„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება - ის გრიპის თანმდევი ნიშანია!“- პედიატრი გრიპის ვირუსზე
როგორ გამოვიცნოთ გრიპი და რას ნიშნავს ლათინური ასოები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, - აღნიშულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები უკვე განვიხილეთ. ისიც ვთქვით, რომ მათი რაოდენობა 300-მდეა, მათგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით და გართულებებით გრიპი ხასიათდება. ზამთართან ერთად აქტიურდება სწორედ გრიპის ვირუსი, რაც საქართველოში ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ვრცელდება, პიკით ზამთრის თვეებში.
რას ნიშინავს ლათინურენოვანი ასოები და აბრევიატურები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით
არსებობს 3 ტიპის გრიპი. მათ A, B, C ასოებით ავღნიშნავთ. ჩამოთვლილი ვირუსებიდან ეპიდემიებსა და პანდემიებს იწვევს პირველი ორი, მესამე მხოლოდ ერთეულ შემთხვევევებშია ბრალდებული. A ტიპის ვირუსს ქვეტიპებიც აქვს. ამას განსაზღვრავს ის ცილები, რაც ვირუსების ზედაპირზეა განთავსებული - ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. მათი ცვლილებები განაპირობებს გრიპის ვირუსის ცვლილებებსაც. შესაბამისად, აბრევიატურები - H1N1 და H3N2 აღნიშნავს A ტიპის ვირუსiს ქვეტიპებს. არსებობს სეზონური გრიპი და პანდემია. სეზონური გრიპი სეზონური აფეთქებების სახით ვლინდება ზამთრის თვეებიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით ზომიერი კლიმატის ქვეყნებში, მის მიმართ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი, ამიტომ ეს ვირუსი ფართოდ არ ვრცელდება. გართულებები ვლინდება ადრეული ასაკის ბავშვებში, მოხუცებსა და იმ პირებში, რომელთაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ. პანდემიური გრიპი უფრო იშვიათია და პლანეტაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება. მოსახლეობს არ აქვს ამ ვირუსის მიმიმართ იმუნიტეტი. გართულებები შესაძლებელი აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს და არა მარტო რისკ-ჯგუფებს. კაცობრიობას ყველაზე მძიმე პანდემია 1918-19 წლებში ახსოვს და ის ისტორიაში „ისპანკის“ სახელწოდებით შევიდა. ბოლო პანდემია პლანეტაზე 2009 წელს აღინიშნა.
როგორ გამოვიცნოთ გრიპი?
დაავადება იწყება მწვავედ თავის, თვალბუდეების, სახსრების ტკივილით, შემცივნებით, მაღალი ცხელებით, რაც უხშირესად 4-5 დღეს გრძელდება, თუმცა ამ სეზონზე შეიმჩნევა ცხელების გაგრელება 6-7 დღემდეც. ხშირად დამახასიათებელია ცხელების ორფაზიანი მიმდინარეობა - ერთდღიანი ნათელი, უსიცხო პერიოდის შემდეგ ცხელება კვლავ განახლდება. აღნიშნულს თან ერთვის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან სისხლდენა, მიდრეკილება წნევის დაქვეითებისა და გონების დაკარგვისაკენ. უხშირესი გართულებები ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს კრუპის სინდრომი, მწვავე ბრონქიტი, პნევმონია.
უმკურნალეთ გრიპს ბინაზე
მიეცით თბილი სითხეები გაზრდილი რაოდენობით; საჭირო შემთხვევაში ექიმი ეფექტურ ანტივირუსულ პრეპარატს დანიშნავს; მართეთ ცხელება 38,5 და მეტი ტემპერატურის არსებობისას, ამ მიზნით გამოიყენეთ პრეპარატების ორი ჯგუფი - პარაცეტამოლი და იბუპროფენი; ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება - ის გრიპის თანმდევი ნიშანია! იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ბავშვი ვერ იღებს სითხეებს, აღებინებს კვების და /ან სითხეების ყველა მიღების შემდეგ, აქვს გამოხატული ძილიანობა, კრუნჩხვა, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ საავადმყოფოს.
დაიცავით საკუთარი თავი და პატარები
არ გაუშვთ ბავშვი საბავშვო ბაღსა და სკოლაში, რითაც დაიცავთ თქვენს პატარას გართულებებისაგან, მის სხვა თანატოლებს კი ინფიცირებისაგან; ხშირად დაიბანეთ ხელები; დღის მანძილძე ხშირად განიავეთ ოთახები; არ გამოიყენოთ ავადმყოფის პირადი ნივთები - ჭურჭელი, პირსახოცი, ცხვირსახოცი; გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი; გახსოვდეთ, გრიპის ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკა ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციაა, რაც რეკომენდებულია ჩატარდეს გრიპის სეზონის დადგომამადე,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.