Baby Bag

მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა. მან ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომლებიც ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად არის კარგი:

„მოზარდს რადგან ეხება საქმე, მას უფრო მეტი საკვები ელემენტი სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს. მოზარდების საკვებ რაციონში უნდა იყოს თითქმის ყველაფერი, დაწყებული ცხიმოვანი მჟავებიდან, დამთავრებული ვიტამინებით, ოღონდ ​არა ხელოვნურად მედიკამენტების გზით, არამედ საკვების გზით. მე უფრო ხაზს გავუსვამ იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ავარჯიშებენ იმუნურ სისტემას, რომ პანდემიის დროს სხეული უფრო მომზადებული იყოს, მეორე მხრივ ვიტყვი იმ საკვებზეც, რომელიც ზრდის თავის ტვინის აქტივობას.“

პირველი პროდუქტი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ იმუნიტეტის გავარჯიშებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საკვებად დაასახელა იოგურტია:

„პირველ რიგში, ეს არის იოგურტი. ის არ არის ბოლომდე ათვისებული პროდუქტი. ბევრი მას საკვებად არ იყენებს, უფრო ზრდასრულები ვიყენებთ ხოლმე. მასში ბევრი პრობიოტიკია. ​ის შეიცავს ჩვენი მსხვილი ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიებს, როგორიც არის რძემჟავა ბაქტერიები და ბიფიდობაქტერიები. ეს ბაქტერიები მსხვილი ნაწლავის საშუალებით მთელი სხეულის იმუნურ სისტემას ავარჯიშებენ. თუ იოგურტი სახლშია მომზადებული, კიდევ უფრო უკეთესი. მისი დახმარებით ინფექციის ხანგრძლივობაც მცირდება. რა თქმა უნდა, იოგურტი კოვიდს ვერ დაამარცხებს, თუმცა სხეულის იმუნურ სისტემას გაზრდის.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, იმუნიტეტის გასაჯანსაღებლად ძალიან კარგი პროდუქტია სტაფილოც:

„ბევრს ჰგონია, რომ სტაფილო მხოლოდ მხედველობისთვის არის კარგი, რადგან A ვიტამინს შეიცავს. ასე არ არის. A ვიტამინი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, რომ ლეიკოციტებს ჰქონდეთ მაღალი აქტივობა. სტაფილოს წვენი ყოველ დილით ძალიან კარგი გამოსავალია.“

გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ კვერცხი მოზარდების რაციონში ყველაზე ღირებული პროდუქტია:

„ამ პროდუქტებს შორის ყველაზე ღირებული კვერცხია. ჯერ ერთი, ის საკმაოდ იაფია კვების კუთხით, მეორე, ყველაზე სასარგებლოა. კვერცხი ეს არის მომავალი ორგანიზმი, ამიტომ მასში ყველაფერია, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება. ​მასში არის D ვიტამინი, რომელიც ყველაზე კრიტიკულ როლს ასრულებს კოვიდის შემთხვევაში. ის დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, რომელიც კუნთების და ორგანიზმის ზრდისთვის არის საჭირო. მთავარია კვერცხი არ იყოს ისე შემწვარი, რომ შავი იყოს. მოხარშული სასარგებლო იქნება უფრო მეტად. თევზის სახით მიღებული ცილები უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხორცის სახით. ზრდასრულებისთვის ხორცი ნაკლებად სასარგებლოა, თუმცა ბავშვებისთვის სასურველია, რადგან ხორცში არგინინია. ეს ერთ-ერთი მერყევი ამინომჟავაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოიქმნება. “

მოზარდებისთვის სასარგებლო პროდუქტების ნუსხაში მოხვდა სოკოც, რომელიც გაციების დროს ბავშვს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება:

„პერიოდულად შეიძლება სოკოს მიღებაც. სოკო შეიცავს თუთიას და გაციება თუ იქნება, მისი ხანგრძლივობა შემცირდება სოკოს მიღების შემთხვევაში. ძალიან ცხადია ის ფაქტი, რომ ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი. ბავშვმა უნდა ჭამოს რაც შეიძლება ბევრი ციტრუსი, ​რაც შეიძლება ბევრი ვაშლი, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი. კარგია ნუშიც. ნუში სხვა პროდუქტებთან შედარებით საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ არ არის საუბარი, რომ კილოგრამებით ვაჭამოთ ბავშვს. ის E ვიტამინს შეიცავს, ასევე მაგნიუმს, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს იმუნურ სისტემას.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მოზარდებისთვის არის მოწესრიგებული ძილის რეჟიმი:

„ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ძილი. შვიდსაათიანი ძილი და ცხრასაათიანი ძილი განსხვავდება ერთმანეთისგან. ორი საათი საკმარისია, რომ სხეული დაირღვეს. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში იმუნური სისტემა ძალიან ქვეითდება. გამოუძინებელი ადამიანი იმპულსურია, აგრესიული ხდება, დეპრესიულია. ბავშვებში სასურველია, რომ ძილი რვა საათზე მეტიც იყოს. ისინი სულ სწავლობენ. რასაც სწავლობ, იმას გადახარშვა სჭირდება. ბავშვს თუ საკმარისად ძინავს, ამ დროს ძილის ჰორმონი გამოიყოფა, სხეულიც კარგად იზრდება.“

„შაქარს ჩვენ ყოველთვის ვერიდებით ხოლმე. ჩვენ გვინდა, რომ ​შაქარი მიღებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეების საშუალებით. შავი შოკოლადი ამ მხრივ გამონაკლისია. შავი შოკოლადის მიღება სასურველიც არის. ის ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ანთებას აქვეითებს. ის ასევე შეიცავს ფლავონოიდებს და ეხმარება თავის ტვინს,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)

როგორ შევამციროთ წნევა მედიკამენტების გარეშე - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მაღალ წნევასთან ბრძოლის არამედიკამენტოზური მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი კვებით ადამიანს წნევის 10-11 ერთეულით შემცირება შეუძლია:„ჯანსაღ კვებას შეუძლია შეამც...