Baby Bag

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ - 7 საინტერესო ფაქტი პირველი კბილების შესახებ

6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ - 7 საინტერესო ფაქტი პირველი კბილების შესახებ
გთავაზობთ 7 საინტერესო ფაქტს პირველი კბილების შესახებ. 

1. ბავშვების უმეტესობას პირველი კბილი 6-დან 12 თვემდე ​ამოსდის

ბავშვებს პირველი კბილი სხვადასხვა ასაკში ამოსდით. შესაძლოა, თქვენს პატარას თავის პირველ დაბადების დღეზე არცერთი კბილი არ ჰქონდეს. სამი თვის ასაკიდან ჩვილები თითების პირში ჩაყოფას სწავლობენ. მათ მომატებული ნერწყვდენაც აღენიშნებათ. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფა კბილების შესაძლო ამოსვლაზე მიანიშნებს, თუმცა პატარების უმეტესობას პირველი კბილი ექვსი თვის ასაკამდე არ ამოსდის. პირველად, როგორც წესი, ჩვილებს ქვედა საჭრელი კბილები ამოსდით. კბილების ამოჭრის პროცესი საბოლოოდ 3 წლის ასაკში სრულდება, როდესაც ბავშვს ყველა კბილი ადგილზე აქვს.

2. 6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ

ფტორი სასარგებლო მინერალია, რომელიც კბილის მინანქარს დაზიანებისგან იცავს და კარიესის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ფტორი სასმელ წყალშიც გვხვდება. სოლიდური კვების დაწყებისთანავე, ბავშვს მცირე რაოდენობით ისეთი წყალი ასვით, რომლის შემადგენლობაში ფტორი შედის. წყალი, რომელსაც ბავშვისთვის ყიდულობთ, შესაძლოა, ფტორს არ შეიცავდეს. ვიდრე ბავშვისთვის ფტორის დანამატის მიცემას გადაწყვეტდეთ, რჩევისთვის პედიატრს მიმართეთ.

3. ღრძილების მასაჟი, გრილი მასაჟორები ან საბავშვო ტკივილგამაყუჩებლები პატარას დისკომფორტის დაძლევაში დაეხმარება

როგორც წესი, კბილების ამოსვლა პატარას სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის, თუმცა რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროცესი, შესაძლოა, ტკივილისა და უსიამოვნებების გამომწვევიც აღმოჩნდეს. ბავშვებს ღრძილები უმაგრდებათ, ექავებათ, დიდი რაოდენობით ნერწყვი სდით და ხასიათი უფუჭდებათ. პატარას მდგომარეობის შესამსუბუქებლად ღრძილები სუფთა თითებით დაუმასაჟეთ, ან გამოიყენეთ სპეციალური ღრძილის მასაჟორი. თუ ტკივილი ძალიან შემაწუხებელია, ბავშვს სპეციალურად ჩვილისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებელი მიეცით. თუ პატარას სიცხე აუწევს და ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა ავა, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად გამოიყენეთ.

4. არასდროს გამოიყენოთ სპეაციალურად კბილის ამოჭრისთვის განკუთვნილი აბები, ბენზოკაინის შემცველი გელები, ჰომეოპათიური გელები და აბები

ნუ გამოიყენებთ აბებს, რომლებიც ბელადონას ექსტრაქტს შეიცავს ან გელს, რომლის შემადგენლობაში ბენზოკაინი შედის. ბელადონა და ბენზოკაინი ტკივილს ამსუბუქებს, თუმცა ორივე მათგანს ძალიან ბევრი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია, რის გამოც ჩვილებთან მათი გამოყენება დაუშვებელია.

5. პატარას კბილები დღეში ორჯერ გაუხეხეთ

როდესაც თქვენს შვილს კბილები ამოუვა, ჰიგიენის წესების დაცვაზე უნდა იზრუნოთ. თავდაპირველად ფტორის შემცველი კბილის პასტით დაიწყეთ კბილების გახეხვა. ცხადია, პასტა მინიმალური რაოდენობის უნდა იყოს. ბავშვებს კბილის გახეხვაში 6 წლის ასაკამდე თავად უნდა დაეხმაროთ. გააკონტროლეთ, რა რაოდენობის კბილის პასტას იყენებს პატარა და რამდენად სწორად იხეხავს კბილებს. როდესაც ბავშვი წერას ისწავლის, ის კბილების გახეხვას დამოუკიდებლადაც შეძლებს.

6. საჭიროების შემთხვევაში ბავშვს კბილების ფტორირების პროცედურა ჩაუტარეთ

რეგულარული ვიზიტების დროს პედიატრი თქვენი შვილის კბილებს აუცილებლად შეამოწმებს. ის კბილებისა და ღრძილების მოვლისა და გაჯანსაღების მეთოდებზეც გაგესაუბრებათ. სასურველია, პატარებს კბილების ფტორირების პროცედურა ადრეულ ასაკშივე ჩაუტარდეთ. თუ ბავშვისთვის სტომატოლოგი შერჩეული გყავთ, შეგიძლიათ აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას მიანდოთ. ფტორირების პროცედურა კბილებს ფტორით ამდიდრებს, რაც კარიესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

7. ერთი წლის ასაკში ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანეთ

ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ. სასურველია, 1 წლის ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კბილები აბსოლუტურად ჯანსაღია და პატარას ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს. სტომატოლოგი კბილის მოვლის სპეციალური რუტინის შემუშავებაშიც დაგეხმარებათ და პირის ღრუს ჰიგიენის წესებსაც დეტალურად გაგაცნობთ. 

მომზადებულია HealthyChildren-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად