დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ნაცრისფერი, მოყვითალო და თეთრი თმის მოშორება ლაზერული ეპილაციით უეფექტოა,“- ზაზა თელია
დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა:
„კავკასიურ ერში გენეტიკურად თმიანობასთან დაკავშირებით პრობლემებია და ჭარბთმიანობა გამოხატულია. სხვადასხვა მეთოდი არსებობს თმის მოშორების. უფრო მეტად განვითარებული არის ლაზერული ეპილაციის გაკეთება. ის ულტრაიისფერ სხივებს უშვებს, რომელიც უნდა დაიჭიროს თმამ. თმა სხივს იჭერს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მელანინი. თეთრი, ნაცრისფერი და მოყვითალო თმის მოშორება ლაზერული ეპილაციით უეფექტოა. ლაზერული ეპილაცია ასეთი ტიპის თმას ვერ აღიქვამს.“
ზაზა თელიას თქმით, ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტიანი არის მოთეთრო კანისა და შავი ფერის თქმის მქონე ადამიანებში:
„ყველაზე ეფექტიანი ლაზერული ეპილაცია არის იმ ადამიანებში, ვისაც აქვს მოთეთრო ფერის კანი და შავი ფერის თქმა. მუქი კანი როდესაც გვაქვს, მუქ კანში მელანინი მეტია. ის თანხვედრაში მოდის თმის მელანინთან. კანი იღებს იმ ულტრაიისფერ სხივებს და ეფექტიანობა ეცემა. ქერა და ჟღალი თმის შემთხვევაში ლაზერული ეპილაციის ეფექტიანობა ნულ პროცენტამდე ეცემა.“
„სარისკო ზონებად (კანის დამწვრობის, პიგმენტაციის განვითარება) ითვლება ნიკაპის ადგილი, ზედა ტუჩის ადგილი და ბიკინის ზონა. აქ უფრო სარისკოა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პიგმენტაცია უფრო მეტია. ამიტომაც არის, რომ გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება. ეს კანი გაჯერებულია მელანინით. ლაზერული ეპილაცია იქნება არაეფექტური და იქნება რისკი, რომ განვითარდეს გვერდითი ეფექტები. იმის მიუხედავად, რომ მარკეტინგულად ლაზერული ეპილაციის დროს გათვალისწინებულია, რომ ის 100%-ით აკეთებს თმის ამოსვლის ელიმინაციას, ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, 100%-იან შედეგს არ იძლევა არცერთი ეპილაცია,“ - აღნიშნა ზაზა თელიამ.