალერგიული რეაქცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ალერგოლოგის კონსულტაცია. თუ რეაქცია სხვა ვაქცინაზე იყო, ცოფის ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს, რა თქმა უნდა.“
ბიძინა კოლუმბეგოვის თქმით, ადამიანებს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე უვლინდებათ:
„ ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქცია არის ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე, იმ შემავსებლებზე, რომლებიც ვაქცინებშია. ყველაზე ხშირი შემავსებელი არის კვერცხის ოვალბუმინი. წიწილის ემბრიონზე იზრდება წითელას, წითურას და ყბაყურას ვირუსი, გრიპის ვირუსის კულტივირებაც სწორედ წიწილის ემბრიონზე ხდება. მას მოაქვს ვაქცინაში მინიმალური რაოდენობის კვერცხის კომპონენტი. თუ თქვენს შვილს აქვს კვერცხის მიმართ ალერგია, კვერცხი მიეცით და ლოყა გაუწითლდა, გამოაყარა, ამ შემთხვევაში ალერგოლოგის კონსულტაციის გარეშე ამ ტიპის ვაქცინის გაკეთება მაღალი რისკის შემცველია. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ბავშვს დაუდასტურდა ალერგია, მაგრამ წითელა, წითურა, ყბაყურის ვაქცინა მაინც გაუკეთდა. ალერგოლოგიური წესების დაცვით მაინც გაკეთდა ვაქცინა. ორი, სამი და ოთხი თვის ასაკში კეთდება ის ვაქცინები, რომლებშიც კვერცხის კომპონენტი საერთოდ არ შედის. კვერცხის კომპონენტი შედის წითელა, წითურა, ყბაყურას აცრაში.“
ბიძინა კოლუმბეგოვის თქმით, კვერცხის კომპონენტი დიდი რაოდენობით გვხვდება გრიპის ვაქცინაშიც:
„ახლა სეზონში ვართ, ყველა გვეკითხება გრიპის ვაქცინა გავაკეთოთ თუ არა. გრიპის ვაქცინაშიც არის კვერცხის კომპონენტი მაღალი. ბევრ ვაქცინაში სტაბილიზატორად გამოიყენება ცხოველური წაროშობის ცილა - ჟელატინი. ჟელატინიც შეიძლება იყოს ალერგიის ერთ-ერთი მიზეზი. თუ თქვენ ამ ტიპის ტკბილეულზე თქვენს შვილს ალერგიას ამჩნევთ, ხუთი წლის ასაკში ვაქცინის გაკეთებისას, გაიარეთ ალერგოლოგის კონსულტაცია. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ საფუარის ალერგია. საფუარი შედის ორი აცრის კომპონენტში: B ჰეპატიტი და პაპილომა ვირუსის აცრა. ტეტანუსი-დიფტერიისა და დიფტერია-ტეტანუსის აცრაში არის კაზეინის ნარჩენის წილი. ჩვენ გვყავს საახლობლოში ადამიანები, ვისაც მაღალი სენსიბილიზაცია აქვთ რძის მიმართ. რძის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტს ამ ვაქცინის გაკეთებისას სიფრთხილზე სჭირდება. ჩვენ შეიძლება რეაქცია ვაქცინას მივაწეროთ, ამ დროს რეაქცია არის მასში შემავალი კომპონენტის მიმართ.“
„ვაქცინაციის კალენდრის დარღვევა არ ნიშნავს, რომ ვაქცინა წყალში ჩაიყარა. ვაქცინის არც ერთი დოზა არ იკარგება. მთავარი ისაა, რომ 2-3-4 თვის ასაკში გაკეთებული აცრით იმუნიტეტი მიუახლოვდება 90 %-ს, წლი-ნახევრისას რომ გაუმეორდება, გახდება 97 %-ს. ხუთი წლის ასაკში 99,9 გახდება ეს მაჩვენებელი,“ - აღნიშნავს ბიძინა კოლუმბეგოვი.