დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„სისხლძარღვებისთვის ძალიან კარგია შხაპის დროს წყლის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნათია თოდუა
დერმატო-ვენეროლოგმა ნათია თოდუამ ზამთარში შხაპის მიღების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურნელოვანი დასაბანი საშუალებების გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ:
„შხაპის დროს წყლის ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ, ცივისა და ცხელის მონაცვლეობამ, შეიძლება ხელი შეუწყოს კანის სიმკვრივეს და სისხლძარღვებისთვისაც ძალიან კარგია.“
ნათია თოდუას თქმით, მნიშვნელოვანია დასაბან საშუალებებში pH ბალანსი დაცული იყოს:
„მთავარი არის, თუ რას არ უნდა შეიცავდეს საპონი, რომელსაც შხაპის დროს ვიყენებთ. ეს არის ფრაგნანსი, რაც თქვენ ახსენეთ, ანუ ის, რაც სურნელებას აძლევს. დაცული უნდა იყოს pH ბალანსი. pH 5.5 არის ოპტიმალური გარემო კანისთვის და სასურველია, დაბანის დროს ვიხმაროთ ნეიტრალური საშუალებები. სჯობს, რომ დასაბან საშუალებებს სურნელება არ ჰქონდეს. როდესაც სურნელება არის დამატებული, იზრდება რისკი, რომ მშრალ კანზე გართულებები მეტი იყოს.“
„ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, შეგვიძლია შხაპის შემდეგ გავიდეთ სახლიდან, მაგრამ შხაპის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალი ორთქლდება კანის ზედაპირიდან, ამიტომ ძალიან მალე უნდა მოხდეს კანის დატენიანება, თუნდაც ნამიან ზედაპირზე. როდესაც კანი დატენიანდება, 15 წუთში მზად ვართ, რომ დავტოვოთ შენობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია თოდუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.