Baby Bag

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

5 ​ყველაზე გავრცელებული ჩივილი, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჩივილები, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

ბევრი კითხვა შემოდის იმის შესახებ, თუ რომელი ჩივილებია საყურადღებო, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, ამიტომ დღეს თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე შევაჩერებ. დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული ჩივილი შეიძლება ბევრი დაავადებისთვის იყოს დამახასიათებელი, ამიტომ მხოლოდ ჩივილით ზუსტი დასკვნების გაკეთება ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ შეუძლებელია. ქვემოთ განვიხილავ ყველაზე გავრცელებულ ჩივილებს, რის საფუძველზეც პაციენტი ხშირად ხვდება ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე.

1.წონის უეცარი ცვლილება - თუ თქვენ აღგენიშნებათ წონის უეცარი მატება ან კლება, რომელსაც რაიმე კონკრეტულ მიზეზს ვერ უკავშირებთ, აუცილებელია ასეთ დროს ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ნივთიერებათა ცვლის გამოსაკვლევად.

2. პირის სიმშრალე, მუდმივი წყურვილის გრძნობა, გახშირებული შარდვა ძალიან საყურადღებო ჩივილებია. ასეთ დროს დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით.

3. პულსის აჩქარება, გულის ფრიალი ან პირიქით გულის წუთმოცულობის შენელება, არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა - აღნიშნული ჩივილები შეიძლება ბევრ პათოლოგიას ახლდეს თან, ენდოკრინოლოგიური კუთხით კი ასეთ დროს გამოსარიცხია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

4. თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, უძილობა, გაძლიერებული ოფლიანობა - ყველაზე ხშირად გავრცელებული ჩივილებია, რომლის დროსაც რეკომენდებულია ენდოკრიონოლოგიური კუთხით კვლევების ჩატარება და ორგანიზმში ჰორმონალურ სპექტრთან ერთად მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების შემოწმება.

5. ჭარბთმიანობა, გამონაყარი კანზე, მენსტრუალური ციკლის რღვევა - საკმაოდ გავრცელებული ჩივილებია. ასეთ დროს რეკომენდებულია სასქესო ჰორმონების გამოკვლევა და მკურნალობის სწორი და დროული დაწყება სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად